აპანი, 2020 წელი

***
ღმერთის კმაყოფილი უნდა იყო, საკუთარი თავისა კი-არასოდეს

***
ცხონებისათვის ფიქრმა და საქმემ ლაპარაკი უნდა გადასწონოს.

***
მხოლოდ წესებითა და ტრადიციებით ხელმძღვანელობა წარმართობა და კერპთაყვანისმცემლობაა მაშინ, როდესაც წეს-ტრადიციების კარგად ცოდნასთან ერთად სიყვარულისთვის უპირატესობის მინიჭება და მისით ხელმძღვანელობა-ქრისტიანობა.

***
სიცოცხლის წყაროსკენ მიმავალი გზა სიკვდილის დაძლევაზე გადის.

***
წარსულთან მეგობრობა სჯობს წარსულის ტყვეობას.

მკათათვე, 2012 წელი

* * *
ზედაპირულია და არ აქვს სურნელება სიტყვას, რომელიც საქმით არაა შემტკიცებული და გავსებული.

* * *
რა არის რწმენა? მოქმედი სიყვარული.

* * *
ვისაც ქრისტიანობა კვდომისა და ჭკნობის ნაცრისფერი, უღიმღამო სარწმუნოება ჰგონია, მან ვერაფერი გაუგო ქრისტეს მოძღვრებას. და ეს მაშინ, როდესაც მაცხოვრის მიერ განვლილი და ჩვენთვის დატოვებული გზა სხვა არაფერია, თუ არა სწორედაც რომ სიკვდილის ძლევა, კვდომაზე სიყვარულითა და სულიერი, გულისმიერი სიცოცხლის აყვავილებით გამარჯვება. ქრისტიანობა სიყვარულის მზეობაა.

* * *
ერთადერთი გამოსავალი დავიწყებაში კი არა, სიყვარულშია. მიჰყევი გულის გზასავალს.

* * *
რა მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყოთ, მუდამ გავბედოთ და ავირჩიოთ სიცოცხლე.

* * *
ქრისტე-მაცხოვარო, სიყვარულით შენ უკვე აქ დაამარცხე ბოროტება და ცოდვა.

თიბათვე, 2012 წელი

* * *
ვინც მართლა ცხოვრობს, მისი სული ტკივილზე ღიმილითა და სიყვარულით ერთი თავით მაღლა დგას.

* * *
სიყვარული სულში იბადება და გულში იფურჩქნება, გულში ყვავილობს.

* * *
ზოგი გვარითაა ბაგრატიონი, ზოგი-სულით.

* * *
ქართული ლხინი ქრისტიანულად გამართული ეროვნული ხასიათის ლიტურგიაა.

* * *
სიყვარულია ისიც, როცა იცი, გიღალატეს, ლახვარი ჩაგცეს ზურგიდან ფარულად, გული დაგისერეს და შენ მაინც ლოცულობ მისთვის.

* * *
სიყვარულს უფრო გრძნობენ და ცხოვრობენ, ვიდრე იციან იგი.

* * *
ვმოძრაობთ მხოლოდ გულით და სულით.

* * *
ზოგის გული სიკვდილს უძლებს, ზოგისა კიდევ-სიცოცხლეს. არიან ისინიც, ვინც ერთსაც იტევს და მეორესაც… ეს კი იმდენად აუტანელია, სიყვარულით თუ ერევიან ოდენ.

* * *
სიყვარული-არ არსებობს სიკეთე, რომელიც მასში არ იყოს. ყველანაირ დარიგებას, სიბრძნეს, სიხარულს, სინათლეს, სითბოს, სიტკბოს, ყოველივე ისეთ სასურველს მოიცავს იგი, რომელიც გვაბედნიერებს და ღმერთში გვამკვიდრებს. სადაც სიყვარული არაა, იქ ყველაფერი რიტორიკაა.

* * *
სიცოცხლე ვერ იქნება ის, რაც სიცოცხლის წყაროს აშორებს კაცს.

* * *
სიყვარული მზის სიმაღლეა.

* * *
სიყვარული ადამიანის შიგნით არსებული ორკესტრის დირიჟორია

ვარდობისთვე, 2012 წელი

* * *
სულიერი ტკივილები საკუთარ თავში გაცილებით უფრო მეტად გვაღრმავებენ, ვიდრე ამაოების ბრჭყვიალა და მაცდური ზეიმის მორევში ჩაყოლა.

* * *
როცა გიყვარს, ტკივილებიც კი გაბედნიერებენ.

* * *
სიყვარულში არ ეშინიათ ტკივილების და ზურგს არ აქცევენ მათ, რადგან თვითონ სიყვარულის დასაბამი ღმერთი იძლევა საამისო ძალას, შინაარსსა და შეგნებას.

* * *
ერთადერთი სიყვარულია, რომელშიც ტკივილიც და სიხარულიც ორივე ბედნიერებას ბადებს.

* * *
ღმერთს ოდენ გულით თუ ვკრავთ თვალს.

* * *
ქრისტიანობა სიყვარულის წესებზე უფრო მეტად სიყვარულის შინაგანი მდგომარეობაა.

* * *

მკათათვისა, 2010 წელი

* * *
უზენაეს სიბრძნეთაგანია, როცა ნებისმიერ პირობებში ჰარმონიული ხარ საკუთარ თავთანაც და გარესამყაროსთანაც.

* * *
საქართველოს მუდამ ღვთითკურთხეული საქართველო თუ აერთიანებდა ოდენ…

* * *
დუმილში დაბადებული მუსიკა გულის ნიაგარების ძალისაა.

* * *
ამპარტავნება უგულო ყინულეთია.

* * *
გრძნობა გულის ხედვაა.

* * *
ხელმწიფება ტიტული კი არა, საკუთარი ერის მსახურებაა.

* * *
თავისუფლება საკუთარი თავის გაცნობიერება კი არაა ოდენ, მისი გრძნობაცაა.

* * *
თავისუფლება საკუთარ თავში გონებისა და გრძნობის შეხმატკბილებული გამარჯვებაა.

* * *
სიკეთე ცოდნისა და სიბრძნის მომდევნო, განხორციელებული საფეხურია.

* * *
იმარჯვებენ სიყვარულის სიბრძნითა და ვაჟკაცობით. ყოველგვარი სხვაგვარი გამარჯვება ილუზია და სიცრუეა.

* * *
სხვა თუ გძულს, ესე იგი, არც საკუთარი თავი გიყვარს.

* * *
აზრის გასიტყვება ნახევარი საქმეა.

* * *
კეთილი იდეის სიძლიერე მის ქმნა-განხორციელებაშია.

* * *
ღმერთს საქმით უფრო უახლოვდებიან, ვიდრე საუბრებით.

* * *
ქრისტიანული განახლება ღმერთთან დაბრუნებისა და ამ სასწაულით გამოწვეული უნაპირო, ენითგამოუთქმელი ბედნიერების მარადიული პარადიგმაა.

* * *
სიცოცხლე საცხოვრებელია.

* * *
ცხოვრება მოქმედებაში მოყვანილი, ამოძრავებული სიცოცხლეა.

* * *
სიცოცხლე ღვთიური ტალანტია, რომელიც შეიძლება შენი სულის ოთახში მდგარ კიდობანში გამოკეტო, ან გაასულიერო და გაივსო მისით. პირველი ცხოვრების ილუზიას ბადებს და სიცოცხლის დაკარგვამდე, შინაგან კვდომამდე მიჰყავს ადამიანი, მეორე კი მზესავით განათებულს ხდის ადამის ნაშიერს.

* * *
ფიქრებით სიახლოვე და გულით სიახლოვე სხვა და სხვა რამეა, თუმცა, ერთი მეორეს არ გამორიცხავს და ერთმანეთს ავსებენ.

* * *
სიყვარული და მეგობრობა შინაგანი თუ გარეგანი შეჭირვებიდან მუდმივი საუკეთესო გამოსავალია.

* * *
საკუთარი თავი რომ შეიცნო, ჯერ უნდა დაინახო იგი.

* * *
ადამიანი საკუთარ თავს უკეთ სულიერი დიალოგის დროს ხედავს.

* * *
გონებისმიერი ცხოვრება სტატიურია… გულისმიერი კი-დინამიური.

* * *
გულკეთილობა და კეთილგონიერება ერთმანეთს ავსებენ, მაგრამ წინამძღოლი პირველია.

* * *
ადამიანის შინაგანი სიმწიფე ჯერ კიდევ არ ნიშნავს ბედნიერებას. პირველი მეორის ჭურჭლად თუ გამოდგება.

* * *
სიცოცხლეს უფალი ღმერთი მშობლების მეშვეობით გვანიჭებს, ცხოვრება კი სიკეთის ზეიმია.

* * *
ბაგის კიდეები ბედნიერების ბარომეტრია…

* * *
ადამიანებს გვიკვირს ხოლმე, თუ რატომაა სიცოცხლე ძალადობითა და უსამართლობით სავსე. არადა, ამის მიზეზი თითოეულ ჩვენთაგანშია. ჩვენ რომ მართლა ვ-ც-ხ-ო-ვ-რ-ო-ბ-დ-ე-თ, ცხოვრება სიკეთის ზეიმად იქცეოდა.

* * *
ვისი შინაგანი სამყაროც სიკეთით, სიყვარულით, სიმამაცითა და პასუხისმგებლობითაა სავსე, ანუ ვინც ნაღდი ცხოვრებითაა გავსებული, ის ერსა და სახელმწიფოზე ზრუნავს. ვინც შინაგანად ცარიელია და გარეგნული ზიზილ-პიპილოებით სავსე, საკუთარი ფუტურო საქმეებით ცხადად აჩენს თავის ნამდვილ სახეს