ახალწლისა, 2011 წელი

* * *
პოეზია ისაა, როცა მუსიკა გულიდან ნაკადულივით მოჩუხჩუხებს.

* * *
გონების თვალსაწიერი საზღვრულია, გულისა კი-უსასრულო

* * *
შინაგანი ბუნებით უმწიფარი ადამიანები წინდაწინ შეფუთულ და მზამზარეულად მორთმეულ სრულყოფილებას მოითხოვენ იმის მაგივრად, რომ თვითონ ესწრაფვოდნენ მას.

* * *
ცხოვრება ვენახია, ღვინო-პოეზია.

* * *
სიყვარული დანახვაცაა.

* * *
რწმენა გულის ცოდნაა.

ღვინობისთვე, 2009

* * *
არსობრივად, დუმილი შინაგანი საუბარია.

* * *
ღვინო ბედნიერებისთვისაა და არა-დასათრობად.

* * *
ბევრის ცოდნა არ ნიშნავს, რომ ბევრი გესმის. თუმცა, ერთი მეორეს ავსებს.

* * *
ცოდნა სიბრძნისთვისაა საჭირო, სიბრძნე-თავისუფლებისათვის, თავის-უფლება კი იმისათვის, რომ პიროვნებას წარმოადგენდე.

* * *
პოლიტიკის გარდა პოლიტიკაზე ყველაფერს ვკითხულობ, რათა უფრო ღრმად და უკეთესად ვიცოდე იგი.

* * *
დასავლეთმა თეორია პრაქტიკას დაუპირისპირა, აღმოსავლეთმა კი პრაქტიკა-ცოდნას; და ეს მაშინ, როცა ერთმანეთის გარეშე ერთიც იკარგება და მეორეც.

* * *
ადამიანები მისთვის ვვარსებობთ, რომ უფრო მეტად ვაკეთილშობილებდეთ ერთმანეთის როგორც შინაგან, ასევე, გარესამყაროებს.

* * *
სიკვდილის მას ეშინია, ვისაც არ უცხოვრია.

* * *
ადამიანი არსებობას გულით ცხოვრობს.

* * *
ადამიანს სიკვდილთან ღირსეული ჭიდილი და შეძლებისდაგვარად მეტი სიცოცხლის დატევის წყურვილი აკეთილშობილებს.

* * *
მინდია მთელი თავით უფრო მაღლა დგას, ვიდრე ყველა ტექნოგენური ადამიანი ერთადაღებული.

* * *
ტექნოლოგია ზოგისთვის ყავარჯენია, ზოგისთვის-ექსკალიბური.

* * *
ჰომერული სიცილის რაობა ჯოჯოხეთზე უარესიცაა და უფრო დიდიც.

* * *
თავის-უფალი კაცი, პიროვნება საკუთარ ქვენა ვნებებთან მოჭიდავე და ამ ჭიდილში გამარჯვებული ადამიანია.

* * *
ერის კეთილდღეობა თავისთავად სახელმწიფოს აყვავებასაც გულისხმობს მაშინ, როდესაც შეიძლება წარმოადგენდეს რა მმართველი ნაწილის ინტერესების განხორციელების მექანიზმს, სახელმწიფოებრივი სიკეთე იქცეს ერის ბედნიერი ცხოვრების სრულიად საწინააღმდეგო პერსპექტივად.

* * *
ადამიანებს შორის ურთიერთობაში მწერლობას გაცილებით მეტი უპირატესობა გააჩნია, ვიდრე ფილოსოფიას. მაშინ, როცა მეორე შეიძლება უძრავად გაიყინოს ერთ ადგილზე და ნაბიჯიც ვერ გადადგას წინ, ლიტერატურას მუდამ გააჩნია გაყინული წერტილიდან ამოძრავებისათვის საჭირო საკმარისი მარაგი.

* * *
ფილოსოფია ისეთი აზროვნებითი ლაბირინთიცაა, არიადნეს ძაფი თუ არ მოიშველიე, დაიკარგები, დაიღუპები.

* * *
ადამიანი ქრისტეფორე კოლუმბია და ადამიანები-აღმოსაჩენი კონტინენტები.

* * *
არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = http://www.kubrick2001.com

* * *
საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა.

* * *
ვინც რბილიცაა, მტკიცეა; ვინც მტკიცეცაა, რბილია.
ვინც მტკიცეა, გადატყდება; ვინც რბილია, დამარცხდება.

* * *
საყვარელი ადამიანის სახელის წარმოთქმა უკვდავი ბედნიერებაა. ამის საფუძველზე ღმერთის წმინდა სახელის წარმოთქმა განუზომლად კიდევ უფრო დიდი მზიურობაა.

* * *
koka + koka reloaded + koka revolution = KOKA…

* * *
არიან ადამიანები, ვისთანაც სჯობს, არ იკამათო. არის ვითარებები, სადაც სჯობს არ იკამათო. ორივეს გაცნობიერება სიბრძნის ნიშანია.

* * *
ყველა ფერი სულ ერთია …

* * *
გარდაცვალება კიდევ უფრო დიდი სიცოცხლეა, თუკი ცხოვრობ.

* * *
ფილოსოფიას არ მოაქვს ხსნა. იგი მხოლოდ ნაწილობრივ გვეხმარება ამაში.

* * *
ეროვნება პიროვნების განვითარების განუყოფელი საფეხურია.

* * *
ფილოსოფია იმ სიმბოლურ “5 ევროს” მიაგავს, რომლის მიხედვითაც შეიძლება მეგობრობის ფასის, თუ ფასდაუდებლობის გაგება.

* * *
თუკი საინტერესო დროში ცხოვრება ჩინური წყევლაა, აპოკალიფსი ასეთი ხანაა.

* * *
მებრძოლი შემართება ცხოვრების სათავისკენ სვლის შემთხვევაშია გამართლებული და აუცილებელი, არა მისგან დაშორებისათვის.

ახალწლისა, 2008

* * *
ლექსისა და პოეზიის შეგრძნება ქალის მოფერებას ჰგავს: თუ შინაგანად არ გაითავისე და არ დაინახე, მდაბიური მოყირჭება იცის.

* * *
როგორ გინდა პატივი გცეს ადამიანმა, თუკი სამშობლოს არ სცემ პატივს?

* * *
რვალისებური ხასიათი წითელიცაა, თეთრიცა და შავიც.

* * *
ვინც ადამიანებსა და კაცობრიობას მსოფლიო წესრიგის დამყარებისათვის საჭირო საშუალებად მიიჩნევს, არ უყვარს არც მოყვასი და არც ღმერთი და ამსოფლიური სამოთხის აპელირებით ჯოჯოხეთის დამყარებას უწყობს ხელს. სადაც სიყვარული არაა, იქ მშვენიერებაა მიმქრალი.

* * *
ღვინო ლოცვითა და სიყვარულით უნდა იწურებოდეს. ღვინო საკრალური ცხოვრებაა.

* * *
კაფკა-ევროპის შუაგულის ვირტუალურ სივრცეთა მძლავრი ფანტომი.

* * *
გულიდან ამოსული სიტყვები ვაზია, რომელიც გონების საროს მეშვეობით იყრის ტანს ზეცისკენ.

* * *
XX საუკუნის 20-30 წლების დასავლური კაფეები-ნაზი ავაზების გალია.

* * *
პოეზია უპირველესად გულის ნაჟურია და არა გონებისა.

* * *
ყოფიერება ხდება ტრაგედია, მაგრამ ამ უკანასკნელს აქვს გაგრძელება და იგი სიცოცხლის გამარჯვებაა.

* * *
სადაც მიწა არაა, იქ ცაში ვერ აფრინდები.

* * *
მანდილოსნის რვალისებურ “არა”-ზე მაღლა ისეთი მზიურად ცხელი სიყვარული დგას, რომელიც ამ “არა”-ს თანხმობად გადაადნობს.

* * *
ცხოვრება, როგორც ლხინი და ერთმანეთის გამაბედნიერებელი ურთიერთობები, თუ ცხოვრება, როგორც ბაზარი და საბაზრო ურთიერთობები?!…

* * *

არა, მხოლოდ ფილოსოფოსი ვერ გადაარჩენს სამყაროს მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების ასეთი წესი ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილია სოტეროლოგიის.

* * *
ბედნიერებაა ერთადერთი სინამდვილე-სხვა ყოველი მირაჟია.

* * *
ბედნიერების საიდუმლო სიყვარულშია.

* * *
ვინც დროს ხარჯავს, მას დრო ხარჯავს.

* * *
დასავლეთი ერთი დიდი სულიერი სტეპი გახდა.

* * *
სიკვდილთან და-ძმობა და მისი გასიგრძეგანება სიცოცხლეს აძლიერებს და უკეთესს ხდის.

* * *
დასავლეთის სიცოცხლე და ახალგაზრდობა აღმოსავლეთშია.

* * *
უჭკნობ სილამაზეს მშვენიერება ქმნის.