მარიამობისთვე, 2010 წელი

* * *
საქმე მხოლოდ მხილება და სიმართლის პირში თქმა კი არაა, არამედ ისიც, თუ რამდენად მოახერხებ თანამოსაუბრის გულთან შეხებასა და მის კიდევ უფრო მეტად გაკეთილშობილებას.

* * *

კეთილგონიერება გულით გაზავებული გონებაა.

* * *

არეული გული ისევე დამაბნეველია, როგორც-უგულო გონება.

* * *

თუკი სამყაროს სუნთქვას გულისყურს მიაპყრობთ, უკვდავებას მოგიყვებათ

* * *

გენიალურობის პირველი საფეხური საკუთარ შინაგან სამყაროში წონასწორობის შემეცნება და გამომუშავებაა.

* * *

ფილოსოფია გარკვეულწილად კეთილგონიერების აუცილებელი პირობაა, მაგრამ მტრისას ცალმხრივი და უკიდურესი ფილოსოფოსობა.

* * *

ნაკლულ პასუხისმგებლობასა და შეგნებაზე დაფუძნებული უფლება თავხედობაში გადადის.

* * *

სიმართლით ცხოვრების არსი თავისი უღრმესი რაობით ფილოსოფიურია, ხოლო ჭეშმარიტებისათვის თავგანწირვის შემძლეობა კი სიყვარულის ზეიმია და პოეზიის უზენაეს გამოვლინებას წარმოადგენს.

* * *
ცივილიზაციას თავისი მანკიერებები აქრობს, რაც ადამიანთა ნაკლოვანებებისა და არასრულყოფილების გამძაფრებითაა გამოწვეული.

* * *

თუ რამის შეცვლა გინდა, შედეგებზე კონცენტრირება უდიდესი თუ არა, დიდი შეცდომაა. მიზეზებში ჩაღრმავებით უნდა იწყებოდეს პროგრესულ ცვლილებაზე ორიენტირებული კრიტიკა. მოვლენების პირველსაწყისები კი მუდამ ადამიანში უნდა ვეძიოთ.

* * *

აცოცხლებული სულის პატრონს ნაკლები დრო აქვს განმარტებებისათვის-მისი საქმეები და ქმედებანი თვითონ არიან სიყვარულით გზნებული სიცოცხლის, წმინდა სამების არსებობის საუკეთესო და კონკრეტული თარგმანებანი.

* * *

გულის ენა სიჩუმეში დაბადებული მუსიკაა.

* * *

სულიერი მეგობრობა ორთა შორის უსაზღვროების სიმტკიცეა.


* * *

ცოდვა იმ ნახვრეტსა ჰგავს, რომლიდანაც გაედინება ჩვენში დაგროვებული ღვთიური მადლი.

* * *

პოეზია მშვენიერების განხორციელებაა, კეთებაა, სი-კეთ-ეა.

* * *

ბედნიერება სულის ზრდაა.

* * *

“უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი”-ამ პაწაწინა ლოცვაში მთელი სამყარო და უფრო მეტია ჩატეული.

* * *

სიყვარულის ძალა ღვთის წყალობაა.

* * *

სუსტი და ცარიელი სულის ჭურჭელი სიკვდილით ივსება და კვდება, შინაგანად ძლიერი და მრთელი კი სიცოცხლით, სიყვარულით, სიკეთით ივსება და მარადისობაში გარდაიცვლება.

* * *

ქართველი ერი მას იყვარებს, ვინც მის სულს ზრდის და არა კლავს.

* * *

გულისმიერი ცნობიერების დროში ჩაღრმავება აჩერებს წარმავალი დროის მდინარებას და ციური მზიურობის ზიარს ქმნის ადამიანს.

* * *

გარდაცვალება ღმერთთან შემახვედრებელი ხიდია, რომლისადმი მისასვლელი გზის გავლა ღირსეულად ჰხამს.

* * *

სიცოცხლის წიგნი ქაღალდზე კი არა, გულის ფურცელზე იწერება.

* * *

ნაკლის ასახვა შეიძლება უმსგავსოებად იქცეს, თუკი ეს მისი გამოსწორების მიზნით არ ხდება და ოდენ აღწერით შემოიფარგლება.

მკათათვისა, 2010 წელი

* * *
უზენაეს სიბრძნეთაგანია, როცა ნებისმიერ პირობებში ჰარმონიული ხარ საკუთარ თავთანაც და გარესამყაროსთანაც.

* * *
საქართველოს მუდამ ღვთითკურთხეული საქართველო თუ აერთიანებდა ოდენ…

* * *
დუმილში დაბადებული მუსიკა გულის ნიაგარების ძალისაა.

* * *
ამპარტავნება უგულო ყინულეთია.

* * *
გრძნობა გულის ხედვაა.

* * *
ხელმწიფება ტიტული კი არა, საკუთარი ერის მსახურებაა.

* * *
თავისუფლება საკუთარი თავის გაცნობიერება კი არაა ოდენ, მისი გრძნობაცაა.

* * *
თავისუფლება საკუთარ თავში გონებისა და გრძნობის შეხმატკბილებული გამარჯვებაა.

* * *
სიკეთე ცოდნისა და სიბრძნის მომდევნო, განხორციელებული საფეხურია.

* * *
იმარჯვებენ სიყვარულის სიბრძნითა და ვაჟკაცობით. ყოველგვარი სხვაგვარი გამარჯვება ილუზია და სიცრუეა.

* * *
სხვა თუ გძულს, ესე იგი, არც საკუთარი თავი გიყვარს.

* * *
აზრის გასიტყვება ნახევარი საქმეა.

* * *
კეთილი იდეის სიძლიერე მის ქმნა-განხორციელებაშია.

* * *
ღმერთს საქმით უფრო უახლოვდებიან, ვიდრე საუბრებით.

* * *
ქრისტიანული განახლება ღმერთთან დაბრუნებისა და ამ სასწაულით გამოწვეული უნაპირო, ენითგამოუთქმელი ბედნიერების მარადიული პარადიგმაა.

* * *
სიცოცხლე საცხოვრებელია.

* * *
ცხოვრება მოქმედებაში მოყვანილი, ამოძრავებული სიცოცხლეა.

* * *
სიცოცხლე ღვთიური ტალანტია, რომელიც შეიძლება შენი სულის ოთახში მდგარ კიდობანში გამოკეტო, ან გაასულიერო და გაივსო მისით. პირველი ცხოვრების ილუზიას ბადებს და სიცოცხლის დაკარგვამდე, შინაგან კვდომამდე მიჰყავს ადამიანი, მეორე კი მზესავით განათებულს ხდის ადამის ნაშიერს.

* * *
ფიქრებით სიახლოვე და გულით სიახლოვე სხვა და სხვა რამეა, თუმცა, ერთი მეორეს არ გამორიცხავს და ერთმანეთს ავსებენ.

* * *
სიყვარული და მეგობრობა შინაგანი თუ გარეგანი შეჭირვებიდან მუდმივი საუკეთესო გამოსავალია.

* * *
საკუთარი თავი რომ შეიცნო, ჯერ უნდა დაინახო იგი.

* * *
ადამიანი საკუთარ თავს უკეთ სულიერი დიალოგის დროს ხედავს.

* * *
გონებისმიერი ცხოვრება სტატიურია… გულისმიერი კი-დინამიური.

* * *
გულკეთილობა და კეთილგონიერება ერთმანეთს ავსებენ, მაგრამ წინამძღოლი პირველია.

* * *
ადამიანის შინაგანი სიმწიფე ჯერ კიდევ არ ნიშნავს ბედნიერებას. პირველი მეორის ჭურჭლად თუ გამოდგება.

* * *
სიცოცხლეს უფალი ღმერთი მშობლების მეშვეობით გვანიჭებს, ცხოვრება კი სიკეთის ზეიმია.

* * *
ბაგის კიდეები ბედნიერების ბარომეტრია…

* * *
ადამიანებს გვიკვირს ხოლმე, თუ რატომაა სიცოცხლე ძალადობითა და უსამართლობით სავსე. არადა, ამის მიზეზი თითოეულ ჩვენთაგანშია. ჩვენ რომ მართლა ვ-ც-ხ-ო-ვ-რ-ო-ბ-დ-ე-თ, ცხოვრება სიკეთის ზეიმად იქცეოდა.

* * *
ვისი შინაგანი სამყაროც სიკეთით, სიყვარულით, სიმამაცითა და პასუხისმგებლობითაა სავსე, ანუ ვინც ნაღდი ცხოვრებითაა გავსებული, ის ერსა და სახელმწიფოზე ზრუნავს. ვინც შინაგანად ცარიელია და გარეგნული ზიზილ-პიპილოებით სავსე, საკუთარი ფუტურო საქმეებით ცხადად აჩენს თავის ნამდვილ სახეს

აპნისი, 2010

* * *
ღრმა და კეთილშობილური შინაგანი ბუნების მქონე ადამიანისათვის სიტყვა ”მეგობრობა” ზღვის ფსკერის ერთ-ერთი კენჭი კი არა, თავად ოკეანეა.

* * *
თუ გინდა იყო პოეტი, საკუთარი თავში უნდა გაიარო სიბრძნის სიყვარულის ეტაპი, გასცდე და ამაღლდე მასზე.

* * *
სიტყვა ჩვენი მეშვეობით გადმოღვრილი ჭეშმარიტების ნაპერწკალი შეიძლება იყოს.

* * *
სიმართლე აადვილებს ბედნიერებას გულმართალ ადამიანებს შორის.

* * *
მშვიდობის რაინდი უფრო დიდი მებრძოლია, ვიდრე ის, ვინც გამალებით ომისკენ იწევა.

* * *
გულის აზროვნება მუსიკალურია.

* * *
გულწრფელობაში ადამიანები ერთმანეთს შეხვედრამდეც იცნობენ.

* * *
პოეზია ფილოსოფიის შემდეგი საფეხურია.

* * *
როცა სული სულს ხვდება, დრო ჩერდება.

* * *
თვითმკვლელობა კვდომის ერთ-ერთი უკანასკნელი აქტია.

* * *
მეტყველი დუმილი ისეთი სისპეტაკეა, რომელიც ფერთა ყველა გამას მოიცავს საკუთარ თავში.

* * *
ნეტარია ის წყვილი, რომელშიც არა ოდენ სიცოცხლე, სიკვდილიც კი არ შეუძლიათ უერთმანეთოდ. ბედნიერებაა ასეთი მეგობრობაც და სიკვდილიც.

* * *
ვიღაც იდეალურ ადამიანზე ილუზიის ტყვეა, ვიღასაც კი სწამს მეგობრობისა და სიყვარულის და ცხოვრობს კიდეც მათ.

* * *
ფილოსოფია გამოღვიძებაა, პოეზია-სიცოცხლე.

* * *
ყოველივე ის, რაც პოეზია ხდება, გულის გასაღებად შეიძლება იქცეს. უზენაეს მზიურობასთან შერწყმული და საკუთარ თავში მარადიულობის მჭედლები თავიანთი შემოქმედებითა და ცხოვრებით სხვას არაფერს ტოვებენ, თუ არ ადამიანების გულთა ხსნის კონკრეტულ საშუალებებს.

* * *
ვინც ადამიანში ღვთის ხატად ჩაბეჭდილი მშვენიერება დაინახა, ისიც იხილა, თუ რაოდენ საოცარი სინამდვილე შეიძლება იყოს კვდომისა და ცოდვისაგან გათავისუფლებული ყოფიერება.

* * *
ბოლერო-გულის გასაღები ჰიმნი.

* * *
დავით გურამიშვილი: დიდი ქართველი მოძღვარი პოეტი.

* * *
მოცარტის ზეისტორიული მუსიკა ისაა, რაც იყო, არის და იქნება.

* * *
უმეტესი ადამიანის ცხოვრება “არარსებითი” სახელია, ბევრის-არსებითი სახელი, ერთეულებისა კი-ზმნა.

ღვინობისთვე, 2009

* * *
არსობრივად, დუმილი შინაგანი საუბარია.

* * *
ღვინო ბედნიერებისთვისაა და არა-დასათრობად.

* * *
ბევრის ცოდნა არ ნიშნავს, რომ ბევრი გესმის. თუმცა, ერთი მეორეს ავსებს.

* * *
ცოდნა სიბრძნისთვისაა საჭირო, სიბრძნე-თავისუფლებისათვის, თავის-უფლება კი იმისათვის, რომ პიროვნებას წარმოადგენდე.

* * *
პოლიტიკის გარდა პოლიტიკაზე ყველაფერს ვკითხულობ, რათა უფრო ღრმად და უკეთესად ვიცოდე იგი.

* * *
დასავლეთმა თეორია პრაქტიკას დაუპირისპირა, აღმოსავლეთმა კი პრაქტიკა-ცოდნას; და ეს მაშინ, როცა ერთმანეთის გარეშე ერთიც იკარგება და მეორეც.

* * *
ადამიანები მისთვის ვვარსებობთ, რომ უფრო მეტად ვაკეთილშობილებდეთ ერთმანეთის როგორც შინაგან, ასევე, გარესამყაროებს.

* * *
სიკვდილის მას ეშინია, ვისაც არ უცხოვრია.

* * *
ადამიანი არსებობას გულით ცხოვრობს.

* * *
ადამიანს სიკვდილთან ღირსეული ჭიდილი და შეძლებისდაგვარად მეტი სიცოცხლის დატევის წყურვილი აკეთილშობილებს.

* * *
მინდია მთელი თავით უფრო მაღლა დგას, ვიდრე ყველა ტექნოგენური ადამიანი ერთადაღებული.

* * *
ტექნოლოგია ზოგისთვის ყავარჯენია, ზოგისთვის-ექსკალიბური.

* * *
ჰომერული სიცილის რაობა ჯოჯოხეთზე უარესიცაა და უფრო დიდიც.

* * *
თავის-უფალი კაცი, პიროვნება საკუთარ ქვენა ვნებებთან მოჭიდავე და ამ ჭიდილში გამარჯვებული ადამიანია.

* * *
ერის კეთილდღეობა თავისთავად სახელმწიფოს აყვავებასაც გულისხმობს მაშინ, როდესაც შეიძლება წარმოადგენდეს რა მმართველი ნაწილის ინტერესების განხორციელების მექანიზმს, სახელმწიფოებრივი სიკეთე იქცეს ერის ბედნიერი ცხოვრების სრულიად საწინააღმდეგო პერსპექტივად.

* * *
ადამიანებს შორის ურთიერთობაში მწერლობას გაცილებით მეტი უპირატესობა გააჩნია, ვიდრე ფილოსოფიას. მაშინ, როცა მეორე შეიძლება უძრავად გაიყინოს ერთ ადგილზე და ნაბიჯიც ვერ გადადგას წინ, ლიტერატურას მუდამ გააჩნია გაყინული წერტილიდან ამოძრავებისათვის საჭირო საკმარისი მარაგი.

* * *
ფილოსოფია ისეთი აზროვნებითი ლაბირინთიცაა, არიადნეს ძაფი თუ არ მოიშველიე, დაიკარგები, დაიღუპები.

* * *
ადამიანი ქრისტეფორე კოლუმბია და ადამიანები-აღმოსაჩენი კონტინენტები.

* * *
არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = http://www.kubrick2001.com

* * *
საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა.

* * *
ვინც რბილიცაა, მტკიცეა; ვინც მტკიცეცაა, რბილია.
ვინც მტკიცეა, გადატყდება; ვინც რბილია, დამარცხდება.

* * *
საყვარელი ადამიანის სახელის წარმოთქმა უკვდავი ბედნიერებაა. ამის საფუძველზე ღმერთის წმინდა სახელის წარმოთქმა განუზომლად კიდევ უფრო დიდი მზიურობაა.

* * *
koka + koka reloaded + koka revolution = KOKA…

* * *
არიან ადამიანები, ვისთანაც სჯობს, არ იკამათო. არის ვითარებები, სადაც სჯობს არ იკამათო. ორივეს გაცნობიერება სიბრძნის ნიშანია.

* * *
ყველა ფერი სულ ერთია …

* * *
გარდაცვალება კიდევ უფრო დიდი სიცოცხლეა, თუკი ცხოვრობ.

* * *
ფილოსოფიას არ მოაქვს ხსნა. იგი მხოლოდ ნაწილობრივ გვეხმარება ამაში.

* * *
ეროვნება პიროვნების განვითარების განუყოფელი საფეხურია.

* * *
ფილოსოფია იმ სიმბოლურ “5 ევროს” მიაგავს, რომლის მიხედვითაც შეიძლება მეგობრობის ფასის, თუ ფასდაუდებლობის გაგება.

* * *
თუკი საინტერესო დროში ცხოვრება ჩინური წყევლაა, აპოკალიფსი ასეთი ხანაა.

* * *
მებრძოლი შემართება ცხოვრების სათავისკენ სვლის შემთხვევაშია გამართლებული და აუცილებელი, არა მისგან დაშორებისათვის.