სურწყუნისი, 2020 წელი

***
მშობელმა შვილები უპირველეს ყოვლისა, მამულს უნდა აღუზარდოს. ამგვარად, თვითონაც იხეირებს, სამშობლოსაც განავითარებს და შვილიც უფრო ბედნიერი იქნება.

გაზარდეთ შვილები მხოლოდ სათავისოდ და მაშინ ისინი მამულისთვისაც დაკარგულები იქნებიან, თქვენთვისაც და საკუთარი თავისთვისაც.

***
უარყოფითისთვის ის იცლის, ვისაც განვითარებისთვის არ სცალია.

***
უარყოფითით კავდება ის, ვინც განვითარებაზე არ აკეთებს არჩევანს.

***
კარგია იყო ბავშვური, მაგრამ ცუდია იყო მხოლოდ ბავშვური.

გიორგობისთვე, 2019 წელი

***
ადამის მოდგმამ მატრიარქატიც გაიარა და პატრიარქატიც. დროა, რომ კაცობრიობა განვითარების უფრო მაღალ ეტაპზე გადავიდეს, სადაც დედაკაციც და მამაკაციც ერთმანეთზე უპირატესნი კი არ იქნებიან, არამედ მეგობრებიც. ეს უკანასკნელი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ სქესთა შორის თანასწორობა.

***
უსიყვარულო, ან სიყვარულნაკლული ღირსება დიდ ვაჟკაცობად ვერ ჩაითვლება.

***
არსობრივად, სიცოცხლე და მერმისი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. და ყოველთვის, როდესაც უარს ამბობ ადამიანზე, ვისი ცხოვრებაც ერთისა და მეორის სამსახურში დგას, ამით შენ კლავ ხვალინდელ დღეს: თუ სხვისას არა, საკუთარს მაინც.

***
სიკეთე თბილია, სიმართლე ნათელია.

***
თუ გინდა იყო ბედნიერი, მადლობელი უნდა იყო იმისთვისაც, რაც გაქვს და იმისთვისაც, რაც არ გაქვს.

***
ადამიანმა საკუთარი თავი სიყვარულით უნდა დაძლიოს.

***
თუკი გამრუდებულს არ გამართავ, მიგიშვია ცხოვრება და გაგიმრუდებია საკუთარი თავი.

***
სამართალი არის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის ბუნების შეზღუდულობისა და ნაკლოვანებათა კომპენსირება-მოწესრიგებას.

ღვინობისთვე, 2010 წელი

* * *

თუ გინდათ, გაიგოთ ამა თუ იმ ერის ზნეობრივი და სულიერი მდგომარეობის ხარისხი, პირველ რიგში იკითხეთ, ვინ, ან რა არის ამ ერის უფალი.

* * *
სულიერი მეგობრები ისინი არიან, ვინც ინტუიციურად იცნობენ ერთმანეთს, მაგრამ ამასთანავე, მუდამჟამს სასიამოვნოდ აოცებენ ერთურთს.

* * *
ვინც შვილს ისე ზრდის, რომ თავი უკვე ზრდასრული ჰგონია, უკვე დაბერებული გონების პატრონია.

* * *
დრო მაშინ მიჰქრის-და მიჰქრის შეუბრალებლად-, როცა ჩვენ ერთ ადგილს ვტკეპნით. მაგრამ, როცა ვცხოვრობთ, ვმოძრაობთ, ფრთებსა ვშლით, მაშინ დრო მარადისობად გარდაიცვლება.

* * *

პოლიტიკა არ მომკვდარა. მას უარესი დაემართა: იგი სიკვდილით დაავადდა და ირგვლივ ამ სნეულებას თესავს.

* * *
თუ გინდა სხვას ასწავლო, ჯერ შენ უნდა გამოსცადო და გაითავისო.

* * *

ადამიანი, რომელიც შენში მხოლოდ კარგს ხედავს და ცუდს არა, ისეთივე საშიშია, როგორც ადამიანი, რომელიც შენში ოდენ ცუდს ამჩნევს და კარგს არა. ბედნიერი შეხამება მხოლოდ მასთან გექნება, ვინც შენში დადებით მხარესაც ხედავს, უარყოფითსაც და ვინც აქედან გამომდინარე, მაინც შენს სულიერ მეგობრად გრძნობს თავს.

* * *

ზოგჯერ “არა” უკეთ აცხადებს სინამდვილეს, ვიდრე ყველაფერზე თანხმობა.

* * *
მეცნიერული წყობის ადამიანი ამბობს: ვიქეცი გონებად. პოეტი კი იტყვის: ვიქეცი გულად, სულად.

* * *

Disposition is more important, than position.

* * *
საკუთარი თავის სრულყოფის გარეშე სიახლეებისაკენ ლტოლვა დამღუპველი შედეგების მომტანია.

* * *

ტირანი მოძალადეა, საკუთარი თავის უფალი კი თავისუფალი შემოქმედია და თავისუფლებას ამრავლებს.

თიბათვე, 1998 წელი

* * *
ხელოვანი მაშინაა დიდი, როდესაც თავის ნამოქმედარს ორაზროვნების იერსაც შთაბერავს.
* * *
ესა თუ ის სიტყვა მარადიულია, თუ უშუალოდ გულიდან მომდინარეობს. სხვა შემთხვევაში იგი წაიშლება დროთა ქარიშხლებისაგან.
* * *
სული შემოქმედებას ერთი რამით ძალიან ჰგავს-თავისთავად უკვდავია, ხოლო პოიეზისი კი მარადიულია მაშინ, როცა მას მარადიული პიროვნება ქმნის. შემოქმედებაში შეიძლება ამ პიროვნებამ მთელი თავისი გული ჩადოს და სულის სარკედ აქციოს. მხოლოდ და მხოლოდ მის არსში ჩაწვდომაა აუცილებელი, რომ ადამიანს თვალწინ გადაეშალოს მარადიული პიროვნების შინაგანი სამყაროს საიდუმლო.
* * *
ადამიანები, რომლებიც არ იცნობენ მწერლის, შემოქმედის ფსიქოლოგიას, ძირეულად ვერ ჩასწვდებიან მის ქმნილებებს. მხოლოდ და მხოლოდ მათთვის მოსაწონ და გულის სანუკვარ გრძნობებს შეხამებულ მხარეებს მიაქცევენ განსაკუთრებულ ყურადღებას. აი, ასეთი უძირო ზღვაა მწერალი და ამიტომაცაა იგი დიდი და უკვდავი, ბოლომდე აზრჩაუწვდომელი ქმნილებების, შედევრების ავტორი.

* * *
გამოზომილ დროზე უფრო ორგანიზებული არაფერია, თუკი მასში ღვთის მადლითცხებული ხელის ნაკვალევიც სჩანს.

* * *

დიდი ხელოვანი მის მიერ არჩეული გზის იმდენად ერთგულია, რომ დასაწყისიდანვე სწავლობს ამ სავალის ენას. საბოლოოდ, სხვაგვარი მეტყველება მისთვის შეუძლებელი ხდება.

* * *
ჭეშმარიტად და საბოლოოდაც ბედნიერია ის ადამიანი, რომელსაც უყვარს მის მიერ არჩეული გზა და სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვება მას ფიქრშეუცვლელად.

* * *
უმეტესად ადამიანები იმაზე მეტს საუბრობენ და ფიქრობენ უფრო მეტს, რაც მათ არ გააჩნიათ.

* * *
დიდ მოთმინებასა და ძალას მოითხოვს ბრძოლა, მაგრამ კიდევ უფრო მეტ სიმამაცეს საჭიროებს ხელოვნება.

* * *
რაც უფრო ხორციელდება ადამიანის ოცნება და უახლოვდება მიზანს, მით უფრო უსახური გახდება მისი ცხოვრება, თუკი ერთ თვალსაწიერს მეორე არ დაამატა.

* * *
ზუსტადაც, რომ ორჯერ დაბადებული ადამიანია დიდი, რადგანაც ხელახალი შობა მარადიულობისკენ მიმართული ერთგვარი საწყისია.

ღვინობისთვე, 2009

* * *
არსობრივად, დუმილი შინაგანი საუბარია.

* * *
ღვინო ბედნიერებისთვისაა და არა-დასათრობად.

* * *
ბევრის ცოდნა არ ნიშნავს, რომ ბევრი გესმის. თუმცა, ერთი მეორეს ავსებს.

* * *
ცოდნა სიბრძნისთვისაა საჭირო, სიბრძნე-თავისუფლებისათვის, თავის-უფლება კი იმისათვის, რომ პიროვნებას წარმოადგენდე.

* * *
პოლიტიკის გარდა პოლიტიკაზე ყველაფერს ვკითხულობ, რათა უფრო ღრმად და უკეთესად ვიცოდე იგი.

* * *
დასავლეთმა თეორია პრაქტიკას დაუპირისპირა, აღმოსავლეთმა კი პრაქტიკა-ცოდნას; და ეს მაშინ, როცა ერთმანეთის გარეშე ერთიც იკარგება და მეორეც.

* * *
ადამიანები მისთვის ვვარსებობთ, რომ უფრო მეტად ვაკეთილშობილებდეთ ერთმანეთის როგორც შინაგან, ასევე, გარესამყაროებს.

* * *
სიკვდილის მას ეშინია, ვისაც არ უცხოვრია.

* * *
ადამიანი არსებობას გულით ცხოვრობს.

* * *
ადამიანს სიკვდილთან ღირსეული ჭიდილი და შეძლებისდაგვარად მეტი სიცოცხლის დატევის წყურვილი აკეთილშობილებს.

* * *
მინდია მთელი თავით უფრო მაღლა დგას, ვიდრე ყველა ტექნოგენური ადამიანი ერთადაღებული.

* * *
ტექნოლოგია ზოგისთვის ყავარჯენია, ზოგისთვის-ექსკალიბური.

* * *
ჰომერული სიცილის რაობა ჯოჯოხეთზე უარესიცაა და უფრო დიდიც.

* * *
თავის-უფალი კაცი, პიროვნება საკუთარ ქვენა ვნებებთან მოჭიდავე და ამ ჭიდილში გამარჯვებული ადამიანია.

* * *
ერის კეთილდღეობა თავისთავად სახელმწიფოს აყვავებასაც გულისხმობს მაშინ, როდესაც შეიძლება წარმოადგენდეს რა მმართველი ნაწილის ინტერესების განხორციელების მექანიზმს, სახელმწიფოებრივი სიკეთე იქცეს ერის ბედნიერი ცხოვრების სრულიად საწინააღმდეგო პერსპექტივად.

* * *
ადამიანებს შორის ურთიერთობაში მწერლობას გაცილებით მეტი უპირატესობა გააჩნია, ვიდრე ფილოსოფიას. მაშინ, როცა მეორე შეიძლება უძრავად გაიყინოს ერთ ადგილზე და ნაბიჯიც ვერ გადადგას წინ, ლიტერატურას მუდამ გააჩნია გაყინული წერტილიდან ამოძრავებისათვის საჭირო საკმარისი მარაგი.

* * *
ფილოსოფია ისეთი აზროვნებითი ლაბირინთიცაა, არიადნეს ძაფი თუ არ მოიშველიე, დაიკარგები, დაიღუპები.

* * *
ადამიანი ქრისტეფორე კოლუმბია და ადამიანები-აღმოსაჩენი კონტინენტები.

* * *
არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = http://www.kubrick2001.com

* * *
საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა.

* * *
ვინც რბილიცაა, მტკიცეა; ვინც მტკიცეცაა, რბილია.
ვინც მტკიცეა, გადატყდება; ვინც რბილია, დამარცხდება.

* * *
საყვარელი ადამიანის სახელის წარმოთქმა უკვდავი ბედნიერებაა. ამის საფუძველზე ღმერთის წმინდა სახელის წარმოთქმა განუზომლად კიდევ უფრო დიდი მზიურობაა.

* * *
koka + koka reloaded + koka revolution = KOKA…

* * *
არიან ადამიანები, ვისთანაც სჯობს, არ იკამათო. არის ვითარებები, სადაც სჯობს არ იკამათო. ორივეს გაცნობიერება სიბრძნის ნიშანია.

* * *
ყველა ფერი სულ ერთია …

* * *
გარდაცვალება კიდევ უფრო დიდი სიცოცხლეა, თუკი ცხოვრობ.

* * *
ფილოსოფიას არ მოაქვს ხსნა. იგი მხოლოდ ნაწილობრივ გვეხმარება ამაში.

* * *
ეროვნება პიროვნების განვითარების განუყოფელი საფეხურია.

* * *
ფილოსოფია იმ სიმბოლურ “5 ევროს” მიაგავს, რომლის მიხედვითაც შეიძლება მეგობრობის ფასის, თუ ფასდაუდებლობის გაგება.

* * *
თუკი საინტერესო დროში ცხოვრება ჩინური წყევლაა, აპოკალიფსი ასეთი ხანაა.

* * *
მებრძოლი შემართება ცხოვრების სათავისკენ სვლის შემთხვევაშია გამართლებული და აუცილებელი, არა მისგან დაშორებისათვის.