ქრისტეშობისთვე, 2018

***
იქ, სადაც ადამიანი ადამიანს ადამიანად აღიქვამს, მეგობრობის საუფლოა. ხოლო იქ, სადაც ადამიანი ადამიანისთვის ადამიანის გარდა ყველაფერია, ბატონობის ტირანიას ვღებულობთ. მეგობრობისა და დომინაციის განზომილებები ერთმანეთისაგან არსობრივად განსხვავდებიან. პირველი კულტურულობის განსახიერებაა, მეორე კი-უკულტურობის.

***
ღმერთი სიკეთეში ავლენს საკუთარ თავს, სიკეთის რაობა კი კეთილი საქმის კეთებასა და შემოქმედებას ეფუძნება.

***
პიროვნულად ყველაზე რთული, მაგრამ ეროვნულად ყველაზე მომგებიანია ყოველგვარ პარტიკულარიზმზე მაღლა დგომა (გრიგოლ რობაქიძის “ზეჯგუფურობა”).

***
ვინც ეროვნულად აზროვნებს, საკუთარი ერის მეშვეობით საკაცობრიო დონეზეც აზროვნებს.

ვარდობისთვე, 2016 წელი

* * *

ეროვნულობა, რომელიც კოსმოპოლიტურსა და საკაცობრიოს ეწინააღმდეგება, პირველ რიგში, ზოგადად ადამიანურსა და საკუთარ თავს ეწინააღმდეგება. შესაბამისად-კოსმოპოლიტიზმის ჭეშმარიტ შინაარსსა და კაცობრიობასაც.

ასევე:

როცა კოსმოპოლიტიზმი ეროვნულობას უპირისპირდება, ამით იგი არა მარტო ადამიანსა და ეროვნულობას მტრობს -რომელთაც მოიცავს საკუთარ თავში, – არამედ თვითონ თავის თავსა და კაცობრიობასაც.

ეროვნულობა და კოსმოპოლიტიზმი არათუ არ უშლიან ხელს ერთმანეთს, არამედ ერთურთს ავსებენ და ამტკიცებენ.

* * *
საკმარისია გულისყური დაუგდოთ ნაკადულის წკანწკარს, რომ უშქარი ბედნიერება გაგიზიარდეთ და მისგან უფრო მეტი ცოცხალი სიბრძნე მიიღოთ, ვიდრე სულგაცვეთილი ტექნოკრატიული ცივილიზაციის სახელოსნოებში-და ისიც როგორ თავისთავად, ბუნებრივად, სპონტანურად. ადამიანების ბედნიერებაც პირველქმნილ ბუნებრივ ჭეშმარიტებასთან ჰარმონიულ მდგომარეობაში ყოფნაა და არა სამყაროზე, ყველაზე და ყველაფერზე ბატონობა. ამ მარადიული მოცემულობის უვიცობისაგან როგორ ჯიუტად ირთულებს და იხლართავს Homo Sapiens-ი თავის არსებობას. ვინც საკუთარი თავის უფალია, მას არ სჭირდება სხვაზე ბატონობა. თავის-უფალი და ჭეშმარიტი თავისუფლება საკუთარ თავთან და სხვებთან ჰარმონიული ცხოვრების საწინდარია.

* * *
იდეალური მიტომ კი არ ხარ, თითქოს უნაკლო იყო, არამედ მიტომ, რომ მიყვარხარ.

* * *
მოწოდებით ადამიანი ქრისტეს სძალია, ხოლო იარაღასხმული მხედარი-ბოროტებასთან უშეღავათო ბრძოლაში.