აპნისი, 2017 წელი

***
რაც უფრო მცირედმორწმუნე ხარ ადამიანი, მით უფრო ძლიერად გეჩვენება მსოფლიო მმართველები. და რაც უფრო ცოცხალი და მტკიცე ხარ რწმენაში, მით უფრო დიდი ორიენტირია ღვთისა და მოყვასის სიყვარული.

***

რამდენი ძვირფასი რამაა დაფარული და ჩაბნელებული ადამიანისათვის, თუკი იგი სიყვარულის თვალებით არ იყურება. ყოველი მსგავსი სიბნელე დაკარგული დროა. მარადისობა მზიურია. უკვდავება სიყვარულის მზიურობაა.

***

თითოეულ სიტყვაში მთელი სამყაროა ჩატეული. სამყარო კი ის ჭაა, რომელშიც საკუთარი თავის დანახვა შეიძლება.

***

ქრისტიანულ კალენდარში მთელი წლის განმავლობაში მომხდარი და მიმდინარე ქრისტიანული შინაარსის მოვლენები ერთ ორგანულ და ცოცხალ მთლიანობას შეადგენს.

***

წიგნი ქალივითაა: უხდება რუდუნებით გადაშლა, გულისყურით კითხვა და გაგება.

***

ადამიანს იმხელა გული უნდა ჰქონდეს, რომ მკერდში ვერ ეტეოდეს.

***

პოეზია მსახურებაცაა.

***

კერპთაყვანისმცემლობის ნებისმიერი ცხოვრებისეული გამოვლინება მუდამ სხვა და სხვის მსხვერპლს მოითხოვს. მხოლოდ სიყვარულია სიცოცხლე და მიმართულია ამ უკანასკნელის ზრდის, განვითარებისა და გამრავლებისაკენ.

***

მარხვა კულტურაა.

***

მადლიერება კულტურასთანაა პირდაპირკავშირში. ეს უკანასკნელი კი, ცივილიზაციის საფუძველია. უმადურობა არღვევს ერთსაც და მეორესაც.

***

ეგოცენტრულობას დამონებული კაცუნა ყველას და ყველაფერს სათავისოდ ირგებს მაშინ, როდესაც ხელმწიფური ბუნების პიროვნება იქით ემსახურება საერთო სიკეთესა და საზოგადოებრივ განვითარებას.

Advertisements

ქრისტეშობისთვე, 2016 წელი

* * *
სიცოცხლის შემოქმედების გარეშე გარესამყაროსაგან პატივისცემის მოთხოვნა ბუტაფორიაა.

* * *
სიცოცხლე საუკეთესო მასწავლებელია. კომუნიკაცია კი სიცოცხლის ხერხემალია. ამის გარეშე არ არსებობს განვითარება, რადგან სხვა შემთხვევაში სიცარიელე და სიკვდილი იკავებს მის კუთვნილ ადგილს.

* * *
საკუთარი თავის მონები და მსხვერპლნი უფრო ადვილად ხდებიან პატივმოყვარეობით სნეული და თავხედი ავაზაკების ლუკმა. თავის-უფალი კი მსგავსი დანაშაულებრივი დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს.

* * *
როდესაც ადამიანი მხოლოდ მოგებას ესწრაფვის, ესე იგი, უფრო საკუთარ თავსა და ჯიბეზე ფიქრობს. ასეთი კაცუნებისათვის სხვები მიზნის მისაღწევი საშუალება და ციფრებია, რადგან არსებითად საკუთარი ვნებების მონა სხვას ვერ მოუტანს სიკეთეს. ან კი, როგორ დაინახავს სხვას იგი, ვისაც თავის თავში არსებული ნათელი ჩაუბნელებია?

როდესაც ადამიანი საკუთარ თავზე უფრო მეტად საზოგადოებრივი სიკეთისთვის იღვწის, ის ზრდის ადამიანთა ბედნიერებას. ეს კი ნამდვილ განვითარებას ქმნის, რაც უპირველეს ყოვლისა, სულიერი კატეგორიაა და თავის-უფალ ადამიანთა მოღვაწეობის ნაყოფს წარმოადგენს.

* * *
სამყარო ვისთვის ბაზარია და ვისთვის კი სიცოცხლის უზარმაზარი ტაძარი. პირველ შემთხვევაში ხდება მისწრაფება იმისკენ, რომ ყველა და ყველაფერი გაზომვადი, მოხელთებადი, ფასიანი გახდეს მაშინ, როდესაც სიცოცხლითსავსე კოსმოსში ღირებულებები ყოველგვარ ფასეულობაზე აღმატებულ ორიენტირებს წარმოადგენენ.

გიორგობისთვე, 2016 წელი

* * *
ერი მამულიშვილთა შორის მოქმედი სინერგიაა და არა მათი აქა-იქ მიმოფანტული ოაზისების თანავარსკვლავედი.

* * *
კონსერვატივიზმი საუკეთესო ტრადიციათა პრინციპების გახევება კი არა, მათი გაცოცხლებაა.

* * *
საკუთარი პიროვნების გაუმჯობესება-განვითარების გარეშე საზოგადოების, ერის მსახურება ფარსია.

* * *
ინტელექტუალი უნდა ერქვას მხოლოდ იმ ადამიანს, ვისაც არა მარტო გააჩნია სიკეთისა და უკეთურების გარჩევის უნარი, არამედ ამასთანავე მუდამ ირჩევს კეთილის ქმნას. ზნეობრივი და სულიერი განვითარება პრაქსისია და არა მხოლოდ წიგნების განუსაზღვრელი ოდენობით კითხვა, თუ წაკითხულ-აღქმულის გინდაც სხარტი, მაგრამ მაინც უსულო ანალიზი.

ღვინობისთვე, 2016 წელი

* * *
ხელმწიფება, უპირველეს ყოვლისა, თავზე გვირგვინის დადგმა და ძალაუფლების პრიმატი კი არა, ხედვა და მსახურებაა.

* * *
ხელმწიფური ბუნებისა ის კი არაა, ვისთვისაც საკუთარი წარმატება და თანამდებობრივი, თუ მატერიალური წინსვლა წარმოადგენს ცხოვრების უპირატეს მიზანს, არამედ ის, ვინც უპირველესად საერთო სიკეთესა და საზოგადოებრივ განვითარებას ემსახურება.

* * *
თავისი ბუნებით თავისუფლება ხელმწიფეა.

* * *
ფიქრი აზრშემოსილ სიტყვათა ნაკადია.

* * *
სიტყვებისა და საუბრის მეშვეობით ერთმანეთში ქრისტეს, სიცოცხლის, სიკეთის, მადლისა და სიყვარულის გაზიარების საშუალება გვაქვს, ან პირიქით. ამგვარად, ან ვავითარებთ ერთმანეთს, ან პირიქით.

* * *
მადლი ხედვაცაა.

* * *
ზოგიერთის სავიზიტო ბარათი მისი ფიზიონომიაა და ზოგიერთისა კი – მისი საქმეები.

* * *
გონების შესაძლებლობები საზღვრულია, უსასრულობას რწმენით ვუერთდებით.

მკათათვისა, 2016 წელი

* * *
ცოდნა მნიშვნელოვანია, მაგრამ უმთავრესი ცოდნა სიყვარულია.

* * *
მუსიკა სამყაროს სუნთქვის ჟღერადობაა.

* * *
მეგობრობა ტკივილების შემცირება და სიხარულის გამრავლებაა.

* * *
ღმერთი ჭეშმარიტებით საუბრობს და არა იმ შეხედულებებზე დაფუძნებული სინამდვილით, რომელიც ჭეშმარიტებას წააგავს.

ვარდობისთვე, 2016 წელი

* * *

ეროვნულობა, რომელიც კოსმოპოლიტურსა და საკაცობრიოს ეწინააღმდეგება, პირველ რიგში, ზოგადად ადამიანურსა და საკუთარ თავს ეწინააღმდეგება. შესაბამისად-კოსმოპოლიტიზმის ჭეშმარიტ შინაარსსა და კაცობრიობასაც.

ასევე:

როცა კოსმოპოლიტიზმი ეროვნულობას უპირისპირდება, ამით იგი არა მარტო ადამიანსა და ეროვნულობას მტრობს -რომელთაც მოიცავს საკუთარ თავში, – არამედ თვითონ თავის თავსა და კაცობრიობასაც.

ეროვნულობა და კოსმოპოლიტიზმი არათუ არ უშლიან ხელს ერთმანეთს, არამედ ერთურთს ავსებენ და ამტკიცებენ.

* * *
საკმარისია გულისყური დაუგდოთ ნაკადულის წკანწკარს, რომ უშქარი ბედნიერება გაგიზიარდეთ და მისგან უფრო მეტი ცოცხალი სიბრძნე მიიღოთ, ვიდრე სულგაცვეთილი ტექნოკრატიული ცივილიზაციის სახელოსნოებში-და ისიც როგორ თავისთავად, ბუნებრივად, სპონტანურად. ადამიანების ბედნიერებაც პირველქმნილ ბუნებრივ ჭეშმარიტებასთან ჰარმონიულ მდგომარეობაში ყოფნაა და არა სამყაროზე, ყველაზე და ყველაფერზე ბატონობა. ამ მარადიული მოცემულობის უვიცობისაგან როგორ ჯიუტად ირთულებს და იხლართავს Homo Sapiens-ი თავის არსებობას. ვინც საკუთარი თავის უფალია, მას არ სჭირდება სხვაზე ბატონობა. თავის-უფალი და ჭეშმარიტი თავისუფლება საკუთარ თავთან და სხვებთან ჰარმონიული ცხოვრების საწინდარია.

* * *
იდეალური მიტომ კი არ ხარ, თითქოს უნაკლო იყო, არამედ მიტომ, რომ მიყვარხარ.

* * *
მოწოდებით ადამიანი ქრისტეს სძალია, ხოლო იარაღასხმული მხედარი-ბოროტებასთან უშეღავათო ბრძოლაში.

იგრიკა, 2015 წელი

* * *
სადაც სიყვარული სიყვარულია, იქ იგი მოწამეობა შეიძლება იყოს, ტანჯვა-არასოდეს.

* * *
თავისი ბუნებით სიყვარული ღვთის განგებას იმითაც ჰგავს, რომ ადამიანის თანამონაწილეობასა და თანმიმდევრულ ძალისხმევას მოითხოვს. სიყვარული გაზაფხულივით მოდის, მაგრამ წელიწადის სხვა დროებშიც რომ იხაროს, თითოეული ჩვენგანისაგან გაფხვიერება სჭირდება.

* * *
ცის სიღრმე სიმაღლეა, ლურჯი სიმაღლე.

* * *
გულისხმიერება გრძნობიერებასა და გონიერებაზე აღმატებული ნიჭია. ინტუიტიურობის თვალსაწიერი ვიზიონერობაა.