ქრისტეშობისთვე, 2011 წელი

* * *
სულიერ კეთილშობილებას არ ახასიათებს მრავალსიტყვაობა (არც საქებარი, არც საძაგელი) -კონკრეტული საქმეებითა და თვალებით მეტყველებს უფრო.

* * *
სიტყვა სიკეთის შინაარსში ცხადდება ის, რომ სიკეთის ცოდნა მისი კეთებაა.

* * *
როგორიც არ უნდა იყოს ცხოვრება, კაცთათვის იგი სხვას არაფერს წარმოადგენს, თუ არა ღვთაებრივ გამოცდას.

გიორგობისთვე, 2011 წელი

* * *
მეგობრობა ნიჭია-თუ არ გაგაჩნია, ვერც აქეთ გიმეგობრებენ.
* * *

მეგობრობა სიყვარულის უსასრულო და უკიდეგანო კუთხიდან ერთობლივი ჭვრეტაცაა.
* * *

კაცობა არა მარტო მოწოდებაა, არამედ შინაგანი მდგომარეობაც

ღვინობისთვე, 2011

* * *
ეროვნულობა კაცობის ხარისხიცაა, რადგან სულიერად და კულტურულადაც განსაზღვრავს კაცთა შინაგან განვითარებას.

* * *
გრძნობები გულის სიტყვებია.

* * *
პოეზია მარადისობის დანაკლისთა ამოვსებაცაა.

* * *
მოკვდი, ოღონდ იცოცხლე.

ახალწლისა, 2011 წელი

* * *
პოეზია ისაა, როცა მუსიკა გულიდან ნაკადულივით მოჩუხჩუხებს.

* * *
გონების თვალსაწიერი საზღვრულია, გულისა კი-უსასრულო

* * *
შინაგანი ბუნებით უმწიფარი ადამიანები წინდაწინ შეფუთულ და მზამზარეულად მორთმეულ სრულყოფილებას მოითხოვენ იმის მაგივრად, რომ თვითონ ესწრაფვოდნენ მას.

* * *
ცხოვრება ვენახია, ღვინო-პოეზია.

* * *
სიყვარული დანახვაცაა.

* * *
რწმენა გულის ცოდნაა.

მარიამობისთვე, 2011 წელი

* * *
ერი ზეპიროვნული ოჯახია.

* * *
სიმართლის თქმასა და კეთებას მხოლოდ ვაჟკაცობა კი არა, ღირსებაც სჭირდება.

* * *

სიყვარული ქმნის სინამდვილეს.

* * *

ვერ ვიწამებ ისეთ ადამიანს, ვისაც ღმერთი უყვარს და მოყვასი სძულს, ან პირიქით. იმ კაცის მჯერა, ვინც ოქროს წონასწორობას პოულობს უფლისა და მოყვასის სიყვარულში.

* * *

კაცი გულისხედვით დაბრმავებული რომ არ იყოს, დაინახავდა, რომ იმაზე უფრო გასაოცარ სამყაროში ცხოვრობს, ვიდრე ზღაპრების სინამდვილეა.

* * *

კაცს იმაზე მეტი შეუძლია, ვიდრე წარმოუდგენია, მაგრამ ღვთის ნების გარეშე ერთ უმცირესს ნაბიჯსაც კი ვერ გადადგამს.

* * *

თუკი ზედმეტს ვლაპარაკობ, ესე იგი, ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი.

* * *

ტექნოლოგიის განვითარება კაცობანაკლული ადამიანების ზედაპირულობას კიდევ უფრო ზრდის.

* * *

ძალიან ბევრი უნდა გავიგოთ იმისათვის, რომ მივხვდეთ, თუ რაოდენ ზღვაში წვეთსაც კი არ წარმოვადგენთ ღმერთის გარეშე და ღმერთის წინაშე.

* * *
ნუ გაცდუნებთ ქალის გარეგანი სილამაზე. იგი წარმავალია. ენდეთ მისი შინაგანი მშვენიერების კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელსაც ვერანაირი დრო ვერ წარხოცავს.

* * *
სულიერი ადამიანისათვის ქალის შინაგანი მშვენიერება გაცილებით უფრო ძვირფასია, ვიდრე მისივე რაგინდარა გარეგნული სილამაზე.

* * *
საკუთარ თავს სატრფოსთან, თუ სულიერ მეგობართან ერთობით თუ შეიცნობ და იპოვი მხოლოდ. სხვაგვარად, მუდამ მოტყუვდები და ვერ გამოაღწევ ამაო წუთისოფლის სიცრუის ლაბირინთიდან.

* * *
ამაო წუთისოფელსა და გონებას დაქვემდებარებული ცნობიერების მქონე ადამიანისათვის პოეზიის ბუნება, განზომილება და გათავისება უცხო, მიუწვდომელი და გაუგებარი რამაა.

* * *
ფილოსოფია პოეზიაში თუ არ ამაღლდება, პირველი მკვდარი და უსულო ხდება, მეორე კი – სუსტი და ზედაპირული

* * *
ნამდვილი პოეზია ისაა, რომელიც უპირველესად სულის ფურცლებზე იწერება.

თიბათვე, 2011 წელი

* * *

თვითონ სიტყვა თავის-უფლების შინაარსი გვიჩვენებს, რომ იგი შიგნიდან გამომდინარეობს და ღმერთთანაა წილნაყარი.

* * *

სიყვარული დანახვაცაა.

* * *

ყოველთვის, როდესაც ქალი წარმავალი წუთისოფლისკენ მიგაქანებს, ნუ გაცდუნებს ამაოება-მუდამჟამს წარუვალი მარადისობა ირჩიე. ოდენ ასე თუ განკურნავ კვდომით დასნეულებულ ყოფიერებას და ამგვარად თუ უკვდავყოფ მას.

* * *
კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარი ზნეობრივი პრინციპიდან გამომდინარეობს. სულიერება კი სიყვარულში მდგომარეობს.

* * *

სული ოდენ გულის მეშვეობით თუ იკითხება.

* * *

თვალები სულის ფურცლებია, გული კი-მათი მკითხველი
* * *

სულიერება მუსიკას ჰგავს-ისიც მასავით თვალით უხილავია, მაგრამ გულისყურით იგრძნობა. სულიერ განზომილებაში ფიზიკური სამყარო და მისი საგნები ექვემდებარებიან მუსიკის შექმნას, დაბადებას და გამოიყენებიან ჰაერის “ლურჯ აბრეშუმად” გარდასაქმნელად.

მკათათვე, 2011 წელი

* * *
საკუთარი თავის უფალი არაა დაავადებული სხვებზე გაბატონების ფიქრითა და სწრაფვით.

* * *
გულით იმოძრავე, გულით ირბინე, გულით იფრინე.

* * *
სიკეთე სიმართლის გარეშე დაიჩაგრება, ორივეს კი ძალაუფლება აძლიერებს.

* * *
სადაც გონება ვერ აღწევს, იქ რწმენას გაესვლება.

იგრიკა, 2011 წელი

* * *
ფიქრებით შემოიარო სამყარო ნიშნავს, დაათვალიერო იგი, მაგრამ მხოლოდ გულისხედვით თუ ვუღრმავდებით და ვეხებით მას. არსებობისა და შესაქმის სინამდვილე გულში, გულით ცხადდება და გვიცხადდება.

* * *
ადამიანის ძირითადი ნიში აზროვნებაა, კაცისა-ზნეობა, ზეკაცისა კი-სიყვარული.

* * *
ნამდვილი პოლიტიკა  ადამიანებს შორის მეგობრობიდან და თავისუფლებიდან გამომდინარეობს, ემყარება და ამრავლებს მათ.

* * *
ადამიანის, საზოგადოებებისა და კაცობრიობის უზნეობა თითოეულისათვის დამღუპველი ჩიხია.

* * *
ქალი შეგრძნებით შეიცნობა.

* * *
კაცი მაშინაა ჭეშმარიტი ფილოსოფოსი, როდესაც სოფიას თვითონ ღმერთი წარმოადგენს.

* * *
ცალკერძი ზნეობა არაა საკმარისი, თუკი მას არ ეხიდება და არ ავსებს მოღვაწეობა.

* * *
ადამიანი და ერი, რომელიც არ ცხოვრობს და არ ქმნის ისტორიას, ისტორიის გარეთ რჩება და ქრება.

* * *
არ არსებობს იმაზე უფრო დიდი გამარჯვება, ვიდრე საკუთარი თავის დაუფლება. შემდეგ, სხვა ყველაფერი ამის შედეგია ადამიანის ცხოვრებაში.

* * *
ისტორიის შექმნაში ლომის წილი კაცუნებს კი არა, შინაგანად მწიფე პიროვნებებს შეაქვთ.

* * *
მშვენიერება ალამაზებს.

* * *
თავმდაბლობაში თავისუფალი უნდა ხდებოდე და არა-მონა.

* * *
სიტყვებს თავიანთი გრძნობები გააჩნიათ-მხოლოდ ემოციურად ცოცხალი ადამიანები უღრმავდებიან და სწვდებიან მათ შინაარსს.

მირკანი, 2011 წელი

* * *
სიყვარული სიკვდილსა ჰგავს-წინასწარ აროდეს იცი, თუ სად შეხვდები მას.

* * *
შინაგანად ცოცხლებს არ ეშინიათ სიკვდილის. ასეთი ბუმბერაზული სულიერი სამყაროს მქონე ადამიანები გარდაცვალებასაც კი სიცოცხლედ გარდაქმნიან, რითაც უფრო მეტად იყვარებენ ჭეშმარიტ ცხოვრებას.

* * *
ზოგიერთი წერს პოეზიას, ზოგი კი ახორციელებს მას.

* * *
თუკი ვერ დაინახავთ ადამიანს, მის შინაგან ბუნებას, შეიძლება ბევრ რამეში შეცდეთ მასთან.

* * *
გული სიცოცხლის ბარომეტრია.

* * *
გულისხედვა ადამიანის სულს პოეტად გარდაქმნის.

* * *
ერთი და ზედაპირული შეხედვით გულისხედვა ბრმაა, მაგრამ სინამდვილეში, სწორედ იგი ეხება ცხადს სიღრმისეულად. გონების მხედველობისათვის უპირატესობის მინიჭება კი სხვა არაფერია, თუ არა ხელების ფათური ამაოების უსიერ ტყეში.

* * *
გონების თვალის დახუჭვა გულისხედვას მაშინ აცოცხლებს, თუკი ამას შეგნებულად ჩავდივართ.

* * *
გონების თვალის დახუჭვა გულისხედვის გაცოცხლებას არ ნიშნავს მუდამ.

* * *
სულიერი განზომილებით კაცსა და ადამიანს შორის ისეთივე სხვაობაა, როგორც ფასეულობასა და ღირებულებას შორის.

* * *
ზოგიერთი ფიქრშიც ქმნის, ზოგი კი საქმეზეც უნაყოფოა.

სარწყუნისი, 2011 წელი

* * *
თუ გინდათ მოუსმინოთ ყველაზე ლამაზ მუსიკას, ყური უგდეთ საკუთარი გულის სიღრმეებს იქით მიმალულ სამყაროს.

* * *
ერს ის პიროვნება განასახიერებს, ვისაც ძალუძს საკუთარი ხალხის გარეშემოწერა, გამთლიანება, გაწვდენა.

* * *
ქრისტეს მსმენელი გული უფაქიზესიცაა და უმტკიცესიც.

* * *
ჭეშმარიტება კამათში იმათთვის იბადება, ვინც ამით თავს იტყუებს.

* * *
ჭეშმარიტება კამათსა და პოლემიკაში კი არა, საუბარსა და დიალოგში იბადება.

* * *
სიკეთეზე დახარჯული დრო მუდამ მადლია.

* * *
არცერთი ქალი არაა ღმერთსა და სამშობლოზე მეტი. ერთადერთი, მოცალეობა თუ შეუძლია გასწიოს რჩეულმა. რაკურსი იგივეა მამაკაცის შემთხვევაშიც.

* * *
რა უძვირფასეს დროს კარგავენ საკუთარ თავთან შეუსაბამონი.

* * *
ზოგს პოეზია მოსწონს, ზოგი კი თვითონაა პოეზია.