მარიამობისთვე, 2011 წელი

* * *
ერი ზეპიროვნული ოჯახია.

* * *
სიმართლის თქმასა და კეთებას მხოლოდ ვაჟკაცობა კი არა, ღირსებაც სჭირდება.

* * *

სიყვარული ქმნის სინამდვილეს.

* * *

ვერ ვიწამებ ისეთ ადამიანს, ვისაც ღმერთი უყვარს და მოყვასი სძულს, ან პირიქით. იმ კაცის მჯერა, ვინც ოქროს წონასწორობას პოულობს უფლისა და მოყვასის სიყვარულში.

* * *

კაცი გულისხედვით დაბრმავებული რომ არ იყოს, დაინახავდა, რომ იმაზე უფრო გასაოცარ სამყაროში ცხოვრობს, ვიდრე ზღაპრების სინამდვილეა.

* * *

კაცს იმაზე მეტი შეუძლია, ვიდრე წარმოუდგენია, მაგრამ ღვთის ნების გარეშე ერთ უმცირესს ნაბიჯსაც კი ვერ გადადგამს.

* * *

თუკი ზედმეტს ვლაპარაკობ, ესე იგი, ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი.

* * *

ტექნოლოგიის განვითარება კაცობანაკლული ადამიანების ზედაპირულობას კიდევ უფრო ზრდის.

* * *

ძალიან ბევრი უნდა გავიგოთ იმისათვის, რომ მივხვდეთ, თუ რაოდენ ზღვაში წვეთსაც კი არ წარმოვადგენთ ღმერთის გარეშე და ღმერთის წინაშე.

* * *
ნუ გაცდუნებთ ქალის გარეგანი სილამაზე. იგი წარმავალია. ენდეთ მისი შინაგანი მშვენიერების კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელსაც ვერანაირი დრო ვერ წარხოცავს.

* * *
სულიერი ადამიანისათვის ქალის შინაგანი მშვენიერება გაცილებით უფრო ძვირფასია, ვიდრე მისივე რაგინდარა გარეგნული სილამაზე.

* * *
საკუთარ თავს სატრფოსთან, თუ სულიერ მეგობართან ერთობით თუ შეიცნობ და იპოვი მხოლოდ. სხვაგვარად, მუდამ მოტყუვდები და ვერ გამოაღწევ ამაო წუთისოფლის სიცრუის ლაბირინთიდან.

* * *
ამაო წუთისოფელსა და გონებას დაქვემდებარებული ცნობიერების მქონე ადამიანისათვის პოეზიის ბუნება, განზომილება და გათავისება უცხო, მიუწვდომელი და გაუგებარი რამაა.

* * *
ფილოსოფია პოეზიაში თუ არ ამაღლდება, პირველი მკვდარი და უსულო ხდება, მეორე კი – სუსტი და ზედაპირული

* * *
ნამდვილი პოეზია ისაა, რომელიც უპირველესად სულის ფურცლებზე იწერება.

მარიამობისთვე, 1998 წელი

* * *
ერთი სიმართლის თქმა უფრო მეტ სიბრძნეს მოიცავს, ვიდრე ასი მლიქვნელის მიერ წარმოთქმული “სიბრძნე”.
* * * 

ყველაფერს ხელოვნება სჭირდება ამ ქვეყნად. თვით უმცირეს რამესაც კი.
* * * 

სრულყოფილი აზრი იმდენად სასიამოვნო, მშვენიერია მოსასმენად და აღსაქმელად, რამდენადაც გრაალის თასიდან მიღებული სისხლი ქრისტესი.
* * * 

ლექსი აზრია, აზრი კი ისეთი რამეა, რომ ერთი ზედმეტი წამი და შეიცვლის საკუთარ წყობა-თანმიმდევრობას.
* * * 

დიდი ადამიანები პარადოქსული ბუნების მატარებლები არიან. ამიტომაც ეჩვენებათ ისინი ძნელად აღსაქმელნი.
* * *
ადამიანი მთლი თავისი ცხოვრება იმას კი არ უნდა მისტიროდეს, რაც შეეძლო და არ გააკეთა, არამედ უნდა ეცადოს შეავსოს განუხორციელებელ სიკეთეთა დანაკლისი და ამოძირკვოს წლების განმავლობაში ჩადენილი შეცდომის მიზეზი. თავს ძალა უნდა დაატანოს, უნდა გამოიჩინოს საოცარი ნებისყოფა, რათა სრულყოს საკუთარი თავი. 

* * *

იდეური მასწავლებელი და შეგირდი არაერთი ყოფილა ამ ქვეყნად. ხშირ შემთხვევაში მათი ურთიერთობა მიაგავდა ჰერდერისა და გოეთეს ურთიერთდამოკიდებულებას. მხოლოდ და მხოლოდ ერთეულები თუ გამოჩნდებოდნენ ისეთი იდეალური ურთიერთგაგებით აღჭურვილნი, როგორიც გააჩნდათ არისტოტელესა და ალექსანდრე მაკედონელს. ეს კი იმ მიზეზით ხდებოდა, რომ ისინი ითავისებდნენ და განიცდიდნენ ერთმანეთის მისწრაფებებს. ზუსტად, რომ ეს თეზისები წარმოადგენდნენ იდეალური ურთიერთგაგების ბალავარს.

* * *

დიდი ადამიანები მუდამ იმას ცდილობენ, რომ ამ ქვეყნად ფუჭად არ ჩაიაროს მათმა სიცოცხლემ, რომ მათი სახელი არ მიეცეს მივიწყებას, რომ უკვდავყონ იგი უკუნითი უკუნისამდე. ამ პიროვნებათა შემოქმედების ყოველი ნაყოფი ემსახურება უკვდავების ძეგლის გამოქანდაკების მიზანს, რაშიც დიდი წვლილი შეაქვს როგორც მათ პირველად სულიერ, თუ ფიზიკურ შესაძლებლობებს, ასევე გენიოსებს, რომელთაც მსგავსი პიროვნებების დაბადებამდე უცხოვრიათ, უღვაწიათ და მათებრ წარუშლელი კვალი დაუტოვებიათ ადამიანთა გონებაში.

* * *

ადამიანის შინაგან სამყაროში გამბედაობის უწყვეტი ნაკადი  მჩქეფარება მრავალ სასარგებლო საქმე ახორციელებს შედეგად, მაგრამ გამბედაობის სათავე არ უნდა სცილდებოდეს ზომიერების ზღვარს, უზრდელობად რომ არ იქცეს იგი.

* * *

არა მგონია, ზედმეტად ექცეს ადამიანს არტისტული ნიჭი. იგი დამხმარე თვისებადაც შეიძლება იქცეს ცხოვრებაში. თუმცა, ასევე, შესაძლოა, სავალალო შედეგი მოგვცეს. ის უბრალოდ ადამიანის ფანტაზიის გადმოცემისა და განხორციელების საშუალებაცაა.
დიდებულია, როდესაც მოცემული ნიჭი ეროვნულ ინტერესებს ემსახურება ქვეყნის ყოფნა-არყოფნის შემთხვევაში. განა ბაგრატ v უდიდეს მსახიობს არ წარმოადგენს ამასთანავე, როცა მან შესძლო პირსისხლიანი თემურ-ლენგის გაცურება და ამოხოცა საქართველოს გადასარჯულებლად გამოგზავნილი 12 ათასიანი არმია. სარწმუნოების შეცვლა ისევე, როგორც სხვა მამულიშვილი მეფეების მიერ გადადგმული ნაბიჯი, ემსახურებოდა ერის დაცვის საჭიროებას, ერის მოვლა-პატრონობას მაშინდელი ვეშაპის, თემურ-ლენგის იმპერიის წინააღმდეგ. თვალის ახვევამ, თუნდ წამიერმა, სხვა შესაძლებლობებთან შედარებით ასე თუ ისე მცირე დანაკარგი მოიტანა. ეს ერთადერთი საუკეთესო გზა იყო. სხვა გამოსავალი არც არსებობდა…

* * *

თუკი შემოქმედი მთელი ცხოვრება სხვა შემოქმედის გავლენას განიცდის და ამავე დროს, თუნდაც ერთი სრულიად ორიგინალური ნამუშევარი მაინც არ შეუქმნია, იგი ვერშემდგარი ხელოვანია. მხოლოდ და მხოლოდ აუთენტურობის გზაზე შემდგარი მკვიდრდება
მწვერვალებზე; რარიგ უდიდესი წინაღობაც არ უნდა შეხვდეს მას, ორიგინალობა დაეხმარება მათ გადალახვაში.

* * *

ლექსი, პოემა და საერთოდ, პოეზია სიტყვის მოხდენილობაა. იგი მშვენიერების სარკეა და სიმახინჯესაც კი სილამაზედ აქცევს.
ლექსი, პოემა და საერთოდ, პოეზიის ნებისმიერი გამოვლინება სიმახინჯესა და მშვენიერების სამყაროს შორის გადებული ხიდია.

* * *

ადამიანმა ღირსეული სიტყვა რომ წარმოსთქვას, საჭიროა ზოგადსაკაცობრიო საკითხების, იდეებისა და ყოფის არა მარტო გონებისთვალით, არამედ გულის ხედვითაც აღქმა. მხოლოდ ამის შემდგომ გადასწონის მისი სიტყვა მიზანშეწონილობის სასწორს, საამური და მისაღები გახდება ყოველი გულისყურისათვის. საპირისპირო შემთხვევაში, ოდენ ერთი მიმართულების აზრით გონებადაბნელებული პიროვნების მსჯელობა უმარილო იქნება.

* * *

რა იქნება იმაზე უკეთესი, რომ ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე ბავშვური სილაღე და სიწმინდე დაჰყვეს და მათი საშუალებით მუდამ ღია გახადოს წარმოსახვის უზარმაზარი სამყაროს კარიბჭენი?

* * *

არც ოდენ გრძნობის და არც ოდენ გონების გზას უნდა დაადგეს ადამიანი, რადგანაც ჯერ არ წარმოშობილა უშეცდომო გრძნობა-გონება. სასიკეთო ნაყოფი მხოლოდ და მხოლოდ მათ შეგნებული ნაზავს გამოაქვს. უერთმანეთოდ ისინი არასრულყოფილნი არიან.

* * *

სასიხარულოცაა ეს ცხოვრება და პარადოქსულიც.

* * *

სავალალოა, როცა კოლოსალურად მოაზროვნე პიროვნებასა და მის ბუმბერაზ სულს ღირსეულად ვერ აფასებს განდიდების აზრით შეპყრობილი აფთარი ადამიანი. ეს უკანასკნელი სინათლის საშიში მეტოქეა და ნათლის მოციქულთ მუდამ ორმოს უთხრის, ან ყოველ შემთხვევაში, ცდილობს წარწყმიდოს ღვთიური კანდელით განათებულ გზაზე მავალი.

* * *

პოეზია იმდენად რთული სამყაროცაა, რომ თუ უფალი მთელი თავისი მადლითსავსე სიბრძნით არ შეგეწია, ვერ გახვალ ბოლომდე ამ უზარმაზარ ლაბირინთში.

* * *

საინტერესოა ორბუნებოვანების საკუთარი თვალით ხილვა და მისი გონებით აღქმა. სურათზე გამოხატული ადამიანი შეიძლება ცხოვრებაში განსხვავებული ბუნების მატარებელი აღმოჩნდეს. იგი იმდენად ჩაგაფიქრებს, რამდენადაც თვით მრავლისმეტყველი სამყარო. ჩასწვდე მსგავსი ადამიანის შემოქმედების საფუძველს, იგივეა, აღმოაჩინო ახალი კონტინენტი. ამას კი მხოლოდ ოლიმპოს ღვთაებრივად მაღალი და ოდისევსისებურად ჭკვიანი ადამიანები თუ ახერხებენ. საუკუნოა მსგავსი ბუმბერაზების ხსენება.

* * *

დაუღალავად უნდა იღვაწო, რომ შექმნა რაიმე ღირებული და საუკუნეების სრბოლაზე აღმატებული. უამისოდ ფუჭად გავლილი გზა გამოვა სიცოცხლე.
თუ ადამიანს ცხოვრებაში ეს ჭეშმარიტება ამოძრავებს, იგი უეჭველად მიუახლოვდება კაცობრიობის ერთ-ერთი მთავარი დევიზის განხორციელებას: “შეიცან თავი შენი”, რაც კაცთა უდიდესი სიმდიდრეა. ამასთანავე, უნდა ფლობდე ამ სიმართლის განუწყვეტელ მახსოვრობას, რაც რჩეულთა ხვედრია უთუოდ.

* * *

რაოდენ საოცარნი არიან სისადავის წიაღიდან წარმოშობილი სიტყვები, რადგანაც სწორედ მათი საბოლოო ხვედრი უბრალოებიდან გამომდინარე ბრწყინვალებაა.

* * *

ფიქრი გონიერების დედაა, მაგრამ იგი დამანგრეველი გრძნობების მშობელიც შეიძლება გახდეს. ეს ეჭვის შემთხვევაში ხდება; ეჭვისა, რომელიც მხოლოდ სიყვარულს ვერ ერევა, რადგან სიყვარულია თვითონ ღმერთი.

* * *

ზომიერება იყო ელინთა კულტურის სული, რითაც საუკუნეებსაც მძლავრად გადმოსძახიან.

* * *

კეთილგონიერ აზრთა სიუხვე ბრძენთათვისაა სასურველი და დამახასიათებელი, არა ბრიყვთათვის, რადგანაც ამ უკანასკნელთა მიერ წარმოთქმული თუნდაც ერთი სიტყვა გულს არ ესალბუნება.

* * *

მრავალი ქვეყანაც რომ შემოიარო და შეძენილ სამშობლოებად მიიჩნიო ისინი, დედასამშობლო მაინც ერთადერთი, განუმეორებელი და უძვირფასესია.

* * *

მხოლოდ მას შემდეგ სწვდები მოვლენის არსს, როცა მის საწყისს შეიცნობ.

* * *

თუ ღირსშესანიშნავი არაფერი დატოვე ცხოვრებაში, აბსურდად გექცევა იგი.

* * *

გულწრფელობა საბოლოო ჯამში მუდამ უკეთესია.

* * *

პოეტ სულს ყველა ენაზე ახლავს პოეზიის მუზა.

მკათათვისა, 1998 წელი

* * *

ბნელი, დემონური და სისხლმისმსმელი ეპოქის წინააღმდეგ ჩადენილ გმირობას მისი უშველებელი მორევიდან შეუბღალავი სახელით ამოსვლა წარმოადგენს.

* * *

ნაწარმოებს, რომელიც  ვერ სცილდება თავისი დროის საზღვრებს, დიდი ხნის  სიცოცხლე არ უწერია.

* * *

ყოველი დიდი პიროვნება ამ ქვეყნად ან სატანური ცუდმედიდურობის, ან კიდევ ღვთაებრივი ბრწყინვალების მატარებელია.

* * *

გარეგნულ იერ-სახეს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, თუკი მას შინაგანი მშვენიერება და ბრწყინვალება არ შეეწყო.

* * *

როცა ძლიერი ერი იმორჩილებს ერთ დროს დიდი კულტურისა და სახელის მქონე, მაგრამ თანამედროვეობაში დასუსტებულ ერს, იგი თავის ჰეგემონიას ვერ განახორციელებს, უკეთუ თვითონ არაა ცხოვრების სხვა და სხვა სფეროში რაიმე ღირებულების მქონე.

* * *

სწორედ, ქვეყნის ოთხივე მხარის სულიერ მიღწევათა შერწყმის შედეგია უდიდესი ქმნილებანი კაცობრიობის ისტორიაში.

* * *

ადამიანის მტერი თავგზააბნეულობაა, ვინაიდან ჭეშმარიტებისკენ სავალ გზას სცილდება იგი.

* * *

ხშირად გარეგან სილამაზეს შინაგანი მშვენიერება დაუჩაგრავს, რაც კატასტროფად უბრუნდება ადამიანის შინაგან ყოფიერებას. ასეთებს დრო მალე წარხვეტავს. ესაა ადამიანთა ის კატეგორია, რომელნიც არ იღვწიან მნიშვნელოვანი ღირებულების შესაქმნელად, რომელიც უზრუნველყოფს კიდეც ყველაზე მთავარს-მარადიულ სახელს. უვიცობა და საშინელებაა ამგვარი ცხოვრება.

* * *

გააჩნია, როგორ დიდკაცობას აღწევს ადამიანი.

* * *

სასურველია, საქმე ისე წარიმართოს, რომ ბოლოს სანანებელი არ გახდეს.

* * *

გენიოსები დიდ საქმეთ იმდენად იოლად ერევიან, რომ ჩვეულებრივ ადამიანს ხშირად ამის წარმოდგენაც კი არ ძალუძს. გენიალურ ჩვეულებრიობას შეჩვეულს შედეგად უჭირს გაერკვეს ბანალური ყოფიერების ნიუანსებში, რადგანაც ისინი დიდკაცისათვის ძნელად მოსახელთებელნი ხდებიან.

* * *

როცა ახლადშექმნილი შედევრის აზრი, იდეა გადასწორებისთანავე მოსწყდება ორიგინალობის წიაღს, არაბუნებრივი ხდება ჭეშმარიტი მკითხველისათვის, ხოლო არადამაკმაყოფილებელი-ავტორისათვის.

* * *

პირველსაწყისს-ეს კაცობრიობის დასაბამი იქნება, თუ პირველადი დიდი ცივილიზაციები-მუდამჟამს უზარმაზარი ზეგავლენა მოუხდენია გენიოსებზე. ადამიანის სულიერი და გონიერი განვითარების ეს მნიშვნელოვანი დედაბოძი იმდენად საგრძნობია მათი შემოქმედების უსასრულო სამყაროში, რომ იქ მოხვედრისთანავე დიდი, თუ პატარა აღტაცებული ხდება და ერთგვარ ნირვანას ეძლევა კიდეც.

* * *

ასეა მუდამ: თუ რაიმე ღირსსახსოვარი შეჰქმენი სიყმაწვილეში, სიბერის ჟამს მისთვის თვალის გადავლება წარსულისადმი მონატრებას აღძრავს.

* * *

ხელოვანი ის მსახიობი და ფსიქოლოგია, რომელსაც შეუძლია სხვა ადამიანის ბუნებას ჩასწვდეს და გაითავისოს. ამაში მას უზარმაზარი ფანტაზიაც უწყობს ხელს.

* * *

გენიოსი მუდამ ითხოვს ძალას ღვთისგან, რათა საკუთარი სულის სასწორზე მოძალებული დემონიურობა ზეციური სიწმინდით გადასწონოს. საწინააღმდეგო შემთხვევაში, თავის უხილავ, მაგრამ შეგრძნებად სულს იგი ჯოჯოხეთად ლანდავს.

* * *

საქართველო ღმერთის მიერ შექმნილი სამოთხეა, ხოლო მისი მოსახლეობა კი უძველესი დროიდანაა ამ ედემის ადამიც, ევაც და მისი მცველი ქერუბიმიც, თავისი ელვარე ხმლით ხელში.

* * *

ის ადამიანი, რომელიც თანამედროვეობას გაუსწრებს, ვეღარ დაეტევა მოცემული დროის არტახებში. მისი სული ერთგვარ მოუსვენრობას განიცდის და ცდილობს მარადიული თავშესაფრის პოვნას. იგი მუდამჟამს სულიერი სავანის მაძიებელი ხდება და შეძლებისამებრ არაფერს იშურებს ჭეშმარიტების საუფლოსკენ გზის გასაკვლევად.

* * *

დასაწყისში “სუსტი” შემოქმედისათვის მის ნაწარმოებებისადმი კრიტიკული დამოკიდებულებაა ერთადერთი უებარი საშუალება, რათა მან შეამჩნიოს თავისი შეცდომები და მათზე დაყრდნობით დაადგეს დახვეწის გზას. მისთვის ქება დამღუპველია, რადგან საბოლოოდ ასეთი შემოქმედისაგან შეიძლება მივიღოთ ყოველივე საკუთარის გამზვიადებელი კლოუნი. მხოლოდ კრიტიკის ქარცეცხლში გამობრძმედილი ხელოვანი აღწევს მწვერვალებს.

იგრიკა, 2010

* * *
ცდება ის, ვისაც ჰგონია, რომ სიყვარული მწვერვალებიდან იწყება მაშინ, როცა სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა ღვთიური უსასრულობისკენ მუდმივი და თანდათანობითი ამაღლება.

* * *
ვისაც ტკივილების შიშით არ უყვარდება, იგი არაა მწიფე სიყვარულისათვის.

* * *
ადვილია გარეგნული სილამაზის დანახვა, მაგრამ უფრო მთავარია შინაგანი მშვენიერების აღმოჩენა ნაკლოვანებების გათვალისწინებითაც კი.

* * *
მთავარი ერთი აზრის კი არა, საერთო აზრის ქონებაა.

* * *
მთავარი ერთი აზრის ქონება კი არა, ურთიერთგაგებაა.

* * *
შემოქმედება უკვდავებასთან გადებული ხიდია.

* * *
თავის-უფლება საკუთარი თავის შეცნობასთანაა პირდაპირკავშირში.

* * *
სიყვარულია კაცთა ცხოვრების ოქროს შუალედი.

* * *
მეგობრობაში მეგობრის ყოლას მეგობრად ყოფნა სწონის.

* * *
თუკი ადამიანთა შორის წყვდიადი ისადგურებს, თავდაპირველად ადამიანების შინაგანი სამყაროა გასანათებელი.

* * *
თავდავიწყებით სხვას გადაყოლილი სულელია; მხოლოდ საკუთარ თავზე მოფიქრალი-თავისი თავის მტერი. ბრძენი კი იგია, ვინაც ტოტალურ ალტრუიზმსა და ეგოიზმს შორის იპოვა ოქროს შუალედი.

* * *
კაცობა ისიცაა, როდესაც ცხოვრების სიღრმეებში მომწიფებული და გამობრძმედილი მამაკაცი იცავ ქალს წუთისოფლის მჩაგვრელობისაგან.