ვარდობისთვე, 2021 წელი

***

იმ საზოგადოებას, რომელშიც “უნდა” და “მინდა” ერთმანეთს არ აწონასწორებს, გაუჭირდება ძალადობიის ჩაკეტილი წრიდან გათავისუფლება.

***
უმწიფარია საზოგადოება, რომელშიც სურვილები უფრო ჭარბობს, ვიდრე პასუხისმგებლობა.

***
საქართველო, საკუთარ თავს რომ ჰგავდეს, უნდა გათავისუფლდეს.

***
ბედნიერები პოეზიას არ წერენ – ახორციელებენ.

***
ცხოვრების განმავლობაში მრავალჯერ შეიძლება დაიბადო. უმრავლესობა ამას ძველის მკვლელობით ცდილობს, დანარჩენი კი, განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლით.

***
სახელმწიფო და ერი ერთმანეთს უნდა ადვოკატირებდნენ. სწორედ, ეს განაპირობებს ქვეყნის განვითარებას და ერის, როგორც საზოგადოების განსაზღვრას.

***
პოსტმოდერნიზმი პოლიტიკაში: ისაუბრე, იფიქრე და აკეთე რაც გინდა, ოღონდ ისე, რომ განაპირობებდე სახელმწიფოსა და საზოგადოების განვითარებას. ხოლო თუკი არც შენი ფიქრი, სიტყვა და მოქმედება ამ მიზანს არ ემსახურება, მაშინ კეთილი ინებე და გზა დაუთმე მას, ვისაც ეს შეუძლია. ყოველივე ზემოთაღნიშნულის გარეშე ნებისმიერი ლაპარაკი წიკვინია, ფიქრი-ქაოსი და ქმედება კი-წყლის ნაყვა.

***
კაცობრიობის დამოკიდებულება წარსულისადმი: “ვიცი”-ს სიჭარბე (ეპოსტემოლოგია), მომავლისადმი კი “არ ვიცი”-ს სიმრავლე (რომელიც თავისთავად შეიცავს “ვიცის”, ეპისტემოლოგიის მომცველი ჰერმენევტიკული ონტოლოგია).

***
სწორედ საკაცობრიო და ეროვნული იდეების რეალობად ქცევაა კულტურა და განათლება.

ქრისტეშობისთვე, 2020 წელი

***
ჯვრის ფორმა, როგორც კომუნიკაციის ხისებური და რიზომატული, იერარქიული და ქსელური სტრუქტურის ურთიერთგადაკვეთა, სადაც ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ურთიერთმოქმედება ერთმანეთს კი არაა დაპირისპირებული, არამედ სიყვარულის ძალით ერთმანეთს ავსებენ.

***
ჩვენი სიცოცხლე სიყვარულს-ღმერთს ეკუთვნის და არა პოლიტიკას, თუ სახელმწიფოს, რაც არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკა და სახელმწიფო უსიყვარულო-უღმერთო იყოს.

***
საქმიანი სიტყვა უკვე საქმის ნახევარია

***
მხოლოდ კაცობრიობის უდიდეს პიროვნებებს ძალუძთ შექმნან პირობები, სადაც შესაძლებელია მტრის მოყვარედ ქცევა.

***
წარსულით ცოცხალი უნდა იყო და არა მკვდარი.

***
თავმოყვარე და შინაგანად მწიფე დემოკრატიული საზოგადოება არ საჭიროებს ერთ და ორ ისეთ გმირს, რომელსაც მთელ თავის გასაკეთებელ საქმესა და ტვირთს აჰკიდებს. ასეთი სოციუმი უბრალოდ საკუთარ თავს არ აკადრებს მსგავს საქციელს, რამეთუ თვითონ წარმოადგენს გინდაც უფრო მცირე მასშტაბის, მაგრამ უამრავი პასუხისმგებლობიანი გმირისაგან შემდგარ პროაქტიულ ერთიანობას.


ენკენისთვე, 2019

***
როდესაც იმას საუბრობ, რაც ხარ, ესე იგი, საკუთარ თავთან ჰარმონიაში იმყოფები.

***
სიყვარული თავადაა ყველაზე დიდი ძალა და სიმდიდრე, რომელიც არსად სხვაგან, გარეთ სხვა ძალაუფლების ძიებას არ საჭიროებს.

***
რომ გაიზარდო, ჯერ უნდა დაიბადო.

***
მამულიშვილობა და ერიშვილობა ოჯახიდან იწყება, მაგრამ ოჯახით არ მთავრდება.

***
დაბადება სიკვდილის რაობაზე გამარჯვების შესაძლებლობაა.

***
კაცობრიობის ისტორია არაერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ სახელმწიფოთა, საზოგადოებათა და ერთა სათავეში კეთილგონიერების ხელისუფლებას თაობათა მანძილზე ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების აღზრდაზე ორიენტირებული განათლება სჭირდება.

***
ყველაზე უბადრუკი ის მონობაა, რომელიც ფსიქოლოგიური საღატაკიდან მოდის.

ღვინობისთვე, 2014 წ.

* * *
სიყვარულის სიბრძნე გვასწავლის, რომ ერები და ადამიანები კი არ უნდა გვძულდნენ, არამედ თვითონ ბოროტება და მისი ნებისმიერი გამოვლინება უნდა ვძლიოთ.

* * *
სიყვარულის გენიალობა უბრალოებაშია.

* * *
მარტივი მიდგომაა, ფიქრი არ სცდებოდეს იმ აზრს, რომლის მიხედვითაც სიყვარული ცვლის ადამიანს. რაც არ გვაუმჯობესებს, მას სიყვარული ნაკლებად ეთქმის. მხოლოდ სიყვარულში და სიყვარულით ვიზრდებით და ვხდებით უკეთესები.

* * *
მაღლიდან შექმნილი მშვიდობა მხოლოდ მაშინაა მშვიდობა, როდესაც მთავრობა ხალხის ჭეშმარიტი წარმომადგენელია და ახორციელებს სახალხო-სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ზოგადად, ომი არ წარმოადგენს ხალხის მიზანს. ყველა სხვა შემთხვევაში მშვიდობა წარმოადგენს ამა ქვეყნის ძლიერთა ეგოისტურ მისწრაფებებთან მიზანშეწონილ წესრიგს.

* * *
სხვაზე გაბატონება ძალადობას ბადებს, საკუთარი თავის დაუფლება კი-მშვიდობას.

* * *
მშვიდობა გაცილებით იაფი ღირს, მაგრამ ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება მის მწვერვალზე ასვლას. ომი შეუდარებლად უფრო ძვირი ღირს, მაგრამ ძალიან ადვილია მის უფსკრულში ჩავარდნა.

* * *
სიყვარული არჩევანია. რაც უფრო გაცნობიერებული და გათავისებულია იგი, მით უფრო მრავალჟამიერია მისი განხორციელება.

მკათათვისა, 2010 წელი

* * *
უზენაეს სიბრძნეთაგანია, როცა ნებისმიერ პირობებში ჰარმონიული ხარ საკუთარ თავთანაც და გარესამყაროსთანაც.

* * *
საქართველოს მუდამ ღვთითკურთხეული საქართველო თუ აერთიანებდა ოდენ…

* * *
დუმილში დაბადებული მუსიკა გულის ნიაგარების ძალისაა.

* * *
ამპარტავნება უგულო ყინულეთია.

* * *
გრძნობა გულის ხედვაა.

* * *
ხელმწიფება ტიტული კი არა, საკუთარი ერის მსახურებაა.

* * *
თავისუფლება საკუთარი თავის გაცნობიერება კი არაა ოდენ, მისი გრძნობაცაა.

* * *
თავისუფლება საკუთარ თავში გონებისა და გრძნობის შეხმატკბილებული გამარჯვებაა.

* * *
სიკეთე ცოდნისა და სიბრძნის მომდევნო, განხორციელებული საფეხურია.

* * *
იმარჯვებენ სიყვარულის სიბრძნითა და ვაჟკაცობით. ყოველგვარი სხვაგვარი გამარჯვება ილუზია და სიცრუეა.

* * *
სხვა თუ გძულს, ესე იგი, არც საკუთარი თავი გიყვარს.

* * *
აზრის გასიტყვება ნახევარი საქმეა.

* * *
კეთილი იდეის სიძლიერე მის ქმნა-განხორციელებაშია.

* * *
ღმერთს საქმით უფრო უახლოვდებიან, ვიდრე საუბრებით.

* * *
ქრისტიანული განახლება ღმერთთან დაბრუნებისა და ამ სასწაულით გამოწვეული უნაპირო, ენითგამოუთქმელი ბედნიერების მარადიული პარადიგმაა.

* * *
სიცოცხლე საცხოვრებელია.

* * *
ცხოვრება მოქმედებაში მოყვანილი, ამოძრავებული სიცოცხლეა.

* * *
სიცოცხლე ღვთიური ტალანტია, რომელიც შეიძლება შენი სულის ოთახში მდგარ კიდობანში გამოკეტო, ან გაასულიერო და გაივსო მისით. პირველი ცხოვრების ილუზიას ბადებს და სიცოცხლის დაკარგვამდე, შინაგან კვდომამდე მიჰყავს ადამიანი, მეორე კი მზესავით განათებულს ხდის ადამის ნაშიერს.

* * *
ფიქრებით სიახლოვე და გულით სიახლოვე სხვა და სხვა რამეა, თუმცა, ერთი მეორეს არ გამორიცხავს და ერთმანეთს ავსებენ.

* * *
სიყვარული და მეგობრობა შინაგანი თუ გარეგანი შეჭირვებიდან მუდმივი საუკეთესო გამოსავალია.

* * *
საკუთარი თავი რომ შეიცნო, ჯერ უნდა დაინახო იგი.

* * *
ადამიანი საკუთარ თავს უკეთ სულიერი დიალოგის დროს ხედავს.

* * *
გონებისმიერი ცხოვრება სტატიურია… გულისმიერი კი-დინამიური.

* * *
გულკეთილობა და კეთილგონიერება ერთმანეთს ავსებენ, მაგრამ წინამძღოლი პირველია.

* * *
ადამიანის შინაგანი სიმწიფე ჯერ კიდევ არ ნიშნავს ბედნიერებას. პირველი მეორის ჭურჭლად თუ გამოდგება.

* * *
სიცოცხლეს უფალი ღმერთი მშობლების მეშვეობით გვანიჭებს, ცხოვრება კი სიკეთის ზეიმია.

* * *
ბაგის კიდეები ბედნიერების ბარომეტრია…

* * *
ადამიანებს გვიკვირს ხოლმე, თუ რატომაა სიცოცხლე ძალადობითა და უსამართლობით სავსე. არადა, ამის მიზეზი თითოეულ ჩვენთაგანშია. ჩვენ რომ მართლა ვ-ც-ხ-ო-ვ-რ-ო-ბ-დ-ე-თ, ცხოვრება სიკეთის ზეიმად იქცეოდა.

* * *
ვისი შინაგანი სამყაროც სიკეთით, სიყვარულით, სიმამაცითა და პასუხისმგებლობითაა სავსე, ანუ ვინც ნაღდი ცხოვრებითაა გავსებული, ის ერსა და სახელმწიფოზე ზრუნავს. ვინც შინაგანად ცარიელია და გარეგნული ზიზილ-პიპილოებით სავსე, საკუთარი ფუტურო საქმეებით ცხადად აჩენს თავის ნამდვილ სახეს

ვარდობისთვე, 2010

* * *
ძალაუფლებას საკუთარი თავის მონები მიესწრაფვიან, ხელისუფლებას კი- თავის უფალნი.

* * *
ქართველობა არა ოდენ ეროვნებაა, არამედ სულიერი კონდიციაც.

* * *
თავის-უფლება სულიერების დასაწყისია.

* * *
ომს სიძულვილი კი არა, სიყვარული იგებს.

* * *
მეგობრობა ბანალური ურთიერთობები კი არა, გმირობაა.

* * *
ეშმაკნი უფრთხიან ადამიანურ კეთილგონიერებას, რამეთუ იგი მზესავით აჩახჩახებული გულისაკენ მიმავალი არიადნეს ძაფია.

* * *
ერი სახელმწიფოს გულია და არა პირიქით მაშინ, როცა სახელმწიფო ერის დამცავი აბჯარია.

* * *
თუკი სახელმწიფო ერის გამაბედნიერებელ საშუალებას არ წარმოადგენს, მაშინ იგი ერის საპყრობილე ხდება.

* * *
სადაც ერი სახელმწიფოს არსებობის საშუალებად იქცევა, იქ ორივე გაქრობისთვისაა განწირული.

* * *
ერი ქმნის სახელმწიფოს და არა პირიქით.

* * *
უფრო სახელმწიფო უნდა იყოს ერის სამსახურში და არა პირიქით.

* * *
ერი ქმნის სახელმწიფოს, როგორც თავის გასაბედნიერებელ საშუალებას და აყენებს მას თავის სამსახურში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერი სახელმწიფოს ტყვე ხდება. მონობა და თავის-უფლების საფუძველზე მოპოვებული ბედნიერება ორი ერთმანეთთან შეუთავსებელი რამაა.

* * *
გენიალურია, როცა ქალს ესმის მამაკაცის; ზეგენიალური კი, როცა მამაკაცი გრძნობს ქალს.

* * *
ადამიანში მყოფ ღმერთს სიყვარული ჰქვია, ადამიანებს შორის მყოფს კი-მეგობრობა.

* * *
იყო პიროვნება, კაცი, ნიშნავს, მონაწილეობდე ისტორიაში და ქმნიდე მას. ყველა სახის არსებობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ცხოვრებას.

* * *
ვისაც მეგობარი არ ჰყავს, მას არც უცხოვრია.

* * *
გული სიყვარულის კერიაა-ერთხელ რომ დაანთებ, მუდმივ ყურადღებასა და მზრუნველობას საჭიროებს.

ღვინობისთვე, 2009

* * *
არსობრივად, დუმილი შინაგანი საუბარია.

* * *
ღვინო ბედნიერებისთვისაა და არა-დასათრობად.

* * *
ბევრის ცოდნა არ ნიშნავს, რომ ბევრი გესმის. თუმცა, ერთი მეორეს ავსებს.

* * *
ცოდნა სიბრძნისთვისაა საჭირო, სიბრძნე-თავისუფლებისათვის, თავის-უფლება კი იმისათვის, რომ პიროვნებას წარმოადგენდე.

* * *
პოლიტიკის გარდა პოლიტიკაზე ყველაფერს ვკითხულობ, რათა უფრო ღრმად და უკეთესად ვიცოდე იგი.

* * *
დასავლეთმა თეორია პრაქტიკას დაუპირისპირა, აღმოსავლეთმა კი პრაქტიკა-ცოდნას; და ეს მაშინ, როცა ერთმანეთის გარეშე ერთიც იკარგება და მეორეც.

* * *
ადამიანები მისთვის ვვარსებობთ, რომ უფრო მეტად ვაკეთილშობილებდეთ ერთმანეთის როგორც შინაგან, ასევე, გარესამყაროებს.

* * *
სიკვდილის მას ეშინია, ვისაც არ უცხოვრია.

* * *
ადამიანი არსებობას გულით ცხოვრობს.

* * *
ადამიანს სიკვდილთან ღირსეული ჭიდილი და შეძლებისდაგვარად მეტი სიცოცხლის დატევის წყურვილი აკეთილშობილებს.

* * *
მინდია მთელი თავით უფრო მაღლა დგას, ვიდრე ყველა ტექნოგენური ადამიანი ერთადაღებული.

* * *
ტექნოლოგია ზოგისთვის ყავარჯენია, ზოგისთვის-ექსკალიბური.

* * *
ჰომერული სიცილის რაობა ჯოჯოხეთზე უარესიცაა და უფრო დიდიც.

* * *
თავის-უფალი კაცი, პიროვნება საკუთარ ქვენა ვნებებთან მოჭიდავე და ამ ჭიდილში გამარჯვებული ადამიანია.

* * *
ერის კეთილდღეობა თავისთავად სახელმწიფოს აყვავებასაც გულისხმობს მაშინ, როდესაც შეიძლება წარმოადგენდეს რა მმართველი ნაწილის ინტერესების განხორციელების მექანიზმს, სახელმწიფოებრივი სიკეთე იქცეს ერის ბედნიერი ცხოვრების სრულიად საწინააღმდეგო პერსპექტივად.

* * *
ადამიანებს შორის ურთიერთობაში მწერლობას გაცილებით მეტი უპირატესობა გააჩნია, ვიდრე ფილოსოფიას. მაშინ, როცა მეორე შეიძლება უძრავად გაიყინოს ერთ ადგილზე და ნაბიჯიც ვერ გადადგას წინ, ლიტერატურას მუდამ გააჩნია გაყინული წერტილიდან ამოძრავებისათვის საჭირო საკმარისი მარაგი.

* * *
ფილოსოფია ისეთი აზროვნებითი ლაბირინთიცაა, არიადნეს ძაფი თუ არ მოიშველიე, დაიკარგები, დაიღუპები.

* * *
ადამიანი ქრისტეფორე კოლუმბია და ადამიანები-აღმოსაჩენი კონტინენტები.

* * *
არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = http://www.kubrick2001.com

* * *
საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა.

* * *
ვინც რბილიცაა, მტკიცეა; ვინც მტკიცეცაა, რბილია.
ვინც მტკიცეა, გადატყდება; ვინც რბილია, დამარცხდება.

* * *
საყვარელი ადამიანის სახელის წარმოთქმა უკვდავი ბედნიერებაა. ამის საფუძველზე ღმერთის წმინდა სახელის წარმოთქმა განუზომლად კიდევ უფრო დიდი მზიურობაა.

* * *
koka + koka reloaded + koka revolution = KOKA…

* * *
არიან ადამიანები, ვისთანაც სჯობს, არ იკამათო. არის ვითარებები, სადაც სჯობს არ იკამათო. ორივეს გაცნობიერება სიბრძნის ნიშანია.

* * *
ყველა ფერი სულ ერთია …

* * *
გარდაცვალება კიდევ უფრო დიდი სიცოცხლეა, თუკი ცხოვრობ.

* * *
ფილოსოფიას არ მოაქვს ხსნა. იგი მხოლოდ ნაწილობრივ გვეხმარება ამაში.

* * *
ეროვნება პიროვნების განვითარების განუყოფელი საფეხურია.

* * *
ფილოსოფია იმ სიმბოლურ “5 ევროს” მიაგავს, რომლის მიხედვითაც შეიძლება მეგობრობის ფასის, თუ ფასდაუდებლობის გაგება.

* * *
თუკი საინტერესო დროში ცხოვრება ჩინური წყევლაა, აპოკალიფსი ასეთი ხანაა.

* * *
მებრძოლი შემართება ცხოვრების სათავისკენ სვლის შემთხვევაშია გამართლებული და აუცილებელი, არა მისგან დაშორებისათვის.

ენკენისთვე, 2009

* * *
პიროვნულობის ხარისხი დანაღვლიანების ხარისხის უკუპროპორციულია.

* * *
ცხოვრება ფასიანია; ვისთვის ძვირი ღირს, ვისთვის-იაფი. კაპიტალისტური წყობის ხასიათი კი ისაა, რომ ცხოვრებაც და ადამიანებიც სავაჭრო საგნად მოიაზრებიან. ამგვარად, ყოფიერება ერთი დიდი ბაზარი ხდება. ტიპიური უმსგავსოება.

* * *
კვდომაც თავგადასავალია…

* * *
იქ, სადაც სახელმწიფო აუცილებელ ბოროტებად მოიაზრება, საზოგადოება და ადამიანები არ არიან მომწიფებულნი სახარებისეული ჭეშმარიტების სინამდვილისათვის. სახელმწიფო ბოროტების აუცილებლობა ისეთი წყობისათვისაა დამახასიათებელი, რომელიც ღვთიური წესრიგისაგან არ მომდინარეობს.

* * *
ღირსსავსე ცხოვრება ფასზე მაღლა დგას.

* * *
პიროვნება ის პეპელაა, რომელიც ინდივიდის გარდაცვალებით იბადება.

* * *
სიმართლე, ადრე თუ გვიან, მუდამგზის იმარჯვებს. სიცრუე კი მხოლოდ დროებით ან ხანგრძლივ წარმატებას აღწევს, მაგრამ აროდეს-მარადიულს.

* * *
ქართველებსა და აფსუებს კვლავ მხოლოდ სიმართლე გაგვაერთიანებს. სიცრუე ჯერ-ჯერობით წარმატებულად გვაშორებს ერთმანეთს; სიცრუე, რომელიც არა ოდენ ქართველებსა და აფსუებს შორის მყოფობს, არამედ თავად ქართველ ერში პარპაშებს.

* * *
სიცოცხლე ბავშვია…

* * *
არცთუ იშვიათად, პოეზია ისაა, რაც არ გვაქვს.

* * *
ადამიანი თვალებთან იწყება და ბაგეებთან მთავრდება…

* * *
სიყვარულმა წყენა არ იცის.

* * *
სიყვარული ტკივილზე მაღლა დგას.

* * *
სიყვარულს ტკივილი სიყვარულითვე გადააქვს.

* * *
ნიცშე, რომელმაც სიკვდილის წინ საბოლოოდ აღიარა საკუთარი მარცხი ნაზარეველი ღმერთკაცის წინაშე, დასავლეთის რელიგიური თავგადასავლის უმწვერვალესი გამოვლინებაა.

* * *
დუმილი მუდამ ოქრო კი არა, შინაგანი სიყრუისა და უმწიფრობის ნიშანიც შეიძლება იყოს.

* * *
არცთუ იშვიათად როგორ უფრო მართებული იქნებოდა: http://www.literatura.ge, თუ http://www.kitsch.ge?

* * *
სადაც ორივე მხარე არ იმარჯვებს, იქ გამარჯვებაზე საუბარი ზედმეტია.

* * *
სიძულვილი და ინდიფერენტულობა ცარიელი სიტყვებით საუბრობენ. ეს სულიერი სიბერწისა და სიმუნჯის ენაა.

* * *
დიაბოლიკური განზომილების მახასიათებელი: კიჩი, ანუ არარსი. არარსი, ანუ კიჩი.

* * *
ცოდნა სიბრძნისაგან იმით განსხვავდება, რომ პირველი გარეგნულად შეძენილი ინფორმაციაა მაშინ, როცა მეორე შინაგანად დადუღებული და ნაცხოვრები რეალობა.