ახალწლისა, 2021 წელი


* * *

ცხოვრებაში უმთავრესი არის სიცოცხლე და არა მისი მატერიალური გამოვლინებები.


* * *

მდგრადი მომავლის შექმნა გაუჭირდება იმ ერს, რომელიც საკუთარ მერმისს მხოლოდ გეოგრაფიული ორიენტირების მეშვეობით განსაზღვრავს.

* * *

პრომეთეული ცნობიერების სახისმეტყველება მეტაფიზიკური შეზღუდულობის ალუზიაა. ჰიპერ/პოსტ/მეტამოდერნიზმი სწორედ ამ ფარგლების დაცლა-დაწურვის ხანაა ადამიანური განვითარების სიმწიფის შემდგომ ხარისხზე გადასასვლელად.

* * *

თუკი ურთიერთობა-ურთიერთქმედებისას გარესამყაროში შეხვედრილი სირთულეების/ამოცანების გასაღებს საკუთარი თავის ლაბირინთებში არ/ვერ მიაკვლევ, ვერც სხვაგან მოახერხებ გამოსავლის პოვნას.

* * *

წუთისოფლის წარმავალ, ეფემერულ ხმაურსა და ფაცაფუცს რომ ვაკვირდები, დუმილით ვპასუხობ სინამდვილეს, დუმილით ვეხები მას.

* * *

დატოვე კომენტარი