ენკენისთვე, 1998 წელი

* * *

უმეტეს წილად საინტერესო ის კი არ არის, რაც უკვე ამოხსნილია და ცნობილი, არამედ ის, რაც ჯერ კიდევ ჩაუწვდომელია.

* * *

ყოველივე ცალმხრივი, არასრულყოფილი სიცარიელის მშობელია და სიცარიელე კი უსაფუძვლოა, არამდგრადი.

* * *

ნიჭის უფანტაზიო მდინარება სულიერ სიღატაკეზე, ან მის დაღლაზე მიანიშნებს.

* * *

მოწიწებით ვიხრი ქედს იმ მესიტყვეთა წინაშე, ვინაც უდიდესი ამაგი დასდო ხალხური ზეპირსიტყვიერების გამდიდრებას, მაგრამ ვინაობის გარეშე გაქრნენ ადამიანთა მეხსიერებიდან.


* * *

ბრძენს თავმდაბლობა და ცხოვრების სისადავე შვენის.

* * *

ყოველ დღე იმ აზრით უნდა დგებოდე, რომ წინ ბევრი საკეთებელი (სი-კეთ-ე) გელოდება, ხოლო ყოველ ღამით, დიდი ილია მართლის არ იყოს, თავს ეკითხებოდე:

“აბა, დღეს მე ვის რა ვარგე”

* * *

ამა თუ იმ ნაწარმოების საუკეთესო კრიტიკა მისივე გააზრებული წაკითხვაა.

* * *

ხელოვანის უკვდავებას მის შედევრებში არსებული დედააზრის წუთისოფლისადმი შეგუება კი არა, თვითონ ცხოვრების მარადიული შემოქმედებისადმი დაყოლა განაპირობებს.

* * *

სიმართლე ისევე, როგორც სამართლიანობა, მათთვისაა უსიამოვნო, ვინც ოდენ საკუთარი სურვილების განხორციელებას მიელტვის. ზნეობრივი ადამიანი ძნელია დაეთანხმო იმას, თითქოს მიზანი ამართლებდეს საშუალებას, რადგანაც მხოლოდ საშუალებაა მიზნის საფუძველი. ასევე, კაცობრიობის თავგადასავალი ისეთ შემთხვევებსაც იცნობს, როდესაც მიზანი და საშუალება ერთმანეთსაც იყო დაპირისპირებული.

* * *

ხელოვანის ნაწარმოებები ნიღაბსაც წარმოადგენენ და ნამდვილ სახესაც.

* * *

ჩვეულებრივმა მოკვდავებმა იშვიათად თუ უწყიან, რაოდენ დიდი ბავშვია გენიოსი. მის სულსა და გულს შეუბღალავი მიამიტობა ჰკვებავს. ამადაც, ეს ბუმბერაზები ისევე მოგვაგონებენ ხანშიშესული ადამიანის სიბრძნის მატარებელ ბავშვებს, როგორც ბალღური სილაღით გულმოცემულ ბერიკაცებს.
* * *

ბევრი რამე შეიძლება ახდენდეს ჩვენზე გავლენას, მაგრამ მხოლოდ ერთადერთმა რამემ შეგვცვალოს.

* * *

ცხოვრებისეული წინააღმდეგობები გამოსაცდელებია წუთისოფელში.

* * *

ძნელია ჩვეულებრივი ადამიანი მისწვდეს იმას, რასაც ბუმბერაზები მთელი თავისი ცხოვრება მიელტვიან, ავითარებენ და სრულყოფენ.

* * *

ტრაგედიაა, როცა ადამიანს ინტელიგენტი ჰქვია, სინამდვილეში კი საპირისპიროს სჩადის. აქ ინტელიგენტობა არაფერ შუაშია-იგი მხოლოდ ნიღაბია.

* * *

გამაღალფარდოვნების მიზნით ხშირად ადამიანები საკუთარ ცხოვრებას ირთულებენ; და ეს მაშინ, როცა საბოლოოდ სისადავის მონატრებულნი ხდებიან.

* * *

იდეის გარეშე შექმნილი საქმე უსაფუძვლო და ლიბოდათხრილ კოშკს მიაგავს.

* * *

მარადიულობის მკვიდრთათვის წლოვანებას ნაკლები მნიშვნელობა გააჩნია, რადგან დაბადებიდანვე მოსდგამთ სიდიადის ნიჭი.

* * *

ჭეშმარიტი ბედნიერება ჭეშმარიტებისკენ მუდმივ სვლაში მდგომარეობს, რომლამდე მისვლაც ეკლიან გზაზე გადის.

* * *

გენიოსების შემოქმედება საკუთარი ორიგინალურობით  გადამუშავებულ განსხვავებულ აზროვნებათა კონას უფრო წარმოადგენს.

* * *

დღეს ბალზაკი და გოგოლი ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ, არა მგონია “შაგრენის ტყავზე”, “რევიზორზე” და “მკვდარ სულებზე” ნაკლები სატირული ნაწარმოებების შექმნა გაძნელებოდათ.

* * *

ერი, სადაც ყველას მეფობა სწადია, გოგსა და მაგოგს ემსგავსება.

მკათათვისა, 2010 წელი

* * *
უზენაეს სიბრძნეთაგანია, როცა ნებისმიერ პირობებში ჰარმონიული ხარ საკუთარ თავთანაც და გარესამყაროსთანაც.

* * *
საქართველოს მუდამ ღვთითკურთხეული საქართველო თუ აერთიანებდა ოდენ…

* * *
დუმილში დაბადებული მუსიკა გულის ნიაგარების ძალისაა.

* * *
ამპარტავნება უგულო ყინულეთია.

* * *
გრძნობა გულის ხედვაა.

* * *
ხელმწიფება ტიტული კი არა, საკუთარი ერის მსახურებაა.

* * *
თავისუფლება საკუთარი თავის გაცნობიერება კი არაა ოდენ, მისი გრძნობაცაა.

* * *
თავისუფლება საკუთარ თავში გონებისა და გრძნობის შეხმატკბილებული გამარჯვებაა.

* * *
სიკეთე ცოდნისა და სიბრძნის მომდევნო, განხორციელებული საფეხურია.

* * *
იმარჯვებენ სიყვარულის სიბრძნითა და ვაჟკაცობით. ყოველგვარი სხვაგვარი გამარჯვება ილუზია და სიცრუეა.

* * *
სხვა თუ გძულს, ესე იგი, არც საკუთარი თავი გიყვარს.

* * *
აზრის გასიტყვება ნახევარი საქმეა.

* * *
კეთილი იდეის სიძლიერე მის ქმნა-განხორციელებაშია.

* * *
ღმერთს საქმით უფრო უახლოვდებიან, ვიდრე საუბრებით.

* * *
ქრისტიანული განახლება ღმერთთან დაბრუნებისა და ამ სასწაულით გამოწვეული უნაპირო, ენითგამოუთქმელი ბედნიერების მარადიული პარადიგმაა.

* * *
სიცოცხლე საცხოვრებელია.

* * *
ცხოვრება მოქმედებაში მოყვანილი, ამოძრავებული სიცოცხლეა.

* * *
სიცოცხლე ღვთიური ტალანტია, რომელიც შეიძლება შენი სულის ოთახში მდგარ კიდობანში გამოკეტო, ან გაასულიერო და გაივსო მისით. პირველი ცხოვრების ილუზიას ბადებს და სიცოცხლის დაკარგვამდე, შინაგან კვდომამდე მიჰყავს ადამიანი, მეორე კი მზესავით განათებულს ხდის ადამის ნაშიერს.

* * *
ფიქრებით სიახლოვე და გულით სიახლოვე სხვა და სხვა რამეა, თუმცა, ერთი მეორეს არ გამორიცხავს და ერთმანეთს ავსებენ.

* * *
სიყვარული და მეგობრობა შინაგანი თუ გარეგანი შეჭირვებიდან მუდმივი საუკეთესო გამოსავალია.

* * *
საკუთარი თავი რომ შეიცნო, ჯერ უნდა დაინახო იგი.

* * *
ადამიანი საკუთარ თავს უკეთ სულიერი დიალოგის დროს ხედავს.

* * *
გონებისმიერი ცხოვრება სტატიურია… გულისმიერი კი-დინამიური.

* * *
გულკეთილობა და კეთილგონიერება ერთმანეთს ავსებენ, მაგრამ წინამძღოლი პირველია.

* * *
ადამიანის შინაგანი სიმწიფე ჯერ კიდევ არ ნიშნავს ბედნიერებას. პირველი მეორის ჭურჭლად თუ გამოდგება.

* * *
სიცოცხლეს უფალი ღმერთი მშობლების მეშვეობით გვანიჭებს, ცხოვრება კი სიკეთის ზეიმია.

* * *
ბაგის კიდეები ბედნიერების ბარომეტრია…

* * *
ადამიანებს გვიკვირს ხოლმე, თუ რატომაა სიცოცხლე ძალადობითა და უსამართლობით სავსე. არადა, ამის მიზეზი თითოეულ ჩვენთაგანშია. ჩვენ რომ მართლა ვ-ც-ხ-ო-ვ-რ-ო-ბ-დ-ე-თ, ცხოვრება სიკეთის ზეიმად იქცეოდა.

* * *
ვისი შინაგანი სამყაროც სიკეთით, სიყვარულით, სიმამაცითა და პასუხისმგებლობითაა სავსე, ანუ ვინც ნაღდი ცხოვრებითაა გავსებული, ის ერსა და სახელმწიფოზე ზრუნავს. ვინც შინაგანად ცარიელია და გარეგნული ზიზილ-პიპილოებით სავსე, საკუთარი ფუტურო საქმეებით ცხადად აჩენს თავის ნამდვილ სახეს

ქრისტეშობისთვე, 2009

* * *
ერთგულება უძვირფასესი განძია, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ადამიანის სიყვარულს..

* * *
პოეზია / პოიეზისი გულის სუნთქვაა.

* * *
პოეზია გულის სიცოცხლის გამოვლენის საუკეთესო სახეა.

* * *
გენიალურობა ჩვეულებრივი რამეა. უბრალოდ, საამისოდ გენიოსი უნდა იყო.

* * *
კაცობრიობას პოეზია გადაარჩენს, მაგრამ ვისაც პოეზია მხოლოდ ლექსების წერა ჰგონია, მან არ იცის, თუ რა არის იგი.

* * *
უმშვენიერესია წმინდანი ბუმბერაზების მიერ დაუწერელი პოეზია; მათი წაკითხვა ოდენ გულით თუა შესაძლებელი.

* * *
ყველაზე დიდი მეომრები მშვიდობის რაინდები არიან.

* * *
ხელოვნება ისაა, რაც მოიცავს არა ოდენ ადამიანის თითოეულ გრძნობას, ან თუნდაც მათ ერთობლიობას, არამედ სცილდება კიდეც მათ ფარგლებს.

* * *
ცხოვრების აზრს ის ამშვენიერებს, რომ არ არსებობს იდეალური ადამიანი-სრულყოფილება მზარდი და უსასრულო დინამიურობაა და არა სტატიური კონდიცია.

* * *
არიან ლამაზი სახეები და არიან შინაარსიანი გამოხედვის მქონე ადამიანები.

* * *
დასავლური ცნობიერება ფილოსოფიურია, აღმოსავლური-პოეტური. კავკასიაში ხდებოდა მათი ყოველდღიურ ცხოვრების წესად გადაქცეული ქორწილი.

* * *
ფილოსოფია გონების წვრთნაა, მისი ერთ-ერთი განმანათლებელი საშუალება.

* * *
პოეზია მარადისობაში, უკვდავებაში, სიცოცხლისა და სიცოცხლეში მოძრაობაა.

* * *
ფილოსოფიის ყველაზე დიდი პრობლემა ხდება ის, როცა მას პოეზია აკლდება.

* * *
ნიუტონის ოპტიკა + მუსიკალურ ნოტათა მწკრივი = კანდინსკის ფერადი სიმფონიები

* * *
მარტოსული ის ადამიანია, ვისაც საკუთარი თავი აქვს დაკარგული.

* * *
ფილოსოფია წონასწორობაა, პოეზია კი ამაზე მეტი-როკვა.

* * *
სიყვარულში სიბრძნე და ცოდნა ერთია.

* * *
ნუთუ ბევრი რამის ცოდნაა საჭირო იმისათვის, რომ ჭეშმარიტების ცოტაოდენ ნაწილს მაინც მივხვდეთ?

* * *
ხელოვნება უკვდავებაში ვარჯიშია