ვარდობისთვე, 2021 წელი

***

იმ საზოგადოებას, რომელშიც “უნდა” და “მინდა” ერთმანეთს არ აწონასწორებს, გაუჭირდება ძალადობიის ჩაკეტილი წრიდან გათავისუფლება.

***
უმწიფარია საზოგადოება, რომელშიც სურვილები უფრო ჭარბობს, ვიდრე პასუხისმგებლობა.

***
საქართველო, საკუთარ თავს რომ ჰგავდეს, უნდა გათავისუფლდეს.

***
ბედნიერები პოეზიას არ წერენ – ახორციელებენ.

***
ცხოვრების განმავლობაში მრავალჯერ შეიძლება დაიბადო. უმრავლესობა ამას ძველის მკვლელობით ცდილობს, დანარჩენი კი, განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლით.

***
სახელმწიფო და ერი ერთმანეთს უნდა ადვოკატირებდნენ. სწორედ, ეს განაპირობებს ქვეყნის განვითარებას და ერის, როგორც საზოგადოების განსაზღვრას.

***
პოსტმოდერნიზმი პოლიტიკაში: ისაუბრე, იფიქრე და აკეთე რაც გინდა, ოღონდ ისე, რომ განაპირობებდე სახელმწიფოსა და საზოგადოების განვითარებას. ხოლო თუკი არც შენი ფიქრი, სიტყვა და მოქმედება ამ მიზანს არ ემსახურება, მაშინ კეთილი ინებე და გზა დაუთმე მას, ვისაც ეს შეუძლია. ყოველივე ზემოთაღნიშნულის გარეშე ნებისმიერი ლაპარაკი წიკვინია, ფიქრი-ქაოსი და ქმედება კი-წყლის ნაყვა.

***
კაცობრიობის დამოკიდებულება წარსულისადმი: “ვიცი”-ს სიჭარბე (ეპოსტემოლოგია), მომავლისადმი კი “არ ვიცი”-ს სიმრავლე (რომელიც თავისთავად შეიცავს “ვიცის”, ეპისტემოლოგიის მომცველი ჰერმენევტიკული ონტოლოგია).

***
სწორედ საკაცობრიო და ეროვნული იდეების რეალობად ქცევაა კულტურა და განათლება.

ქრისტეშობისთვე, 2020 წელი

***
ჯვრის ფორმა, როგორც კომუნიკაციის ხისებური და რიზომატული, იერარქიული და ქსელური სტრუქტურის ურთიერთგადაკვეთა, სადაც ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ურთიერთმოქმედება ერთმანეთს კი არაა დაპირისპირებული, არამედ სიყვარულის ძალით ერთმანეთს ავსებენ.

***
ჩვენი სიცოცხლე სიყვარულს-ღმერთს ეკუთვნის და არა პოლიტიკას, თუ სახელმწიფოს, რაც არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკა და სახელმწიფო უსიყვარულო-უღმერთო იყოს.

***
საქმიანი სიტყვა უკვე საქმის ნახევარია

***
მხოლოდ კაცობრიობის უდიდეს პიროვნებებს ძალუძთ შექმნან პირობები, სადაც შესაძლებელია მტრის მოყვარედ ქცევა.

***
წარსულით ცოცხალი უნდა იყო და არა მკვდარი.

***
თავმოყვარე და შინაგანად მწიფე დემოკრატიული საზოგადოება არ საჭიროებს ერთ და ორ ისეთ გმირს, რომელსაც მთელ თავის გასაკეთებელ საქმესა და ტვირთს აჰკიდებს. ასეთი სოციუმი უბრალოდ საკუთარ თავს არ აკადრებს მსგავს საქციელს, რამეთუ თვითონ წარმოადგენს გინდაც უფრო მცირე მასშტაბის, მაგრამ უამრავი პასუხისმგებლობიანი გმირისაგან შემდგარ პროაქტიულ ერთიანობას.


თიბათვე, 2020 წელი

***
როდესაც ჩვენ ირგვლივ მყოფმა ადამიანებმაც კი შეიძლება ვერ გაგვიგონ, ან სხვანაირად გაგვიგონ (რაც შეიძლება ერთი და იგივე იყოს), მაშინ ერთადერთი, ვინც ნამდვილად შეუძლია გაგვიგოს და ვისაც შეგვიძლია დავეყრდნოთ, ეს ისევ და ისევ ჩვენი თავი და ღმერთია.

***
სიცოცხლე ქალივითაა მოწყობილი: ზოგჯერ მას ნაკლებად აინტერესებს მამაკაცური “მე მართალი ვარ” და უპირატესობას სიყვარულს ანიჭებს. ამიტომაა, რომ ადამის მოდგმის წინაპართა ცნობიერებაში შემთხვევით არ დაუკავშირდა ერთმანეთს პირველქალის სახელი და სიცოცხლის დამბადებელი შინაარსი.

***
პროგრესი, რომელიც განვითარებას არ ეფუძნება და განვითარებისკენკენ არაა მიმართული, დომინაციითა და თვითგანადგურებით სრულდება. სიბრძნემდე აყვანის მაგივრად ინფორმაციამდე დაყვანილმა ცოდნამ განმანათლებლობა ტრაგიკულ ისტორიულ პრეცედენტად აქცია.

***
წინ შორს ვერ წავალთ, თუკი მხოლოდ უკან ვიხედებით.

***
შესაძლოა, თქვენ არ გაინტერესებდეთ პოლიტიკა, მაგრამ იგი, ადრე თუ გვიან, ცუდად თუ კარგად, აუცილებლად დაინტერესდება თქვენით.

***
ჭეშმარიტების სრულად დანახვაზე პრეტენზიის განცხადება უკვე საეჭვოა.


აპანი, 2020 წელი

***
ადამიანს ყველაფერი აროდეს ეცოდინება. ტოტალიტარული რეჟიმების პროპაგანდა კი ცდილობს არცოდნის მოცემული ვაკუუმის საკუთარი დამპალი და მზამზარეული “ცოდნით” შევსებას.

***
დიდი სიყვარულის გარეშე დიდი ხელოვანი ვერ გახდები.

***
სიყვარულით, სიკეთითა და სულიერი პრინციპებით ცხოვრება წუთისოფლის გამოვლინებათა ეკალ-ბარდში ღმერთკაცობრივი მოწამეობაა.

***
ისეთი დრო დადგა, რომ ადამიანები ცხოვრებისეული ოცნებების ასრულებას უფრო ადვილად ახერხებენ, ვიდრე ნამდვილი სიყვარულით ცხოვრებას.

***
ეროვნული განწყობა კონსტრუქციულ და პრინციპულ დამოკიდებულებას უნდა ეფუძნებოდეს.

***
ვუზიარებთ რა სხვას საკუთარ თავს, ამით ყველაზე უკეთ ვპოულობთ და ვსწავლობთ ჩვენ თავს. და რამდენჯერაც პირიქით მოვიქცევით, იმდენჯერ დავკარგავთ თავს.

***
სიბრძნესთან შეუღლებულ მეცნიერებას თუ შეუძლია მიაღწიოს აღმშენებლობითი კეთილგონიერების სიმაღლეებს.

***
გამოსავალი მისკენ შეუქცევადი სვლაცაა.

***
სიყვარული-მარადიული სიცოცხლის გასაღები.

***
დასავლური ცივილიზაცია დესპოტიზმის დაძლევაა და ყოველთვის, როდესაც მისი ეს მისწრაფება მარცხს განიცდის, დასავლეთი წარსულის ტყვე ხდება.

***
ასაკი იმსახურებს პატივისცემას, მაგრამ ჭკუა-უფრო.

***
მცოდნე მშვიდობითაა ძლიერი.

***
მცოდნე არ ძალადობს, რადგან მისი ძალა ძალადობისაგან განსხვავდება და იგი მშვიდობაზეა დამყარებული.

***
შინაგანი სიბრმავე ძალადობისკენ უბიძგებს ადამიანს.

***
ცოდნის სიძლიერე მშვიდობაშია.

***
მცოდნის ძალა მშვიდობაშია.

***
მცოდნის ძალა მშვიდობაა.

***
ცოდნამ რომ პარადიგმა შეცვალოს, პროაქტიური უნდა იყოს.

***
პოლიტიკა ადამიანების შინაგან სამყაროთა ერთმანეთთან შეხვედრის ფორმაა.

***
უხერხულში რომ არ ჩავარდე, უნდა ეცადო, რომ შეძლებისდაგვარად ყველას და ყოველთვის მოხერხებულად და გასაგებად გააგებინო ვითარება.

მირკანი, 2019 წელი

***
თუკი ლიტერატურის უმთავრესი მიზანი მოყვასის შეყვარებაა და წიგნისა კი ის, რომ აზროვნება დაგაწყებინოს, ეს ორი მიზანი ერთმანეთთან პირდაპირკავშირშიც ყოფილა.

***
იქ, სადაც პირადი და საზოგადოებრივი ბედნიერება ერთანეთისგანაა დაშორებული, ადრე თუ გვიან, აუცილებლად სავალალო შედეგებს მივიღებთ.

***
ვისაც სიყვარული რ აქვს, საკუთარ თავს უფრო უფრთხილდება და მისი დაკარგვის ეშინია. მაშინ, როდესაც სიყვარულით სავსე სხვასთან შერწყმით კიდევ უფრო ზრდის და იმდიდრებს თავის თავს.

***
თუ ცხოვრობ, ესე იგი, სიკვდილიც იცი. თუ კვდები, სიცოცხლესაც სცნობ. მაგრამ თუ მხოლოდ არსებობ, არც ერთი იცი და არც მეორე.

***
ურთიერთობები გამოწვევების გარეშე არ არსებობს. მთავარია, როგორი დამოკიდებულებით გადავლახავთ მათ. ჯანსაღი განწყობების მქონე წყვილში სირთულეების მოგვარება ერთად და კონსტრუქციულად ხდება. ნებისმიერ შემთხვევაში, აქ ორივე ერთმანეთს და ერთად ცხოვრებას ირჩევს, რადგან ორივესთვის ერთურთი უფრო მთავარია, ვიდრე საკუთარი თავი. ხოლო იქ, სადაც ურთიერთობა კომპლექსებზეა აგებული, საკუთარი თავი სხვაზე უფრო მნიშვნელოვანია და სახეზე სირთულეებისაგან მუდმივი გაქცევის ტენდენცია გვაქვს, რაც სხვა არაფერია, თუ არა ინფანტილურ დონეზე დარჩენა.

***
ყველაფერი, რასაც კეთილი, თუ უკეთური სახით ახორციელებს ადამიანი, ღვთის ხატობის განვითარების, ან მისი დამახინჯების გამოვლინებაა.

***
თავისუფლება და კულტურა ერთმანეთის გარეშე არ არსებობს, რადგან ის რომ გვეკეთებინა, რაც მხოლოდ ჩვენ გვინდა და არ გაგვეთვალისწინებინა სხვა ადამიანთა მისწრაფებები, ცხოვრება გაცილებით უფრო ღარიბი იქნებოდა და ძე კაცისა მოკლებული იქნებოდა განვითარების აუცილებელ, დამატებით საშუალებას, რაც ინტერაქციაში მდგომარეობს.

***
კარგი პოლიტიკის საფუძველი კეთილგონივრული რეფლექსიაა როგორც ინდივიდუალურ, ასევე საზოგადოებრივ დონეზე.

ახალწლისა, 2018 წელი

***
ვინც საკუთარ თავს არ ხედავს, სხვას როგორ დაინახავს? და ვინც სხვას არ ხედავს, ვერც თავის თავს დაინახავს. ნამდვილი ხედვა ყველას არ აქვს და თავმოყვარე განსხვავდება პატივმოყვარესაგან.

***
გვერდში ადამიანს ის უნდა ჰყავდეს, ვისაც უმეგობრებს და ვინც უმეგობრებს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ნამდვილ სიყვარულსაც ერთად ასე უფრო და უფრო მოიღვაწებენ

***
შეყვარება და სიყვარული არსობრივად განსხვავდება ერთმანეთისაგან. შეყვარება შეიძლება ვერ გადავიდეს სიყვარულში მაშინ, როდესაც სიყვარული აუცილებლად შეყვარებასაც მოიცავს. კარგადაა გასარჩევი ერთი მეორისაგან, რომ არ მოხდეს მათი ერთურთში არევა.

***
იქ, სადაც პოლიტიკის აღქმა “მართვის ხელოვნებას” ვერ სცილდება, ლოგიკურია, რომ ვერც ადამიანი იქნება ბედნიერი და ვერც საზოგადოება.

***
პოლიტიკა მხოლოდ ისეთი მართვის ხელოვნებას შეიძლება დაერქვას, რომელიც პიროვნებისა და საზოგადოების ბედნიერების სამსახურში დგას.

 

იგრიკა, 2011 წელი

* * *
ფიქრებით შემოიარო სამყარო ნიშნავს, დაათვალიერო იგი, მაგრამ მხოლოდ გულისხედვით თუ ვუღრმავდებით და ვეხებით მას. არსებობისა და შესაქმის სინამდვილე გულში, გულით ცხადდება და გვიცხადდება.

* * *
ადამიანის ძირითადი ნიში აზროვნებაა, კაცისა-ზნეობა, ზეკაცისა კი-სიყვარული.

* * *
ნამდვილი პოლიტიკა  ადამიანებს შორის მეგობრობიდან და თავისუფლებიდან გამომდინარეობს, ემყარება და ამრავლებს მათ.

* * *
ადამიანის, საზოგადოებებისა და კაცობრიობის უზნეობა თითოეულისათვის დამღუპველი ჩიხია.

* * *
ქალი შეგრძნებით შეიცნობა.

* * *
კაცი მაშინაა ჭეშმარიტი ფილოსოფოსი, როდესაც სოფიას თვითონ ღმერთი წარმოადგენს.

* * *
ცალკერძი ზნეობა არაა საკმარისი, თუკი მას არ ეხიდება და არ ავსებს მოღვაწეობა.

* * *
ადამიანი და ერი, რომელიც არ ცხოვრობს და არ ქმნის ისტორიას, ისტორიის გარეთ რჩება და ქრება.

* * *
არ არსებობს იმაზე უფრო დიდი გამარჯვება, ვიდრე საკუთარი თავის დაუფლება. შემდეგ, სხვა ყველაფერი ამის შედეგია ადამიანის ცხოვრებაში.

* * *
ისტორიის შექმნაში ლომის წილი კაცუნებს კი არა, შინაგანად მწიფე პიროვნებებს შეაქვთ.

* * *
მშვენიერება ალამაზებს.

* * *
თავმდაბლობაში თავისუფალი უნდა ხდებოდე და არა-მონა.

* * *
სიტყვებს თავიანთი გრძნობები გააჩნიათ-მხოლოდ ემოციურად ცოცხალი ადამიანები უღრმავდებიან და სწვდებიან მათ შინაარსს.

ღვინობისთვე, 2009

* * *
არსობრივად, დუმილი შინაგანი საუბარია.

* * *
ღვინო ბედნიერებისთვისაა და არა-დასათრობად.

* * *
ბევრის ცოდნა არ ნიშნავს, რომ ბევრი გესმის. თუმცა, ერთი მეორეს ავსებს.

* * *
ცოდნა სიბრძნისთვისაა საჭირო, სიბრძნე-თავისუფლებისათვის, თავის-უფლება კი იმისათვის, რომ პიროვნებას წარმოადგენდე.

* * *
პოლიტიკის გარდა პოლიტიკაზე ყველაფერს ვკითხულობ, რათა უფრო ღრმად და უკეთესად ვიცოდე იგი.

* * *
დასავლეთმა თეორია პრაქტიკას დაუპირისპირა, აღმოსავლეთმა კი პრაქტიკა-ცოდნას; და ეს მაშინ, როცა ერთმანეთის გარეშე ერთიც იკარგება და მეორეც.

* * *
ადამიანები მისთვის ვვარსებობთ, რომ უფრო მეტად ვაკეთილშობილებდეთ ერთმანეთის როგორც შინაგან, ასევე, გარესამყაროებს.

* * *
სიკვდილის მას ეშინია, ვისაც არ უცხოვრია.

* * *
ადამიანი არსებობას გულით ცხოვრობს.

* * *
ადამიანს სიკვდილთან ღირსეული ჭიდილი და შეძლებისდაგვარად მეტი სიცოცხლის დატევის წყურვილი აკეთილშობილებს.

* * *
მინდია მთელი თავით უფრო მაღლა დგას, ვიდრე ყველა ტექნოგენური ადამიანი ერთადაღებული.

* * *
ტექნოლოგია ზოგისთვის ყავარჯენია, ზოგისთვის-ექსკალიბური.

* * *
ჰომერული სიცილის რაობა ჯოჯოხეთზე უარესიცაა და უფრო დიდიც.

* * *
თავის-უფალი კაცი, პიროვნება საკუთარ ქვენა ვნებებთან მოჭიდავე და ამ ჭიდილში გამარჯვებული ადამიანია.

* * *
ერის კეთილდღეობა თავისთავად სახელმწიფოს აყვავებასაც გულისხმობს მაშინ, როდესაც შეიძლება წარმოადგენდეს რა მმართველი ნაწილის ინტერესების განხორციელების მექანიზმს, სახელმწიფოებრივი სიკეთე იქცეს ერის ბედნიერი ცხოვრების სრულიად საწინააღმდეგო პერსპექტივად.

* * *
ადამიანებს შორის ურთიერთობაში მწერლობას გაცილებით მეტი უპირატესობა გააჩნია, ვიდრე ფილოსოფიას. მაშინ, როცა მეორე შეიძლება უძრავად გაიყინოს ერთ ადგილზე და ნაბიჯიც ვერ გადადგას წინ, ლიტერატურას მუდამ გააჩნია გაყინული წერტილიდან ამოძრავებისათვის საჭირო საკმარისი მარაგი.

* * *
ფილოსოფია ისეთი აზროვნებითი ლაბირინთიცაა, არიადნეს ძაფი თუ არ მოიშველიე, დაიკარგები, დაიღუპები.

* * *
ადამიანი ქრისტეფორე კოლუმბია და ადამიანები-აღმოსაჩენი კონტინენტები.

* * *
არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = http://www.kubrick2001.com

* * *
საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა.

* * *
ვინც რბილიცაა, მტკიცეა; ვინც მტკიცეცაა, რბილია.
ვინც მტკიცეა, გადატყდება; ვინც რბილია, დამარცხდება.

* * *
საყვარელი ადამიანის სახელის წარმოთქმა უკვდავი ბედნიერებაა. ამის საფუძველზე ღმერთის წმინდა სახელის წარმოთქმა განუზომლად კიდევ უფრო დიდი მზიურობაა.

* * *
koka + koka reloaded + koka revolution = KOKA…

* * *
არიან ადამიანები, ვისთანაც სჯობს, არ იკამათო. არის ვითარებები, სადაც სჯობს არ იკამათო. ორივეს გაცნობიერება სიბრძნის ნიშანია.

* * *
ყველა ფერი სულ ერთია …

* * *
გარდაცვალება კიდევ უფრო დიდი სიცოცხლეა, თუკი ცხოვრობ.

* * *
ფილოსოფიას არ მოაქვს ხსნა. იგი მხოლოდ ნაწილობრივ გვეხმარება ამაში.

* * *
ეროვნება პიროვნების განვითარების განუყოფელი საფეხურია.

* * *
ფილოსოფია იმ სიმბოლურ “5 ევროს” მიაგავს, რომლის მიხედვითაც შეიძლება მეგობრობის ფასის, თუ ფასდაუდებლობის გაგება.

* * *
თუკი საინტერესო დროში ცხოვრება ჩინური წყევლაა, აპოკალიფსი ასეთი ხანაა.

* * *
მებრძოლი შემართება ცხოვრების სათავისკენ სვლის შემთხვევაშია გამართლებული და აუცილებელი, არა მისგან დაშორებისათვის.