ღვინობისთვე, 1998 წელი

* * *

მუდმივად სიკეთის ქმნა გოლგოთის გზაზე სიარულსაც მოითხოვს.

* * *

სიმართლეს თუ სიმყრალეს უწოდებენ, მაშინ რა უნდა იყოს სიცრუეზე უარესი?

* * *

მძიმეა დამარცხების შეცნობა, მაგრამ უფრო ამამაღლებელია, როცა მას დამშვიდებული სულით ეგებები. ეს კი საკუთრივ ერთგვარი გამარჯვებაა.

* * *

ზოგჯერ ფიქრმა შეიძლება უფრო დიდი სამსახური გაუწიოს კაცს, ვიდრე საქმემ.

* * *

ადამიანი, ეროვნული პრინციპები რომ გაატარო, მყინვარწვერივით მაღალი და თერგივით მოძრავი, შეუჩერებელი უნდა იყო.

* * *

ფარისევლობით ორმაგ ჯოჯოხეთს იმკვიდრებენ: ერთს აქ, წუთისოფელში და აქედან გამომდინარე, მეორეს-მუდმივ გეენიაში.

* * *

ჟამთადენაში ბუმბერაზები პირამიდებივით მაღლა დგანან.

* * *

ადამიანში არსებული სიკეთისა და ბოროტების თესლი მისივე გამოცდისთვისაა.

* * *

ბანალურ ადამიანობამდე ჩამოქვეითებული გენიოსი ჩვეულებრივ მოკვდავად ქცევის საშიშროების წინაშე იყენებს თავს.

* * *

დიდი ადამიანის ბუმბერაზობა გონებადაბნელებულებს კოლოსივით უნათებს გზას. ეს წარმოადგენს რჩეულთა ცხოვრებისეულ მისიას.

* * *

გენიალური ადამიანებისათვის გენიალური ნაწარმოებების ქმნა ცხოვრებისეულ ნორმას წარმოადგენს.

* * *

შემოქმედი მარტო აჩენს თავის ნაწარმოებს, მაგრამ ხელოვანის ნაშიერი ხალხის კუთვნილება ხდება.

* * *

საოცარია განგება, რომლისთვისაც გენიალური სულის ამ ქვეყნად მოვლინებას გეოგრაფიული და სოციალური შეზღუდვა არ გააჩნია.

* * *

მწერლისა და საერთოდ, ხელოვანის ცხოვრებისეული მისია ისაა, ირგვლივმყოფი გარემო უკეთ გაარკვიოს პირად არსში, რათა კაცობრიობას გაუმრავლდეს საკუთარი თავის შეცნობის შესაძლებლობა.

* * *

ეკლიანია გენიოსთა ხვედრი, რადგან მთელი ცხოვრება სამმაგ ტანჯვა-ვაებას განიცდიან: პასუხისმგებლობით აკვირდებიან უმართებულო გზით მავალ კაცობრიობას, ადამიანებს სიცოცხლის შარას უნათებენ და სრულყოფენ მათ სულს, ბოლოს კი ჯვარს ეცმიან, რათა ხელახლა აღდგნენ.

* * *

ერისათვის უმაღლესი სასჯელის ზომა მისი ისტორიული ასპარეზიდან გაქრობაა. კონსტანტინე გამსახურდიასი არ იყოს, ერის დეგრადაცია მაშინ იწყება, როცა იგი რაღაც თითო-ოროლა თვისებას ფანტასტიკურად ადიდებს, როცა პირველად რაცხს თავს სხვა ერებს შორის მიუხედავად იმისა, თუ როგორია იგი.

ყოველივე ეს უაზრო ამპარტავნებაში გადადის, რასაც არ მოაქვს სიკეთე. ვაი ეთქმის ასეთ ერს და მაშინ არსებობის შეწყვეტის ღირსიცაა იგი, თუკი არ მიხვდა და არ მოინანია თავისი ცოდვილი მდგომარეობა.

* * *

დიდ ადამიანებს თავიანთი სიდიადე შეუვალობაშიც ეტყობათ.

* * *

ხშირად ბუნება წარმართულ თემსა ჰგავს: ხან დედასავით მოგიალერსებს და ხან ლომივით მძვინვარებს.

* * *

სასურველია ადამიანის როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი ახალგაზრდობა, მაგრამ რადგანაც ხორციელი სიჭაბუკე სიცოცხლის ოდენ გარკვეულ და წარმავალ მონაკვეთს წარმოადგენს, უფრო მთავარი მაინც სულიერი ყვავილობა გამოდის.

ჯანმრთელი შინაგანი სამყარო ჯანსაღ სხეულზე უპირატესია. თუ ადამიანი ფიზიკურადაა ძლიერი, მაგრამ სულიერად ნაკლოვანი, მისგან ნაკლებ სიკეთეს მივიღებთ. მაგრამ თუ შევაბრუნებთ მოცემულ ვითარებას, შედეგად განუწყვეტელი წინსვლა გვექნება. სწორედ, რომ სულიერად განვითარებულ პიროვნებებისაგანაა შექმნილი ყველა ის ღირებულება, რომელიც დღესაც ასულდგმულებენ კაცობრიობის კულტურულ სიცოცხლეს.

* * *

ზოგჯერ ისეთი რამეც შეიძლება იწერებოდეს, რომ თუ ყოველ ასო-ბგერასაც კი არ ჩასვწდი, ვერ გაიაზრებ ნათქვამის სიდიადეს.

* * *

გენიოსი მაინც დედასა ჰგავს: მთელი თავისი ცხოვრება უკვდავ ქმნილებებს აჩენს.

* * *

უბედურებაა, როცა მამათა თაობა გმოძღვრავს და რჩევას იძლევა, მაგრამ საქმედ არ გარდაქმნის დარიგებებს. მომავალი თაობისათვის ამან შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს და დაუმახინჯოს მიზანსწრაფვა.

* * *

ადამიანის შინაგანი ცხოვრებისათვის დამღუპველია, როდესაც იგი მთელი სიცოცხლე იძენს, მაგრამ არ გასცემს. ამით იგი იხშობს უკვდავყოფის შესაძლებლობას.

* * *

თუ არა გამოსავლის ძიება, განა გაუბედურებულ ხალხს იმის განცხადება შველის, რასაც თავადაც კარგად ხედავს და გრძნობს?

* * *

რომელ ეპოქასაც არ უნდა ეკუთვნოდნენ, გენიოსი გენიოსს თავის თანამედროვედ მიიჩნევს და გრძნობს.

მკათათვისა, 1998 წელი

* * *

ბნელი, დემონური და სისხლმისმსმელი ეპოქის წინააღმდეგ ჩადენილ გმირობას მისი უშველებელი მორევიდან შეუბღალავი სახელით ამოსვლა წარმოადგენს.

* * *

ნაწარმოებს, რომელიც  ვერ სცილდება თავისი დროის საზღვრებს, დიდი ხნის  სიცოცხლე არ უწერია.

* * *

ყოველი დიდი პიროვნება ამ ქვეყნად ან სატანური ცუდმედიდურობის, ან კიდევ ღვთაებრივი ბრწყინვალების მატარებელია.

* * *

გარეგნულ იერ-სახეს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, თუკი მას შინაგანი მშვენიერება და ბრწყინვალება არ შეეწყო.

* * *

როცა ძლიერი ერი იმორჩილებს ერთ დროს დიდი კულტურისა და სახელის მქონე, მაგრამ თანამედროვეობაში დასუსტებულ ერს, იგი თავის ჰეგემონიას ვერ განახორციელებს, უკეთუ თვითონ არაა ცხოვრების სხვა და სხვა სფეროში რაიმე ღირებულების მქონე.

* * *

სწორედ, ქვეყნის ოთხივე მხარის სულიერ მიღწევათა შერწყმის შედეგია უდიდესი ქმნილებანი კაცობრიობის ისტორიაში.

* * *

ადამიანის მტერი თავგზააბნეულობაა, ვინაიდან ჭეშმარიტებისკენ სავალ გზას სცილდება იგი.

* * *

ხშირად გარეგან სილამაზეს შინაგანი მშვენიერება დაუჩაგრავს, რაც კატასტროფად უბრუნდება ადამიანის შინაგან ყოფიერებას. ასეთებს დრო მალე წარხვეტავს. ესაა ადამიანთა ის კატეგორია, რომელნიც არ იღვწიან მნიშვნელოვანი ღირებულების შესაქმნელად, რომელიც უზრუნველყოფს კიდეც ყველაზე მთავარს-მარადიულ სახელს. უვიცობა და საშინელებაა ამგვარი ცხოვრება.

* * *

გააჩნია, როგორ დიდკაცობას აღწევს ადამიანი.

* * *

სასურველია, საქმე ისე წარიმართოს, რომ ბოლოს სანანებელი არ გახდეს.

* * *

გენიოსები დიდ საქმეთ იმდენად იოლად ერევიან, რომ ჩვეულებრივ ადამიანს ხშირად ამის წარმოდგენაც კი არ ძალუძს. გენიალურ ჩვეულებრიობას შეჩვეულს შედეგად უჭირს გაერკვეს ბანალური ყოფიერების ნიუანსებში, რადგანაც ისინი დიდკაცისათვის ძნელად მოსახელთებელნი ხდებიან.

* * *

როცა ახლადშექმნილი შედევრის აზრი, იდეა გადასწორებისთანავე მოსწყდება ორიგინალობის წიაღს, არაბუნებრივი ხდება ჭეშმარიტი მკითხველისათვის, ხოლო არადამაკმაყოფილებელი-ავტორისათვის.

* * *

პირველსაწყისს-ეს კაცობრიობის დასაბამი იქნება, თუ პირველადი დიდი ცივილიზაციები-მუდამჟამს უზარმაზარი ზეგავლენა მოუხდენია გენიოსებზე. ადამიანის სულიერი და გონიერი განვითარების ეს მნიშვნელოვანი დედაბოძი იმდენად საგრძნობია მათი შემოქმედების უსასრულო სამყაროში, რომ იქ მოხვედრისთანავე დიდი, თუ პატარა აღტაცებული ხდება და ერთგვარ ნირვანას ეძლევა კიდეც.

* * *

ასეა მუდამ: თუ რაიმე ღირსსახსოვარი შეჰქმენი სიყმაწვილეში, სიბერის ჟამს მისთვის თვალის გადავლება წარსულისადმი მონატრებას აღძრავს.

* * *

ხელოვანი ის მსახიობი და ფსიქოლოგია, რომელსაც შეუძლია სხვა ადამიანის ბუნებას ჩასწვდეს და გაითავისოს. ამაში მას უზარმაზარი ფანტაზიაც უწყობს ხელს.

* * *

გენიოსი მუდამ ითხოვს ძალას ღვთისგან, რათა საკუთარი სულის სასწორზე მოძალებული დემონიურობა ზეციური სიწმინდით გადასწონოს. საწინააღმდეგო შემთხვევაში, თავის უხილავ, მაგრამ შეგრძნებად სულს იგი ჯოჯოხეთად ლანდავს.

* * *

საქართველო ღმერთის მიერ შექმნილი სამოთხეა, ხოლო მისი მოსახლეობა კი უძველესი დროიდანაა ამ ედემის ადამიც, ევაც და მისი მცველი ქერუბიმიც, თავისი ელვარე ხმლით ხელში.

* * *

ის ადამიანი, რომელიც თანამედროვეობას გაუსწრებს, ვეღარ დაეტევა მოცემული დროის არტახებში. მისი სული ერთგვარ მოუსვენრობას განიცდის და ცდილობს მარადიული თავშესაფრის პოვნას. იგი მუდამჟამს სულიერი სავანის მაძიებელი ხდება და შეძლებისამებრ არაფერს იშურებს ჭეშმარიტების საუფლოსკენ გზის გასაკვლევად.

* * *

დასაწყისში “სუსტი” შემოქმედისათვის მის ნაწარმოებებისადმი კრიტიკული დამოკიდებულებაა ერთადერთი უებარი საშუალება, რათა მან შეამჩნიოს თავისი შეცდომები და მათზე დაყრდნობით დაადგეს დახვეწის გზას. მისთვის ქება დამღუპველია, რადგან საბოლოოდ ასეთი შემოქმედისაგან შეიძლება მივიღოთ ყოველივე საკუთარის გამზვიადებელი კლოუნი. მხოლოდ კრიტიკის ქარცეცხლში გამობრძმედილი ხელოვანი აღწევს მწვერვალებს.