ქრისტეშობისთვე, 2010 წელი


* * *

საქართველოს სულიერი მისია საქართველოს ეროვნული მისიაა.

* * *
მწერლობა უპირველესად აზროვნების შედეგი კი არაა, არამედ საგანთა და მოვლენათა არსის შეგრძნების, გათავისებისა და ცხოვრების გამოძახილს წარმოადგენს.

* * *
სულები ერთმანეთს ბაგეებზე ხვდებიან.

* * *
საყვარელი ქალი მამაკაცის ის უკიდეგანო ოკეანეა, რომელშიც იგი ბინავდება და თავისუფლად ცურავს.

* * *
გულს ხსნის სი-კეთ-ე…

* * *
ზოგიერთის კითხვაში უფრო მეტი სიბრძნე და სიღრმეა, ვიდრე უმრავლესობის პასუხში.

* * *
ნათქვამია, როცა გიყვარს ადამიანი, მაშინ ხედავ მის სულსო-ალბათ, ერისადმი მიმართებაშიც იგივე ითქმის.

* * *
ქალი და სიყვარული ჰგვანან ერთმანეთს: ორივე იდუმალების ბნელ ტყეში ჩამალული უზარმაზარი ვარდისფერი მთვარეა.

* * *

ლექსების წერა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ხარ სულით პოეტი.

* * *
სულის პოეზიას ოდენ გული ხედავს და ისმენს.

* * *

ბახის მუსიკა სავსედ მაშინ გესმის, როდესაც ცოცხალი ხარ. მერე რა, თუ გტკივა, ან გიხარია? მთავარია, რომ სიცოცხლითსავსე ხარ და თვითონ ხდები სიცოცხლე.

* * *

ადამიანთა უმრავლესობის ბევრ სიტყვაში არსებული სიცარიელე ბრძენს ნაკლები საუბრისაკენ მიმართავს.

* * *

გარდაცვალება ამრავლებს ნაცხოვრებს.

 

* * *

ადამიანის გულის ჭურჭელს მხოლოდ კეთილმოღვაწება ზრდის, ამწიფებს და ავსებს

1 thoughts on “ქრისტეშობისთვე, 2010 წელი

დატოვე კომენტარი