აპანი, 2020 წელი

***
ადამიანს ყველაფერი აროდეს ეცოდინება. ტოტალიტარული რეჟიმების პროპაგანდა კი ცდილობს არცოდნის მოცემული ვაკუუმის საკუთარი დამპალი და მზამზარეული “ცოდნით” შევსებას.

***
დიდი სიყვარულის გარეშე დიდი ხელოვანი ვერ გახდები.

***
სიყვარულით, სიკეთითა და სულიერი პრინციპებით ცხოვრება წუთისოფლის გამოვლინებათა ეკალ-ბარდში ღმერთკაცობრივი მოწამეობაა.

***
ისეთი დრო დადგა, რომ ადამიანები ცხოვრებისეული ოცნებების ასრულებას უფრო ადვილად ახერხებენ, ვიდრე ნამდვილი სიყვარულით ცხოვრებას.

***
ეროვნული განწყობა კონსტრუქციულ და პრინციპულ დამოკიდებულებას უნდა ეფუძნებოდეს.

***
ვუზიარებთ რა სხვას საკუთარ თავს, ამით ყველაზე უკეთ ვპოულობთ და ვსწავლობთ ჩვენ თავს. და რამდენჯერაც პირიქით მოვიქცევით, იმდენჯერ დავკარგავთ თავს.

***
სიბრძნესთან შეუღლებულ მეცნიერებას თუ შეუძლია მიაღწიოს აღმშენებლობითი კეთილგონიერების სიმაღლეებს.

***
გამოსავალი მისკენ შეუქცევადი სვლაცაა.

***
სიყვარული-მარადიული სიცოცხლის გასაღები.

***
დასავლური ცივილიზაცია დესპოტიზმის დაძლევაა და ყოველთვის, როდესაც მისი ეს მისწრაფება მარცხს განიცდის, დასავლეთი წარსულის ტყვე ხდება.

***
ასაკი იმსახურებს პატივისცემას, მაგრამ ჭკუა-უფრო.

***
მცოდნე მშვიდობითაა ძლიერი.

***
მცოდნე არ ძალადობს, რადგან მისი ძალა ძალადობისაგან განსხვავდება და იგი მშვიდობაზეა დამყარებული.

***
შინაგანი სიბრმავე ძალადობისკენ უბიძგებს ადამიანს.

***
ცოდნის სიძლიერე მშვიდობაშია.

***
მცოდნის ძალა მშვიდობაშია.

***
მცოდნის ძალა მშვიდობაა.

***
ცოდნამ რომ პარადიგმა შეცვალოს, პროაქტიური უნდა იყოს.

***
პოლიტიკა ადამიანების შინაგან სამყაროთა ერთმანეთთან შეხვედრის ფორმაა.

***
უხერხულში რომ არ ჩავარდე, უნდა ეცადო, რომ შეძლებისდაგვარად ყველას და ყოველთვის მოხერხებულად და გასაგებად გააგებინო ვითარება.

ქრისტეშობისთვე, 2009

* * *
ერთგულება უძვირფასესი განძია, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ადამიანის სიყვარულს..

* * *
პოეზია / პოიეზისი გულის სუნთქვაა.

* * *
პოეზია გულის სიცოცხლის გამოვლენის საუკეთესო სახეა.

* * *
გენიალურობა ჩვეულებრივი რამეა. უბრალოდ, საამისოდ გენიოსი უნდა იყო.

* * *
კაცობრიობას პოეზია გადაარჩენს, მაგრამ ვისაც პოეზია მხოლოდ ლექსების წერა ჰგონია, მან არ იცის, თუ რა არის იგი.

* * *
უმშვენიერესია წმინდანი ბუმბერაზების მიერ დაუწერელი პოეზია; მათი წაკითხვა ოდენ გულით თუა შესაძლებელი.

* * *
ყველაზე დიდი მეომრები მშვიდობის რაინდები არიან.

* * *
ხელოვნება ისაა, რაც მოიცავს არა ოდენ ადამიანის თითოეულ გრძნობას, ან თუნდაც მათ ერთობლიობას, არამედ სცილდება კიდეც მათ ფარგლებს.

* * *
ცხოვრების აზრს ის ამშვენიერებს, რომ არ არსებობს იდეალური ადამიანი-სრულყოფილება მზარდი და უსასრულო დინამიურობაა და არა სტატიური კონდიცია.

* * *
არიან ლამაზი სახეები და არიან შინაარსიანი გამოხედვის მქონე ადამიანები.

* * *
დასავლური ცნობიერება ფილოსოფიურია, აღმოსავლური-პოეტური. კავკასიაში ხდებოდა მათი ყოველდღიურ ცხოვრების წესად გადაქცეული ქორწილი.

* * *
ფილოსოფია გონების წვრთნაა, მისი ერთ-ერთი განმანათლებელი საშუალება.

* * *
პოეზია მარადისობაში, უკვდავებაში, სიცოცხლისა და სიცოცხლეში მოძრაობაა.

* * *
ფილოსოფიის ყველაზე დიდი პრობლემა ხდება ის, როცა მას პოეზია აკლდება.

* * *
ნიუტონის ოპტიკა + მუსიკალურ ნოტათა მწკრივი = კანდინსკის ფერადი სიმფონიები

* * *
მარტოსული ის ადამიანია, ვისაც საკუთარი თავი აქვს დაკარგული.

* * *
ფილოსოფია წონასწორობაა, პოეზია კი ამაზე მეტი-როკვა.

* * *
სიყვარულში სიბრძნე და ცოდნა ერთია.

* * *
ნუთუ ბევრი რამის ცოდნაა საჭირო იმისათვის, რომ ჭეშმარიტების ცოტაოდენ ნაწილს მაინც მივხვდეთ?

* * *
ხელოვნება უკვდავებაში ვარჯიშია