ენკენისთვე, 2019

***
როდესაც იმას საუბრობ, რაც ხარ, ესე იგი, საკუთარ თავთან ჰარმონიაში იმყოფები.

***
სიყვარული თავადაა ყველაზე დიდი ძალა და სიმდიდრე, რომელიც არსად სხვაგან, გარეთ სხვა ძალაუფლების ძიებას არ საჭიროებს.

***
რომ გაიზარდო, ჯერ უნდა დაიბადო.

***
მამულიშვილობა და ერიშვილობა ოჯახიდან იწყება, მაგრამ ოჯახით არ მთავრდება.

***
დაბადება სიკვდილის რაობაზე გამარჯვების შესაძლებლობაა.

***
კაცობრიობის ისტორია არაერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ სახელმწიფოთა, საზოგადოებათა და ერთა სათავეში კეთილგონიერების ხელისუფლებას თაობათა მანძილზე ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების აღზრდაზე ორიენტირებული განათლება სჭირდება.

***
ყველაზე უბადრუკი ის მონობაა, რომელიც ფსიქოლოგიური საღატაკიდან მოდის.

მარიამობისთვე, 2010 წელი

* * *
საქმე მხოლოდ მხილება და სიმართლის პირში თქმა კი არაა, არამედ ისიც, თუ რამდენად მოახერხებ თანამოსაუბრის გულთან შეხებასა და მის კიდევ უფრო მეტად გაკეთილშობილებას.

* * *

კეთილგონიერება გულით გაზავებული გონებაა.

* * *

არეული გული ისევე დამაბნეველია, როგორც-უგულო გონება.

* * *

თუკი სამყაროს სუნთქვას გულისყურს მიაპყრობთ, უკვდავებას მოგიყვებათ

* * *

გენიალურობის პირველი საფეხური საკუთარ შინაგან სამყაროში წონასწორობის შემეცნება და გამომუშავებაა.

* * *

ფილოსოფია გარკვეულწილად კეთილგონიერების აუცილებელი პირობაა, მაგრამ მტრისას ცალმხრივი და უკიდურესი ფილოსოფოსობა.

* * *

ნაკლულ პასუხისმგებლობასა და შეგნებაზე დაფუძნებული უფლება თავხედობაში გადადის.

* * *

სიმართლით ცხოვრების არსი თავისი უღრმესი რაობით ფილოსოფიურია, ხოლო ჭეშმარიტებისათვის თავგანწირვის შემძლეობა კი სიყვარულის ზეიმია და პოეზიის უზენაეს გამოვლინებას წარმოადგენს.

* * *
ცივილიზაციას თავისი მანკიერებები აქრობს, რაც ადამიანთა ნაკლოვანებებისა და არასრულყოფილების გამძაფრებითაა გამოწვეული.

* * *

თუ რამის შეცვლა გინდა, შედეგებზე კონცენტრირება უდიდესი თუ არა, დიდი შეცდომაა. მიზეზებში ჩაღრმავებით უნდა იწყებოდეს პროგრესულ ცვლილებაზე ორიენტირებული კრიტიკა. მოვლენების პირველსაწყისები კი მუდამ ადამიანში უნდა ვეძიოთ.

* * *

აცოცხლებული სულის პატრონს ნაკლები დრო აქვს განმარტებებისათვის-მისი საქმეები და ქმედებანი თვითონ არიან სიყვარულით გზნებული სიცოცხლის, წმინდა სამების არსებობის საუკეთესო და კონკრეტული თარგმანებანი.

* * *

გულის ენა სიჩუმეში დაბადებული მუსიკაა.

* * *

სულიერი მეგობრობა ორთა შორის უსაზღვროების სიმტკიცეა.


* * *

ცოდვა იმ ნახვრეტსა ჰგავს, რომლიდანაც გაედინება ჩვენში დაგროვებული ღვთიური მადლი.

* * *

პოეზია მშვენიერების განხორციელებაა, კეთებაა, სი-კეთ-ეა.

* * *

ბედნიერება სულის ზრდაა.

* * *

“უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი”-ამ პაწაწინა ლოცვაში მთელი სამყარო და უფრო მეტია ჩატეული.

* * *

სიყვარულის ძალა ღვთის წყალობაა.

* * *

სუსტი და ცარიელი სულის ჭურჭელი სიკვდილით ივსება და კვდება, შინაგანად ძლიერი და მრთელი კი სიცოცხლით, სიყვარულით, სიკეთით ივსება და მარადისობაში გარდაიცვლება.

* * *

ქართველი ერი მას იყვარებს, ვინც მის სულს ზრდის და არა კლავს.

* * *

გულისმიერი ცნობიერების დროში ჩაღრმავება აჩერებს წარმავალი დროის მდინარებას და ციური მზიურობის ზიარს ქმნის ადამიანს.

* * *

გარდაცვალება ღმერთთან შემახვედრებელი ხიდია, რომლისადმი მისასვლელი გზის გავლა ღირსეულად ჰხამს.

* * *

სიცოცხლის წიგნი ქაღალდზე კი არა, გულის ფურცელზე იწერება.

* * *

ნაკლის ასახვა შეიძლება უმსგავსოებად იქცეს, თუკი ეს მისი გამოსწორების მიზნით არ ხდება და ოდენ აღწერით შემოიფარგლება.