ენკენისთვე, 2019

***
როდესაც იმას საუბრობ, რაც ხარ, ესე იგი, საკუთარ თავთან ჰარმონიაში იმყოფები.

***
სიყვარული თავადაა ყველაზე დიდი ძალა და სიმდიდრე, რომელიც არსად სხვაგან, გარეთ სხვა ძალაუფლების ძიებას არ საჭიროებს.

***
რომ გაიზარდო, ჯერ უნდა დაიბადო.

***
მამულიშვილობა და ერიშვილობა ოჯახიდან იწყება, მაგრამ ოჯახით არ მთავრდება.

***
დაბადება სიკვდილის რაობაზე გამარჯვების შესაძლებლობაა.

***
კაცობრიობის ისტორია არაერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ სახელმწიფოთა, საზოგადოებათა და ერთა სათავეში კეთილგონიერების ხელისუფლებას თაობათა მანძილზე ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების აღზრდაზე ორიენტირებული განათლება სჭირდება.

***
ყველაზე უბადრუკი ის მონობაა, რომელიც ფსიქოლოგიური საღატაკიდან მოდის.

მარიამობისთვე, 2011 წელი

* * *
ერი ზეპიროვნული ოჯახია.

* * *
სიმართლის თქმასა და კეთებას მხოლოდ ვაჟკაცობა კი არა, ღირსებაც სჭირდება.

* * *

სიყვარული ქმნის სინამდვილეს.

* * *

ვერ ვიწამებ ისეთ ადამიანს, ვისაც ღმერთი უყვარს და მოყვასი სძულს, ან პირიქით. იმ კაცის მჯერა, ვინც ოქროს წონასწორობას პოულობს უფლისა და მოყვასის სიყვარულში.

* * *

კაცი გულისხედვით დაბრმავებული რომ არ იყოს, დაინახავდა, რომ იმაზე უფრო გასაოცარ სამყაროში ცხოვრობს, ვიდრე ზღაპრების სინამდვილეა.

* * *

კაცს იმაზე მეტი შეუძლია, ვიდრე წარმოუდგენია, მაგრამ ღვთის ნების გარეშე ერთ უმცირესს ნაბიჯსაც კი ვერ გადადგამს.

* * *

თუკი ზედმეტს ვლაპარაკობ, ესე იგი, ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი.

* * *

ტექნოლოგიის განვითარება კაცობანაკლული ადამიანების ზედაპირულობას კიდევ უფრო ზრდის.

* * *

ძალიან ბევრი უნდა გავიგოთ იმისათვის, რომ მივხვდეთ, თუ რაოდენ ზღვაში წვეთსაც კი არ წარმოვადგენთ ღმერთის გარეშე და ღმერთის წინაშე.

* * *
ნუ გაცდუნებთ ქალის გარეგანი სილამაზე. იგი წარმავალია. ენდეთ მისი შინაგანი მშვენიერების კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელსაც ვერანაირი დრო ვერ წარხოცავს.

* * *
სულიერი ადამიანისათვის ქალის შინაგანი მშვენიერება გაცილებით უფრო ძვირფასია, ვიდრე მისივე რაგინდარა გარეგნული სილამაზე.

* * *
საკუთარ თავს სატრფოსთან, თუ სულიერ მეგობართან ერთობით თუ შეიცნობ და იპოვი მხოლოდ. სხვაგვარად, მუდამ მოტყუვდები და ვერ გამოაღწევ ამაო წუთისოფლის სიცრუის ლაბირინთიდან.

* * *
ამაო წუთისოფელსა და გონებას დაქვემდებარებული ცნობიერების მქონე ადამიანისათვის პოეზიის ბუნება, განზომილება და გათავისება უცხო, მიუწვდომელი და გაუგებარი რამაა.

* * *
ფილოსოფია პოეზიაში თუ არ ამაღლდება, პირველი მკვდარი და უსულო ხდება, მეორე კი – სუსტი და ზედაპირული

* * *
ნამდვილი პოეზია ისაა, რომელიც უპირველესად სულის ფურცლებზე იწერება.