ვარდობისთვე, 2012 წელი

* * *
სულიერი ტკივილები საკუთარ თავში გაცილებით უფრო მეტად გვაღრმავებენ, ვიდრე ამაოების ბრჭყვიალა და მაცდური ზეიმის მორევში ჩაყოლა.

* * *
როცა გიყვარს, ტკივილებიც კი გაბედნიერებენ.

* * *
სიყვარულში არ ეშინიათ ტკივილების და ზურგს არ აქცევენ მათ, რადგან თვითონ სიყვარულის დასაბამი ღმერთი იძლევა საამისო ძალას, შინაარსსა და შეგნებას.

* * *
ერთადერთი სიყვარულია, რომელშიც ტკივილიც და სიხარულიც ორივე ბედნიერებას ბადებს.

* * *
ღმერთს ოდენ გულით თუ ვკრავთ თვალს.

* * *
ქრისტიანობა სიყვარულის წესებზე უფრო მეტად სიყვარულის შინაგანი მდგომარეობაა.

* * *

იგრიკა, 2012 წელი

* * *
გრძნობა გულის განცდაა, სულისა კი-სიყვარული.

* * *
ბედნიერება უფრო მეტია, ვიდრე სიხარული.

* * *
თუკი შენს ეროვნულ კულტურაში არ ხარ მტკიცე და ღრმად ფესვგადგმული, ვერც სხვისას დაიტევ.

* * *
სიყვარულს უფრო გრძნობენ, ვიდრე იციან.

მირკანი, 2012 წელი

* * *

მართალი იყო კანტი, როდესაც სიკეთისა და მისკენ სწრაფვის იდეას გარედან მომავალ ვალდებულებად კი არა, არამედ შინაგან მოთხოვნილებად თვლიდა.

ამავე დროს, უნდა ითქვას ისიც, რომ ყოველი უკეთური ნაბიჯი და არჩევანი იმთავითვე საკუთარი თავის დასჯა, დაშორება და განკვეთაა სიკეთის მზისგან. ამით მარადიულ სინათლეს არა აკლდება რა. ეგაა ოდენ, ნათელს განვარდნილნი ბოროტისა და სიბნელის ტყვედ იქმნიან თავს.

* * *
მარჯვე მებადურმა ზოგჯერ უნდა აამღვრიო ცხოვრების წყლები, რათა უფრო მეტი სიმართლის თევზი დაიჭირო.

* * *
ქართული იდეა ეროვნულ-სარწმუნოებრივი ხასიათის მსოფლმხედველობაა. იგი ცოდნისა და რწმენის მტკიცე ერთობაა, ამ ჰარმონიის განხორციელებადი (სი-კეთ-ის) იდეაა, არა ფსევდორაციონალური და ფსევდორელიგიური. ჭეშმარიტი ქართული ცნობიერებისათვის უცხოა უღმერთო, ურწმუნო ცოდნა ისევე, როგორც მისი უკუმგდებელი, ცოდნას მოკლებული რწმენა. ეს იყო კაცთათვის ყველა დროის უზენაესი იდეალი, რაც ყოველივე ღმერთის მიერ შექმნილის გამაღვთიურებელი და წმინდა სამებაში დამაბინავებელი წინაპირობაა.

* * *
როდესაც კაცი აცნობიერებს საკუთარ საზღვრულობას ამ უსაზღვრო სამყაროში, ამით ობიექტურია თავისი თავის, მოყვასის, სამყაროს, ჭეშმარიტების, თუ ყოველივეს შემოქმედი ღმერთისადმი. ხოლო როდესაც საკუთარ თავს აქცევს კოსმოსის უზენაეს ცენტრად და უსაზღვროებას დაიბრალებს, ამით მაცდური სიცრუის უფსკრულში იჩეხება, შორდება ჭეშმარიტებას და საკუთარ თავსაც ჰკარგავს, უსახურდება.

* * *
ცხოვრებისეული სირთულეები მტკივნეული და რთული გადასატანნი არიან, მაგრამ მაინც მიყვარან ისინი: დალხინებულ მდგომარეობაზე უკეთ და უფრო ღრმად განახებენ კაცთა სულში არსებულ სინამდვილეს.

 

სარწყუნისი, 2012 წელი

* * *
ზრდილობა განათლებაა.

* * *
ადამიანებს შორის ჭეშმარიტება უპირველესად სულში იბადება.

* * *
სიცოცხლის აზრი სიყვარული-ღმერთია.

* * *
რასაც გულით არ და ვერ ხედავ, მას ვერანაირი სათქმელით ვერ გაგაგებინებენ.

* * *
სიკეთის შინაარსი გადმოგვცემს, რომ იგი საჭიროებს კეთებას, განხორციელებას, მოწამეობას, დადასტურებას, მაგალითის მიცემას.

* * *
კაი ყმა ქრისტეს მხედარია.

* * *
სიყვარული სინამდვილეა.

* * *
სულისკენ სავალი გზა გრძნობის ხიდზეა გადებული.

აპანი, 2012 წელი

* * *

სიყვარული ქმნის, ზრდის და ამტკიცებს პიროვნებას.

* * *

სიყვარულისთვის მუდამ უნდა გადადგა ნაბიჯი წინ და ეს სიყვარულითაა განსახორციელებელი მაშინაც კი, როცა და თუკი ვერ გიგებენ. უფალი აუცილებლად მოახდენს სასწაულებს.

* * *
ლხინი, ქართული ლხინი სიყვარულის ზეიმია. ღრეობა კი-კაცთა ცხოველის ხარისხამდე დაცემის აპოგეა.

* * *
სიკეთეა, გიყვარდეს ქალი და მარადქალურობა, ხოლო კიდევ უკეთესი, თუკი ეს სიკეთე ზნეობითა და შინაგანი კეთილშობილებითაა შემტკიცებული.

ქრისტეშობისთვე, 2011 წელი

* * *
სულიერ კეთილშობილებას არ ახასიათებს მრავალსიტყვაობა (არც საქებარი, არც საძაგელი) -კონკრეტული საქმეებითა და თვალებით მეტყველებს უფრო.

* * *
სიტყვა სიკეთის შინაარსში ცხადდება ის, რომ სიკეთის ცოდნა მისი კეთებაა.

* * *
როგორიც არ უნდა იყოს ცხოვრება, კაცთათვის იგი სხვას არაფერს წარმოადგენს, თუ არა ღვთაებრივ გამოცდას.

გიორგობისთვე, 2011 წელი

* * *
მეგობრობა ნიჭია-თუ არ გაგაჩნია, ვერც აქეთ გიმეგობრებენ.
* * *

მეგობრობა სიყვარულის უსასრულო და უკიდეგანო კუთხიდან ერთობლივი ჭვრეტაცაა.
* * *

კაცობა არა მარტო მოწოდებაა, არამედ შინაგანი მდგომარეობაც

ღვინობისთვე, 2011

* * *
ეროვნულობა კაცობის ხარისხიცაა, რადგან სულიერად და კულტურულადაც განსაზღვრავს კაცთა შინაგან განვითარებას.

* * *
გრძნობები გულის სიტყვებია.

* * *
პოეზია მარადისობის დანაკლისთა ამოვსებაცაა.

* * *
მოკვდი, ოღონდ იცოცხლე.

ახალწლისა, 2011 წელი

* * *
პოეზია ისაა, როცა მუსიკა გულიდან ნაკადულივით მოჩუხჩუხებს.

* * *
გონების თვალსაწიერი საზღვრულია, გულისა კი-უსასრულო

* * *
შინაგანი ბუნებით უმწიფარი ადამიანები წინდაწინ შეფუთულ და მზამზარეულად მორთმეულ სრულყოფილებას მოითხოვენ იმის მაგივრად, რომ თვითონ ესწრაფვოდნენ მას.

* * *
ცხოვრება ვენახია, ღვინო-პოეზია.

* * *
სიყვარული დანახვაცაა.

* * *
რწმენა გულის ცოდნაა.

მარიამობისთვე, 2011 წელი

* * *
ერი ზეპიროვნული ოჯახია.

* * *
სიმართლის თქმასა და კეთებას მხოლოდ ვაჟკაცობა კი არა, ღირსებაც სჭირდება.

* * *

სიყვარული ქმნის სინამდვილეს.

* * *

ვერ ვიწამებ ისეთ ადამიანს, ვისაც ღმერთი უყვარს და მოყვასი სძულს, ან პირიქით. იმ კაცის მჯერა, ვინც ოქროს წონასწორობას პოულობს უფლისა და მოყვასის სიყვარულში.

* * *

კაცი გულისხედვით დაბრმავებული რომ არ იყოს, დაინახავდა, რომ იმაზე უფრო გასაოცარ სამყაროში ცხოვრობს, ვიდრე ზღაპრების სინამდვილეა.

* * *

კაცს იმაზე მეტი შეუძლია, ვიდრე წარმოუდგენია, მაგრამ ღვთის ნების გარეშე ერთ უმცირესს ნაბიჯსაც კი ვერ გადადგამს.

* * *

თუკი ზედმეტს ვლაპარაკობ, ესე იგი, ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი.

* * *

ტექნოლოგიის განვითარება კაცობანაკლული ადამიანების ზედაპირულობას კიდევ უფრო ზრდის.

* * *

ძალიან ბევრი უნდა გავიგოთ იმისათვის, რომ მივხვდეთ, თუ რაოდენ ზღვაში წვეთსაც კი არ წარმოვადგენთ ღმერთის გარეშე და ღმერთის წინაშე.

* * *
ნუ გაცდუნებთ ქალის გარეგანი სილამაზე. იგი წარმავალია. ენდეთ მისი შინაგანი მშვენიერების კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელსაც ვერანაირი დრო ვერ წარხოცავს.

* * *
სულიერი ადამიანისათვის ქალის შინაგანი მშვენიერება გაცილებით უფრო ძვირფასია, ვიდრე მისივე რაგინდარა გარეგნული სილამაზე.

* * *
საკუთარ თავს სატრფოსთან, თუ სულიერ მეგობართან ერთობით თუ შეიცნობ და იპოვი მხოლოდ. სხვაგვარად, მუდამ მოტყუვდები და ვერ გამოაღწევ ამაო წუთისოფლის სიცრუის ლაბირინთიდან.

* * *
ამაო წუთისოფელსა და გონებას დაქვემდებარებული ცნობიერების მქონე ადამიანისათვის პოეზიის ბუნება, განზომილება და გათავისება უცხო, მიუწვდომელი და გაუგებარი რამაა.

* * *
ფილოსოფია პოეზიაში თუ არ ამაღლდება, პირველი მკვდარი და უსულო ხდება, მეორე კი – სუსტი და ზედაპირული

* * *
ნამდვილი პოეზია ისაა, რომელიც უპირველესად სულის ფურცლებზე იწერება.