მირკანი, 2020 წელი

***
სიცოცხლის ყველაზე ხელშესახები საიდუმლო სიყვარულია.

***
საკუთარ თავზე გამარჯვებულის დამარცხება შეუძლებელია.

***
ნუთუ იმისათვის მოვდივართ ამ ქვეყნად, ისიც ვერ გავიგოთ, თუ რატომ გავჩნდით?

***
მრავალი დაპირება და მათი შეუსრულებლობა გულს ხეთქავს.

***
ერთდროულად, რაოდენ დრამატული და ბანალურია ის, თუ როგორ უგულვებელვყოფთ ჩვენში ბავშვურ საწყისს. ამგვარად, ვკარგავთ სამყაროს შინაგანად გაგების ძვირფას უნარს.

თიბათვე, 1998 წელი

* * *
ხელოვანი მაშინაა დიდი, როდესაც თავის ნამოქმედარს ორაზროვნების იერსაც შთაბერავს.
* * *
ესა თუ ის სიტყვა მარადიულია, თუ უშუალოდ გულიდან მომდინარეობს. სხვა შემთხვევაში იგი წაიშლება დროთა ქარიშხლებისაგან.
* * *
სული შემოქმედებას ერთი რამით ძალიან ჰგავს-თავისთავად უკვდავია, ხოლო პოიეზისი კი მარადიულია მაშინ, როცა მას მარადიული პიროვნება ქმნის. შემოქმედებაში შეიძლება ამ პიროვნებამ მთელი თავისი გული ჩადოს და სულის სარკედ აქციოს. მხოლოდ და მხოლოდ მის არსში ჩაწვდომაა აუცილებელი, რომ ადამიანს თვალწინ გადაეშალოს მარადიული პიროვნების შინაგანი სამყაროს საიდუმლო.
* * *
ადამიანები, რომლებიც არ იცნობენ მწერლის, შემოქმედის ფსიქოლოგიას, ძირეულად ვერ ჩასწვდებიან მის ქმნილებებს. მხოლოდ და მხოლოდ მათთვის მოსაწონ და გულის სანუკვარ გრძნობებს შეხამებულ მხარეებს მიაქცევენ განსაკუთრებულ ყურადღებას. აი, ასეთი უძირო ზღვაა მწერალი და ამიტომაცაა იგი დიდი და უკვდავი, ბოლომდე აზრჩაუწვდომელი ქმნილებების, შედევრების ავტორი.

* * *
გამოზომილ დროზე უფრო ორგანიზებული არაფერია, თუკი მასში ღვთის მადლითცხებული ხელის ნაკვალევიც სჩანს.

* * *

დიდი ხელოვანი მის მიერ არჩეული გზის იმდენად ერთგულია, რომ დასაწყისიდანვე სწავლობს ამ სავალის ენას. საბოლოოდ, სხვაგვარი მეტყველება მისთვის შეუძლებელი ხდება.

* * *
ჭეშმარიტად და საბოლოოდაც ბედნიერია ის ადამიანი, რომელსაც უყვარს მის მიერ არჩეული გზა და სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვება მას ფიქრშეუცვლელად.

* * *
უმეტესად ადამიანები იმაზე მეტს საუბრობენ და ფიქრობენ უფრო მეტს, რაც მათ არ გააჩნიათ.

* * *
დიდ მოთმინებასა და ძალას მოითხოვს ბრძოლა, მაგრამ კიდევ უფრო მეტ სიმამაცეს საჭიროებს ხელოვნება.

* * *
რაც უფრო ხორციელდება ადამიანის ოცნება და უახლოვდება მიზანს, მით უფრო უსახური გახდება მისი ცხოვრება, თუკი ერთ თვალსაწიერს მეორე არ დაამატა.

* * *
ზუსტადაც, რომ ორჯერ დაბადებული ადამიანია დიდი, რადგანაც ხელახალი შობა მარადიულობისკენ მიმართული ერთგვარი საწყისია.

თიბათვისა, 2010

* * *
სიცოცხლეს სულიერად მკვდრები თუ კლავენ ოდენ.

* * *
სიყვარული ბრძენია, ვნება-ქაოტური.

* * *
დუმილის ფესვებზე ამოზრდილ მუსიკას ურაგანზე უფრო დიდი ხმაც აქვს და ძალაც.

* * *
სიკეთე სიყვარულისკენ მიმავალ გზაზე გადებული ხიდია.

* * *
სიკეთის საიდუმლო და სიძლიერე კარგის კეთებაშია.

* * *
პოეზია ისაა, სადაც თვითონ ადამიანის გულია ფურცელიც, კალამიც, მელანიც და სიტყვებიც.

* * *
ეგზისტენციალურად შეგნებულ უძრაობაში დაგროვებული სიბრძნე ბერიკაცულ სიმწიფესა ჰგავს, მოძრაობაში დაგროვებული კი-ახალგაზრდულ ძალუმობასა და გზნებას.

* * *
სიყვარული ის კონდიციაა, რომელიც ამწიფებს და ამტკიცებს ადამიანის კაცად ყოფნას.

* * *
ცივი ამინდი მაშინაა კარგი, როცა გულში თბილა.

* * *
თუკი თავის-უფლებას ვერ მიაღწიე, ვერც ხელ-მწიფე გახდები.

* * *
სულით პოეტებს ფილოსოფიასთან შედარებით ის მნიშვნელოვანი უპირატესობა გააჩნიათ, რომ გაცილებთ უფრო შორს მიდიან სიკეთისა და მშვენიერების შემოქმედებაში.

* * *
ადამიანს ცხოვრობენ.

* * *
იდეალურობა სრულყოფილებაა. ერთსაც და მეორესაც, მათი უსაზღვრო ბუნების გამო, სავსებით სამართლიანად მუდამ უსასრულოდ ესწრაფვიან.

* * *
როცა სული სულს ხედავს, ორივე ნათდება.

* * *
თავისუფლება შინაგანი სიცოცხლის გამოვლინებაა და სიყვარულისათვის ნოყიერ ნიადაგს წარმოადგენს.

* * *
გულის საუბრის ენა სულიერია.