აპნისი, 2011 წელი

* * *
თუკი სულმა არ ეძია ღმერთი, გაცილებით უფრო ადრე დალპება, ვიდრე გარდაცვალების შემდეგ ჩვენი სხეული.

* * *
ზედმეტი ზრდილობა არ ვარგა-შენ თუ არა, სხვას აფუჭებს.

* * *
თუკი სიკეთის კეთებამ შინაგანად სიხარული არ მოგანიჭა, ან ის არაა სიკეთე, ან შენ ხარ მკვდარი სიკეთისთვის.

* * *
ყველაზე ძვირფასი სიტყვები ისაა, რომელთაც მარგალიტებივით კრიბავ საკუთარი შინაგანი სამყაროს ოკეანის უღრმესი ფსკერიდან.

* * *
სიყვარული ნებისმიერ პრინციპზე მაღლა დგას.

* * *
სიყვარული თვითონაა უზენაესი პრინციპი.

* * *
ზოგჯერ კაცუნები თავიანთ პატარა სიხარულში უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე ბუმბერაზები საკუთარი დიდი მოწოდების გზაზე სვლაში.

* * *

ცხოვრება მაშინ ხდება გაუგებარი, როდესაც საკუთარ თავს ვერ ვუგებთ.

* * *

გრძნობდე ადამიანის სულს, ეს ნიშნავს, ხედავდე მას.

* * *

აკეთებდე იმას, რასაც გრძნობს საყვარელი ადამიანის სული, ნიშნავს ხედავდე მის შინაგან სამყაროს და ერწყმოდე მას.

* * *

სიკეთე ნამდვილია და სინამდვილე.

* * *

ხელისუფლება სამართლიანი ძალაუფლებაა. სხვაგვარად იგი ძალადობა ხდება.

* * *
ადამიანები დოგმატიკას შესაბამისი ცხოვრებისეული გამოცდილების გარეშე გონების მიერ ჭვრეტით გაზიარებულ ხისტ და მშრალ სიტყვათა კრებულად აქცევენ მაშინ, როდესაც მასში ღმერთის თბილი და მოსიყვარულე სუნთქვა იგრძნობა.

* * *
სამართლიანი ძალაუფლება არის ხელისუფლება, უსამართლო კი-ძალადობა.

* * *
საკუთარი თავის დაუფლებით (თავის-უფლება) იწყება ნამდვილი სიცოცხლე

* * *
არა გუშინ, არა დღეს, არა ხვალ, არამედ სამივე ერთად.

* * *
სიყვარულის გადმოსახედიდან ბოროტება ერთ უუმცირეს წერტილადაც არ ღირს.

* * *
მსოფლიოს მეტი პოეზია სჭირდება, რაც ფურცელზე ლექსის წერას არ გულისხმობს მხოლოდ, არამედ ადამიანის გულსა და თვით, ადამიანებს შორის პოეზიის ქმნას, განხორციელებას.

* * *
საქმეა ყველაზე დიდი სიტყვა, თორემ სიტყვა უსაქმოც, ცარიელიც და საქმესთან შეუსაბამოც შეიძლება იყოს. ეს უკვე სიტყვა კი არა, ტყუილია

* * *

Quando la società non è talmente matura per creare dentro se stessa la forza, che lo rappresenti, al posto del governo rovesciato verrà un gruppo politico come prima (o peggiore del primo) e non la forza del popolo. In questo caso nessun governo generato fuori dalla società migliorerà la vita del popolo-soltanto quello che provviene dal popolo stesso. Ma per questo, prima di tutto, deve maturare la società stessa. E questo non avviene subito, ci serve un lungo tempo e lavoro duro

როდესაც საზოგადოება არაა საკმარისად მწიფე, რათა საკუთარ წიაღში წარმოქმნას თავისი ინტერესების გამომხატველი და განმახორციელებელი ძალა, მაშინ რაც არ უნდა სხვა მთავრობა მოვიდეს, მუდამ წინანდელის მსგავსი უფრო იქნება (ან უარესი), ვიდრე ხალხიდან და ხალხისათვის წარმოქმნილი ხელისუფლება. ამ შემთხვევაში, საზოგადოების ფარგლებს გარეთ ნაშობი ძალაუფლება ვერ გააუმჯობესებს მოსახლეობის ცხოვრებას. ეს შესაძლებელი იქნება ოდენ ხალხის წიაღში დაბადებული მთავრობისათვის, თუმცა, ამისათვის თვითონ საზოგადოების მომწიფებაა აუცილებელი, რაც არ ხდება ხანმოკლე მონაკვეთში; ეს დიდ დროსა და უშურველ მოღვაწეობას საჭიროებს.

ვარდობისთვე, 2010

* * *
ძალაუფლებას საკუთარი თავის მონები მიესწრაფვიან, ხელისუფლებას კი- თავის უფალნი.

* * *
ქართველობა არა ოდენ ეროვნებაა, არამედ სულიერი კონდიციაც.

* * *
თავის-უფლება სულიერების დასაწყისია.

* * *
ომს სიძულვილი კი არა, სიყვარული იგებს.

* * *
მეგობრობა ბანალური ურთიერთობები კი არა, გმირობაა.

* * *
ეშმაკნი უფრთხიან ადამიანურ კეთილგონიერებას, რამეთუ იგი მზესავით აჩახჩახებული გულისაკენ მიმავალი არიადნეს ძაფია.

* * *
ერი სახელმწიფოს გულია და არა პირიქით მაშინ, როცა სახელმწიფო ერის დამცავი აბჯარია.

* * *
თუკი სახელმწიფო ერის გამაბედნიერებელ საშუალებას არ წარმოადგენს, მაშინ იგი ერის საპყრობილე ხდება.

* * *
სადაც ერი სახელმწიფოს არსებობის საშუალებად იქცევა, იქ ორივე გაქრობისთვისაა განწირული.

* * *
ერი ქმნის სახელმწიფოს და არა პირიქით.

* * *
უფრო სახელმწიფო უნდა იყოს ერის სამსახურში და არა პირიქით.

* * *
ერი ქმნის სახელმწიფოს, როგორც თავის გასაბედნიერებელ საშუალებას და აყენებს მას თავის სამსახურში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერი სახელმწიფოს ტყვე ხდება. მონობა და თავის-უფლების საფუძველზე მოპოვებული ბედნიერება ორი ერთმანეთთან შეუთავსებელი რამაა.

* * *
გენიალურია, როცა ქალს ესმის მამაკაცის; ზეგენიალური კი, როცა მამაკაცი გრძნობს ქალს.

* * *
ადამიანში მყოფ ღმერთს სიყვარული ჰქვია, ადამიანებს შორის მყოფს კი-მეგობრობა.

* * *
იყო პიროვნება, კაცი, ნიშნავს, მონაწილეობდე ისტორიაში და ქმნიდე მას. ყველა სახის არსებობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ცხოვრებას.

* * *
ვისაც მეგობარი არ ჰყავს, მას არც უცხოვრია.

* * *
გული სიყვარულის კერიაა-ერთხელ რომ დაანთებ, მუდმივ ყურადღებასა და მზრუნველობას საჭიროებს.

იგრიკა, 2010

* * *
ცდება ის, ვისაც ჰგონია, რომ სიყვარული მწვერვალებიდან იწყება მაშინ, როცა სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა ღვთიური უსასრულობისკენ მუდმივი და თანდათანობითი ამაღლება.

* * *
ვისაც ტკივილების შიშით არ უყვარდება, იგი არაა მწიფე სიყვარულისათვის.

* * *
ადვილია გარეგნული სილამაზის დანახვა, მაგრამ უფრო მთავარია შინაგანი მშვენიერების აღმოჩენა ნაკლოვანებების გათვალისწინებითაც კი.

* * *
მთავარი ერთი აზრის კი არა, საერთო აზრის ქონებაა.

* * *
მთავარი ერთი აზრის ქონება კი არა, ურთიერთგაგებაა.

* * *
შემოქმედება უკვდავებასთან გადებული ხიდია.

* * *
თავის-უფლება საკუთარი თავის შეცნობასთანაა პირდაპირკავშირში.

* * *
სიყვარულია კაცთა ცხოვრების ოქროს შუალედი.

* * *
მეგობრობაში მეგობრის ყოლას მეგობრად ყოფნა სწონის.

* * *
თუკი ადამიანთა შორის წყვდიადი ისადგურებს, თავდაპირველად ადამიანების შინაგანი სამყაროა გასანათებელი.

* * *
თავდავიწყებით სხვას გადაყოლილი სულელია; მხოლოდ საკუთარ თავზე მოფიქრალი-თავისი თავის მტერი. ბრძენი კი იგია, ვინაც ტოტალურ ალტრუიზმსა და ეგოიზმს შორის იპოვა ოქროს შუალედი.

* * *
კაცობა ისიცაა, როდესაც ცხოვრების სიღრმეებში მომწიფებული და გამობრძმედილი მამაკაცი იცავ ქალს წუთისოფლის მჩაგვრელობისაგან.

მირკანი, 2010

* * *
უძღები ცოდვიანობა იმ ძირგამძვრალ ჭურჭელსა ჰგავს, რომელშიც რამდენიც არ უნდა ჩაასხა, მუდამ ცარიელი დარჩება.

* * *
ირაციონალურობა უგონობა კი არაა მხოლოდ, უგნურებაცაა. ადამიანს ღმერთში კეთილგონიერებას შეუღლებული გულის სიბრძნე აბრუნებს.

* * *
ქართველებს ჯარი მხოლოდ და მხოლოდ თავდასაცავად უნდა გვჭირდებოდეს, ხოლო ჩვენს მამულში არსებულ კონფლიქტებს მშვიდობის ძალით, ნებით, სიბრძნითა და პრაგმატიზმით უნდა ვაგვარებდეთ.

* * *
თუ გინდა შენს გარეთ სძლიო ეშმაკს, ჯერ შენში უნდა დაამარცხო იგი. ეს არის ჭეშმარიტი თავის-უფლების დასაწყისი, რომელიც ღმერთს ეფუძნება, ანუ სიყვარულის ძალასა და სიბრძნეს.

* * *
მეცნიერება მუდამ პასუხების გაცემა კი არა, კითხვების დასმაცაა.

* * *
გონება კეთილგონიერებაში გარდაიცვლება მაშინ, როცა სულიერდება და იხსნება გული-ეს ბედნიერების ეპიცენტრი და ანტიკურობის ღვთიური ბჭე.

* * *
ღმერთმა ნუ ქნას, მარტო თითოეულ ჩვენთაგანს რომ უნდა, ისე იყოს ქვეყნიერება მოწყობილი.

* * *
პოიეზისი სულიერი წონასწორობაა.

* * *
ყველაფრის ოქროს შუალედია ღმერთი.

* * *
ნუ შეგაჩერებთ ნაკლოვანებები. სიცოცხლე უფრო მშვენიერია.

* * *
მშვიდობა უფრო ხანგრძლივი ჯანმრთელობის საწინდარია.

* * *
ყველაზე დიდი მოძღვარი იგია, ვინც ამავე დროს, ცხოვრების ბოლომდე რჩება დიდ მოსწავლედ.

* * *
ადამიანი ადამიანის გასაღებიცაა.

* * *
საქართველოში არსებული შეჭირვება მაინც უფრორე ქართველი ერის სუსტი ეროვნული მოძრაობის შედეგია, ვიდრე საქართველოს ინტერესების მოწინააღმდეგე გარეშე და შინაგანი დესტრუქციული ძალების მოქმედებისა.

* * *
ეროვნული მოძრაობის დასუსტება და გაბერწება მისი გალაბორატორიებული მმართველობითაა გამოწვეული.

სარწყუნისი, 2010

* * *
უფრო დიდ ცხოვრებაში შობის საშუალებას იძლევა ხელოვნება.

* * *
ხელოვნება მზიური მარადიულობის საშოა.

* * *
ფილოსოფია მაშინაა დამარცხება, როცა შეიცნობ, თუ რამდენად არასაკმარისია მისი თანამედროვე გაგებით შემოფარგვლა და თვითკმაყოფილება (და არა იმიტომ, თითქოს სიბრძნის სიყვარული მცდარი და უსარგებლოა).

* * *
რაც უფრო უღრმავდები საკუთარ თავს, მით უფრო აცნობიერებ, რომ ინტროვერსიულობასთან ერთად ექსტროვერსიულობის გარკვეულ რაოდენობასაც საჭიროებ.

* * *
ქალი ყურით ისმენს, მაგრამ უყვარს, როცა გულით უსმენენ.

* * *
თუ ქალის ცრემლად არ ღირხარ, არც გიცხოვრია.

* * *
მარადიულ პოეზიაში ლექსი კი არ რჩება, არამედ თვითონ პოეტის ცხოვრება…

* * *
ვინც მთლიანობას არ ესწრაფვის, ვერც ღმერთს უახლოვდება.

* * *
სიყვარული სამოთხის განგრძობადობაცაა.

* * *
ყოველი რევოლუცია, რომელიც ადამიანის შინაგანი და ზნეობრივი გაუმჯობესების გარეშე ხორციელდება, თავისი ბუნებით სატანური და დანაშაულებრივი ძალადობაა ადამიანსა და მის პიროვნულ რაობაზე.

* * *
არ მგონია, თითქოს კაცობრიობა მოსაწყენი და მონოტონური იქნებოდა, თითოეული ადამიანი სრულყოფილებას რომ ესწრაფვოდეს. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, მშვენიერების, მრავალფეროვნებისა და მშვიდობიანი ჰარმონიის ხარისხი უფრო მაღალი იქნებოდა.

აპნისი, 2010

* * *
ღრმა და კეთილშობილური შინაგანი ბუნების მქონე ადამიანისათვის სიტყვა ”მეგობრობა” ზღვის ფსკერის ერთ-ერთი კენჭი კი არა, თავად ოკეანეა.

* * *
თუ გინდა იყო პოეტი, საკუთარი თავში უნდა გაიარო სიბრძნის სიყვარულის ეტაპი, გასცდე და ამაღლდე მასზე.

* * *
სიტყვა ჩვენი მეშვეობით გადმოღვრილი ჭეშმარიტების ნაპერწკალი შეიძლება იყოს.

* * *
სიმართლე აადვილებს ბედნიერებას გულმართალ ადამიანებს შორის.

* * *
მშვიდობის რაინდი უფრო დიდი მებრძოლია, ვიდრე ის, ვინც გამალებით ომისკენ იწევა.

* * *
გულის აზროვნება მუსიკალურია.

* * *
გულწრფელობაში ადამიანები ერთმანეთს შეხვედრამდეც იცნობენ.

* * *
პოეზია ფილოსოფიის შემდეგი საფეხურია.

* * *
როცა სული სულს ხვდება, დრო ჩერდება.

* * *
თვითმკვლელობა კვდომის ერთ-ერთი უკანასკნელი აქტია.

* * *
მეტყველი დუმილი ისეთი სისპეტაკეა, რომელიც ფერთა ყველა გამას მოიცავს საკუთარ თავში.

* * *
ნეტარია ის წყვილი, რომელშიც არა ოდენ სიცოცხლე, სიკვდილიც კი არ შეუძლიათ უერთმანეთოდ. ბედნიერებაა ასეთი მეგობრობაც და სიკვდილიც.

* * *
ვიღაც იდეალურ ადამიანზე ილუზიის ტყვეა, ვიღასაც კი სწამს მეგობრობისა და სიყვარულის და ცხოვრობს კიდეც მათ.

* * *
ფილოსოფია გამოღვიძებაა, პოეზია-სიცოცხლე.

* * *
ყოველივე ის, რაც პოეზია ხდება, გულის გასაღებად შეიძლება იქცეს. უზენაეს მზიურობასთან შერწყმული და საკუთარ თავში მარადიულობის მჭედლები თავიანთი შემოქმედებითა და ცხოვრებით სხვას არაფერს ტოვებენ, თუ არ ადამიანების გულთა ხსნის კონკრეტულ საშუალებებს.

* * *
ვინც ადამიანში ღვთის ხატად ჩაბეჭდილი მშვენიერება დაინახა, ისიც იხილა, თუ რაოდენ საოცარი სინამდვილე შეიძლება იყოს კვდომისა და ცოდვისაგან გათავისუფლებული ყოფიერება.

* * *
ბოლერო-გულის გასაღები ჰიმნი.

* * *
დავით გურამიშვილი: დიდი ქართველი მოძღვარი პოეტი.

* * *
მოცარტის ზეისტორიული მუსიკა ისაა, რაც იყო, არის და იქნება.

* * *
უმეტესი ადამიანის ცხოვრება “არარსებითი” სახელია, ბევრის-არსებითი სახელი, ერთეულებისა კი-ზმნა.

ქრისტეშობისთვე, 2009

* * *
ერთგულება უძვირფასესი განძია, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ადამიანის სიყვარულს..

* * *
პოეზია / პოიეზისი გულის სუნთქვაა.

* * *
პოეზია გულის სიცოცხლის გამოვლენის საუკეთესო სახეა.

* * *
გენიალურობა ჩვეულებრივი რამეა. უბრალოდ, საამისოდ გენიოსი უნდა იყო.

* * *
კაცობრიობას პოეზია გადაარჩენს, მაგრამ ვისაც პოეზია მხოლოდ ლექსების წერა ჰგონია, მან არ იცის, თუ რა არის იგი.

* * *
უმშვენიერესია წმინდანი ბუმბერაზების მიერ დაუწერელი პოეზია; მათი წაკითხვა ოდენ გულით თუა შესაძლებელი.

* * *
ყველაზე დიდი მეომრები მშვიდობის რაინდები არიან.

* * *
ხელოვნება ისაა, რაც მოიცავს არა ოდენ ადამიანის თითოეულ გრძნობას, ან თუნდაც მათ ერთობლიობას, არამედ სცილდება კიდეც მათ ფარგლებს.

* * *
ცხოვრების აზრს ის ამშვენიერებს, რომ არ არსებობს იდეალური ადამიანი-სრულყოფილება მზარდი და უსასრულო დინამიურობაა და არა სტატიური კონდიცია.

* * *
არიან ლამაზი სახეები და არიან შინაარსიანი გამოხედვის მქონე ადამიანები.

* * *
დასავლური ცნობიერება ფილოსოფიურია, აღმოსავლური-პოეტური. კავკასიაში ხდებოდა მათი ყოველდღიურ ცხოვრების წესად გადაქცეული ქორწილი.

* * *
ფილოსოფია გონების წვრთნაა, მისი ერთ-ერთი განმანათლებელი საშუალება.

* * *
პოეზია მარადისობაში, უკვდავებაში, სიცოცხლისა და სიცოცხლეში მოძრაობაა.

* * *
ფილოსოფიის ყველაზე დიდი პრობლემა ხდება ის, როცა მას პოეზია აკლდება.

* * *
ნიუტონის ოპტიკა + მუსიკალურ ნოტათა მწკრივი = კანდინსკის ფერადი სიმფონიები

* * *
მარტოსული ის ადამიანია, ვისაც საკუთარი თავი აქვს დაკარგული.

* * *
ფილოსოფია წონასწორობაა, პოეზია კი ამაზე მეტი-როკვა.

* * *
სიყვარულში სიბრძნე და ცოდნა ერთია.

* * *
ნუთუ ბევრი რამის ცოდნაა საჭირო იმისათვის, რომ ჭეშმარიტების ცოტაოდენ ნაწილს მაინც მივხვდეთ?

* * *
ხელოვნება უკვდავებაში ვარჯიშია

გიორგობისთვე, 2009

* * *
თავის-უფლება პიროვნების ზეისტორიულობის ერთ-ერთი უმთავრესი განმაპირობებელია.

* * *
სიგარეტის მოწევის პროცესი – მაზოხისტური ლიტურგია.

* * *
იყავი პიროვნება, კაცი და აკეთე ის, რაც გაგიხარდება. ეს საზოგადოებრივი ბედნიერების მთავარი საზომია.

* * *
პოეტი, რომელიც აძაგებს ფილოსოფიას, დამარცხებული პოეტია. ფილოსოფოსი, ან მეცნიერი, რომელიც პოეტი ხდება-პოეზიის მწვერვალის მკვიდრი.

* * *
ხშირად გამარჯვებები ღმერთივითაა: მათ გული უფრო ხედავს.

* * *
კიჩი მიწიერებას ვერგაცდენილი ცნობიერებაა და ხელოვნებისაგან იმით განსხვავდება, რომ არსობრივად საზღვრული, ამოწურვადია. უსასრულობა მისთვის უცხო ხილია.

* * *
დროს თავქუდმოგლეჯილი სისწრაფით ვერ გაუსწრებ. საკუთარ თავზე უფლობა და მისი შეცნობა ის რიტმია, რომელიც წარმავალზე მაღლა დგას.

ღვინობისთვე, 2009

* * *
არსობრივად, დუმილი შინაგანი საუბარია.

* * *
ღვინო ბედნიერებისთვისაა და არა-დასათრობად.

* * *
ბევრის ცოდნა არ ნიშნავს, რომ ბევრი გესმის. თუმცა, ერთი მეორეს ავსებს.

* * *
ცოდნა სიბრძნისთვისაა საჭირო, სიბრძნე-თავისუფლებისათვის, თავის-უფლება კი იმისათვის, რომ პიროვნებას წარმოადგენდე.

* * *
პოლიტიკის გარდა პოლიტიკაზე ყველაფერს ვკითხულობ, რათა უფრო ღრმად და უკეთესად ვიცოდე იგი.

* * *
დასავლეთმა თეორია პრაქტიკას დაუპირისპირა, აღმოსავლეთმა კი პრაქტიკა-ცოდნას; და ეს მაშინ, როცა ერთმანეთის გარეშე ერთიც იკარგება და მეორეც.

* * *
ადამიანები მისთვის ვვარსებობთ, რომ უფრო მეტად ვაკეთილშობილებდეთ ერთმანეთის როგორც შინაგან, ასევე, გარესამყაროებს.

* * *
სიკვდილის მას ეშინია, ვისაც არ უცხოვრია.

* * *
ადამიანი არსებობას გულით ცხოვრობს.

* * *
ადამიანს სიკვდილთან ღირსეული ჭიდილი და შეძლებისდაგვარად მეტი სიცოცხლის დატევის წყურვილი აკეთილშობილებს.

* * *
მინდია მთელი თავით უფრო მაღლა დგას, ვიდრე ყველა ტექნოგენური ადამიანი ერთადაღებული.

* * *
ტექნოლოგია ზოგისთვის ყავარჯენია, ზოგისთვის-ექსკალიბური.

* * *
ჰომერული სიცილის რაობა ჯოჯოხეთზე უარესიცაა და უფრო დიდიც.

* * *
თავის-უფალი კაცი, პიროვნება საკუთარ ქვენა ვნებებთან მოჭიდავე და ამ ჭიდილში გამარჯვებული ადამიანია.

* * *
ერის კეთილდღეობა თავისთავად სახელმწიფოს აყვავებასაც გულისხმობს მაშინ, როდესაც შეიძლება წარმოადგენდეს რა მმართველი ნაწილის ინტერესების განხორციელების მექანიზმს, სახელმწიფოებრივი სიკეთე იქცეს ერის ბედნიერი ცხოვრების სრულიად საწინააღმდეგო პერსპექტივად.

* * *
ადამიანებს შორის ურთიერთობაში მწერლობას გაცილებით მეტი უპირატესობა გააჩნია, ვიდრე ფილოსოფიას. მაშინ, როცა მეორე შეიძლება უძრავად გაიყინოს ერთ ადგილზე და ნაბიჯიც ვერ გადადგას წინ, ლიტერატურას მუდამ გააჩნია გაყინული წერტილიდან ამოძრავებისათვის საჭირო საკმარისი მარაგი.

* * *
ფილოსოფია ისეთი აზროვნებითი ლაბირინთიცაა, არიადნეს ძაფი თუ არ მოიშველიე, დაიკარგები, დაიღუპები.

* * *
ადამიანი ქრისტეფორე კოლუმბია და ადამიანები-აღმოსაჩენი კონტინენტები.

* * *
არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = http://www.kubrick2001.com

* * *
საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა.

* * *
ვინც რბილიცაა, მტკიცეა; ვინც მტკიცეცაა, რბილია.
ვინც მტკიცეა, გადატყდება; ვინც რბილია, დამარცხდება.

* * *
საყვარელი ადამიანის სახელის წარმოთქმა უკვდავი ბედნიერებაა. ამის საფუძველზე ღმერთის წმინდა სახელის წარმოთქმა განუზომლად კიდევ უფრო დიდი მზიურობაა.

* * *
koka + koka reloaded + koka revolution = KOKA…

* * *
არიან ადამიანები, ვისთანაც სჯობს, არ იკამათო. არის ვითარებები, სადაც სჯობს არ იკამათო. ორივეს გაცნობიერება სიბრძნის ნიშანია.

* * *
ყველა ფერი სულ ერთია …

* * *
გარდაცვალება კიდევ უფრო დიდი სიცოცხლეა, თუკი ცხოვრობ.

* * *
ფილოსოფიას არ მოაქვს ხსნა. იგი მხოლოდ ნაწილობრივ გვეხმარება ამაში.

* * *
ეროვნება პიროვნების განვითარების განუყოფელი საფეხურია.

* * *
ფილოსოფია იმ სიმბოლურ “5 ევროს” მიაგავს, რომლის მიხედვითაც შეიძლება მეგობრობის ფასის, თუ ფასდაუდებლობის გაგება.

* * *
თუკი საინტერესო დროში ცხოვრება ჩინური წყევლაა, აპოკალიფსი ასეთი ხანაა.

* * *
მებრძოლი შემართება ცხოვრების სათავისკენ სვლის შემთხვევაშია გამართლებული და აუცილებელი, არა მისგან დაშორებისათვის.

ენკენისთვე, 2009

* * *
პიროვნულობის ხარისხი დანაღვლიანების ხარისხის უკუპროპორციულია.

* * *
ცხოვრება ფასიანია; ვისთვის ძვირი ღირს, ვისთვის-იაფი. კაპიტალისტური წყობის ხასიათი კი ისაა, რომ ცხოვრებაც და ადამიანებიც სავაჭრო საგნად მოიაზრებიან. ამგვარად, ყოფიერება ერთი დიდი ბაზარი ხდება. ტიპიური უმსგავსოება.

* * *
კვდომაც თავგადასავალია…

* * *
იქ, სადაც სახელმწიფო აუცილებელ ბოროტებად მოიაზრება, საზოგადოება და ადამიანები არ არიან მომწიფებულნი სახარებისეული ჭეშმარიტების სინამდვილისათვის. სახელმწიფო ბოროტების აუცილებლობა ისეთი წყობისათვისაა დამახასიათებელი, რომელიც ღვთიური წესრიგისაგან არ მომდინარეობს.

* * *
ღირსსავსე ცხოვრება ფასზე მაღლა დგას.

* * *
პიროვნება ის პეპელაა, რომელიც ინდივიდის გარდაცვალებით იბადება.

* * *
სიმართლე, ადრე თუ გვიან, მუდამგზის იმარჯვებს. სიცრუე კი მხოლოდ დროებით ან ხანგრძლივ წარმატებას აღწევს, მაგრამ აროდეს-მარადიულს.

* * *
ქართველებსა და აფსუებს კვლავ მხოლოდ სიმართლე გაგვაერთიანებს. სიცრუე ჯერ-ჯერობით წარმატებულად გვაშორებს ერთმანეთს; სიცრუე, რომელიც არა ოდენ ქართველებსა და აფსუებს შორის მყოფობს, არამედ თავად ქართველ ერში პარპაშებს.

* * *
სიცოცხლე ბავშვია…

* * *
არცთუ იშვიათად, პოეზია ისაა, რაც არ გვაქვს.

* * *
ადამიანი თვალებთან იწყება და ბაგეებთან მთავრდება…

* * *
სიყვარულმა წყენა არ იცის.

* * *
სიყვარული ტკივილზე მაღლა დგას.

* * *
სიყვარულს ტკივილი სიყვარულითვე გადააქვს.

* * *
ნიცშე, რომელმაც სიკვდილის წინ საბოლოოდ აღიარა საკუთარი მარცხი ნაზარეველი ღმერთკაცის წინაშე, დასავლეთის რელიგიური თავგადასავლის უმწვერვალესი გამოვლინებაა.

* * *
დუმილი მუდამ ოქრო კი არა, შინაგანი სიყრუისა და უმწიფრობის ნიშანიც შეიძლება იყოს.

* * *
არცთუ იშვიათად როგორ უფრო მართებული იქნებოდა: http://www.literatura.ge, თუ http://www.kitsch.ge?

* * *
სადაც ორივე მხარე არ იმარჯვებს, იქ გამარჯვებაზე საუბარი ზედმეტია.

* * *
სიძულვილი და ინდიფერენტულობა ცარიელი სიტყვებით საუბრობენ. ეს სულიერი სიბერწისა და სიმუნჯის ენაა.

* * *
დიაბოლიკური განზომილების მახასიათებელი: კიჩი, ანუ არარსი. არარსი, ანუ კიჩი.

* * *
ცოდნა სიბრძნისაგან იმით განსხვავდება, რომ პირველი გარეგნულად შეძენილი ინფორმაციაა მაშინ, როცა მეორე შინაგანად დადუღებული და ნაცხოვრები რეალობა.