გიორგობისთვე, 2019 წელი

***
ადამის მოდგმამ მატრიარქატიც გაიარა და პატრიარქატიც. დროა, რომ კაცობრიობა განვითარების უფრო მაღალ ეტაპზე გადავიდეს, სადაც დედაკაციც და მამაკაციც ერთმანეთზე უპირატესნი კი არ იქნებიან, არამედ მეგობრებიც. ეს უკანასკნელი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ სქესთა შორის თანასწორობა.

***
უსიყვარულო, ან სიყვარულნაკლული ღირსება დიდ ვაჟკაცობად ვერ ჩაითვლება.

***
არსობრივად, სიცოცხლე და მერმისი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. და ყოველთვის, როდესაც უარს ამბობ ადამიანზე, ვისი ცხოვრებაც ერთისა და მეორის სამსახურში დგას, ამით შენ კლავ ხვალინდელ დღეს: თუ სხვისას არა, საკუთარს მაინც.

***
სიკეთე თბილია, სიმართლე ნათელია.

***
თუ გინდა იყო ბედნიერი, მადლობელი უნდა იყო იმისთვისაც, რაც გაქვს და იმისთვისაც, რაც არ გაქვს.

***
ადამიანმა საკუთარი თავი სიყვარულით უნდა დაძლიოს.

***
თუკი გამრუდებულს არ გამართავ, მიგიშვია ცხოვრება და გაგიმრუდებია საკუთარი თავი.

***
სამართალი არის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის ბუნების შეზღუდულობისა და ნაკლოვანებათა კომპენსირება-მოწესრიგებას.

ახალწლისა, 2018 წელი

***
ვინც საკუთარ თავს არ ხედავს, სხვას როგორ დაინახავს? და ვინც სხვას არ ხედავს, ვერც თავის თავს დაინახავს. ნამდვილი ხედვა ყველას არ აქვს და თავმოყვარე განსხვავდება პატივმოყვარესაგან.

***
გვერდში ადამიანს ის უნდა ჰყავდეს, ვისაც უმეგობრებს და ვინც უმეგობრებს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ნამდვილ სიყვარულსაც ერთად ასე უფრო და უფრო მოიღვაწებენ

***
შეყვარება და სიყვარული არსობრივად განსხვავდება ერთმანეთისაგან. შეყვარება შეიძლება ვერ გადავიდეს სიყვარულში მაშინ, როდესაც სიყვარული აუცილებლად შეყვარებასაც მოიცავს. კარგადაა გასარჩევი ერთი მეორისაგან, რომ არ მოხდეს მათი ერთურთში არევა.

***
იქ, სადაც პოლიტიკის აღქმა “მართვის ხელოვნებას” ვერ სცილდება, ლოგიკურია, რომ ვერც ადამიანი იქნება ბედნიერი და ვერც საზოგადოება.

***
პოლიტიკა მხოლოდ ისეთი მართვის ხელოვნებას შეიძლება დაერქვას, რომელიც პიროვნებისა და საზოგადოების ბედნიერების სამსახურში დგას.

 

თიბათვე, 2012 წელი

* * *
ვინც მართლა ცხოვრობს, მისი სული ტკივილზე ღიმილითა და სიყვარულით ერთი თავით მაღლა დგას.

* * *
სიყვარული სულში იბადება და გულში იფურჩქნება, გულში ყვავილობს.

* * *
ზოგი გვარითაა ბაგრატიონი, ზოგი-სულით.

* * *
ქართული ლხინი ქრისტიანულად გამართული ეროვნული ხასიათის ლიტურგიაა.

* * *
სიყვარულია ისიც, როცა იცი, გიღალატეს, ლახვარი ჩაგცეს ზურგიდან ფარულად, გული დაგისერეს და შენ მაინც ლოცულობ მისთვის.

* * *
სიყვარულს უფრო გრძნობენ და ცხოვრობენ, ვიდრე იციან იგი.

* * *
ვმოძრაობთ მხოლოდ გულით და სულით.

* * *
ზოგის გული სიკვდილს უძლებს, ზოგისა კიდევ-სიცოცხლეს. არიან ისინიც, ვინც ერთსაც იტევს და მეორესაც… ეს კი იმდენად აუტანელია, სიყვარულით თუ ერევიან ოდენ.

* * *
სიყვარული-არ არსებობს სიკეთე, რომელიც მასში არ იყოს. ყველანაირ დარიგებას, სიბრძნეს, სიხარულს, სინათლეს, სითბოს, სიტკბოს, ყოველივე ისეთ სასურველს მოიცავს იგი, რომელიც გვაბედნიერებს და ღმერთში გვამკვიდრებს. სადაც სიყვარული არაა, იქ ყველაფერი რიტორიკაა.

* * *
სიცოცხლე ვერ იქნება ის, რაც სიცოცხლის წყაროს აშორებს კაცს.

* * *
სიყვარული მზის სიმაღლეა.

* * *
სიყვარული ადამიანის შიგნით არსებული ორკესტრის დირიჟორია

მკათათვე, 2011 წელი

* * *
საკუთარი თავის უფალი არაა დაავადებული სხვებზე გაბატონების ფიქრითა და სწრაფვით.

* * *
გულით იმოძრავე, გულით ირბინე, გულით იფრინე.

* * *
სიკეთე სიმართლის გარეშე დაიჩაგრება, ორივეს კი ძალაუფლება აძლიერებს.

* * *
სადაც გონება ვერ აღწევს, იქ რწმენას გაესვლება.

იგრიკა, 2011 წელი

* * *
ფიქრებით შემოიარო სამყარო ნიშნავს, დაათვალიერო იგი, მაგრამ მხოლოდ გულისხედვით თუ ვუღრმავდებით და ვეხებით მას. არსებობისა და შესაქმის სინამდვილე გულში, გულით ცხადდება და გვიცხადდება.

* * *
ადამიანის ძირითადი ნიში აზროვნებაა, კაცისა-ზნეობა, ზეკაცისა კი-სიყვარული.

* * *
ნამდვილი პოლიტიკა  ადამიანებს შორის მეგობრობიდან და თავისუფლებიდან გამომდინარეობს, ემყარება და ამრავლებს მათ.

* * *
ადამიანის, საზოგადოებებისა და კაცობრიობის უზნეობა თითოეულისათვის დამღუპველი ჩიხია.

* * *
ქალი შეგრძნებით შეიცნობა.

* * *
კაცი მაშინაა ჭეშმარიტი ფილოსოფოსი, როდესაც სოფიას თვითონ ღმერთი წარმოადგენს.

* * *
ცალკერძი ზნეობა არაა საკმარისი, თუკი მას არ ეხიდება და არ ავსებს მოღვაწეობა.

* * *
ადამიანი და ერი, რომელიც არ ცხოვრობს და არ ქმნის ისტორიას, ისტორიის გარეთ რჩება და ქრება.

* * *
არ არსებობს იმაზე უფრო დიდი გამარჯვება, ვიდრე საკუთარი თავის დაუფლება. შემდეგ, სხვა ყველაფერი ამის შედეგია ადამიანის ცხოვრებაში.

* * *
ისტორიის შექმნაში ლომის წილი კაცუნებს კი არა, შინაგანად მწიფე პიროვნებებს შეაქვთ.

* * *
მშვენიერება ალამაზებს.

* * *
თავმდაბლობაში თავისუფალი უნდა ხდებოდე და არა-მონა.

* * *
სიტყვებს თავიანთი გრძნობები გააჩნიათ-მხოლოდ ემოციურად ცოცხალი ადამიანები უღრმავდებიან და სწვდებიან მათ შინაარსს.

აპნისი, 2011 წელი

* * *
თუკი სულმა არ ეძია ღმერთი, გაცილებით უფრო ადრე დალპება, ვიდრე გარდაცვალების შემდეგ ჩვენი სხეული.

* * *
ზედმეტი ზრდილობა არ ვარგა-შენ თუ არა, სხვას აფუჭებს.

* * *
თუკი სიკეთის კეთებამ შინაგანად სიხარული არ მოგანიჭა, ან ის არაა სიკეთე, ან შენ ხარ მკვდარი სიკეთისთვის.

* * *
ყველაზე ძვირფასი სიტყვები ისაა, რომელთაც მარგალიტებივით კრიბავ საკუთარი შინაგანი სამყაროს ოკეანის უღრმესი ფსკერიდან.

* * *
სიყვარული ნებისმიერ პრინციპზე მაღლა დგას.

* * *
სიყვარული თვითონაა უზენაესი პრინციპი.

* * *
ზოგჯერ კაცუნები თავიანთ პატარა სიხარულში უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე ბუმბერაზები საკუთარი დიდი მოწოდების გზაზე სვლაში.

* * *

ცხოვრება მაშინ ხდება გაუგებარი, როდესაც საკუთარ თავს ვერ ვუგებთ.

* * *

გრძნობდე ადამიანის სულს, ეს ნიშნავს, ხედავდე მას.

* * *

აკეთებდე იმას, რასაც გრძნობს საყვარელი ადამიანის სული, ნიშნავს ხედავდე მის შინაგან სამყაროს და ერწყმოდე მას.

* * *

სიკეთე ნამდვილია და სინამდვილე.

* * *

ხელისუფლება სამართლიანი ძალაუფლებაა. სხვაგვარად იგი ძალადობა ხდება.

* * *
ადამიანები დოგმატიკას შესაბამისი ცხოვრებისეული გამოცდილების გარეშე გონების მიერ ჭვრეტით გაზიარებულ ხისტ და მშრალ სიტყვათა კრებულად აქცევენ მაშინ, როდესაც მასში ღმერთის თბილი და მოსიყვარულე სუნთქვა იგრძნობა.

* * *
სამართლიანი ძალაუფლება არის ხელისუფლება, უსამართლო კი-ძალადობა.

* * *
საკუთარი თავის დაუფლებით (თავის-უფლება) იწყება ნამდვილი სიცოცხლე

* * *
არა გუშინ, არა დღეს, არა ხვალ, არამედ სამივე ერთად.

* * *
სიყვარულის გადმოსახედიდან ბოროტება ერთ უუმცირეს წერტილადაც არ ღირს.

* * *
მსოფლიოს მეტი პოეზია სჭირდება, რაც ფურცელზე ლექსის წერას არ გულისხმობს მხოლოდ, არამედ ადამიანის გულსა და თვით, ადამიანებს შორის პოეზიის ქმნას, განხორციელებას.

* * *
საქმეა ყველაზე დიდი სიტყვა, თორემ სიტყვა უსაქმოც, ცარიელიც და საქმესთან შეუსაბამოც შეიძლება იყოს. ეს უკვე სიტყვა კი არა, ტყუილია

* * *

Quando la società non è talmente matura per creare dentro se stessa la forza, che lo rappresenti, al posto del governo rovesciato verrà un gruppo politico come prima (o peggiore del primo) e non la forza del popolo. In questo caso nessun governo generato fuori dalla società migliorerà la vita del popolo-soltanto quello che provviene dal popolo stesso. Ma per questo, prima di tutto, deve maturare la società stessa. E questo non avviene subito, ci serve un lungo tempo e lavoro duro

როდესაც საზოგადოება არაა საკმარისად მწიფე, რათა საკუთარ წიაღში წარმოქმნას თავისი ინტერესების გამომხატველი და განმახორციელებელი ძალა, მაშინ რაც არ უნდა სხვა მთავრობა მოვიდეს, მუდამ წინანდელის მსგავსი უფრო იქნება (ან უარესი), ვიდრე ხალხიდან და ხალხისათვის წარმოქმნილი ხელისუფლება. ამ შემთხვევაში, საზოგადოების ფარგლებს გარეთ ნაშობი ძალაუფლება ვერ გააუმჯობესებს მოსახლეობის ცხოვრებას. ეს შესაძლებელი იქნება ოდენ ხალხის წიაღში დაბადებული მთავრობისათვის, თუმცა, ამისათვის თვითონ საზოგადოების მომწიფებაა აუცილებელი, რაც არ ხდება ხანმოკლე მონაკვეთში; ეს დიდ დროსა და უშურველ მოღვაწეობას საჭიროებს.