ღვინობისთვე, 1998 წელი

* * *

მუდმივად სიკეთის ქმნა გოლგოთის გზაზე სიარულსაც მოითხოვს.

* * *

სიმართლეს თუ სიმყრალეს უწოდებენ, მაშინ რა უნდა იყოს სიცრუეზე უარესი?

* * *

მძიმეა დამარცხების შეცნობა, მაგრამ უფრო ამამაღლებელია, როცა მას დამშვიდებული სულით ეგებები. ეს კი საკუთრივ ერთგვარი გამარჯვებაა.

* * *

ზოგჯერ ფიქრმა შეიძლება უფრო დიდი სამსახური გაუწიოს კაცს, ვიდრე საქმემ.

* * *

ადამიანი, ეროვნული პრინციპები რომ გაატარო, მყინვარწვერივით მაღალი და თერგივით მოძრავი, შეუჩერებელი უნდა იყო.

* * *

ფარისევლობით ორმაგ ჯოჯოხეთს იმკვიდრებენ: ერთს აქ, წუთისოფელში და აქედან გამომდინარე, მეორეს-მუდმივ გეენიაში.

* * *

ჟამთადენაში ბუმბერაზები პირამიდებივით მაღლა დგანან.

* * *

ადამიანში არსებული სიკეთისა და ბოროტების თესლი მისივე გამოცდისთვისაა.

* * *

ბანალურ ადამიანობამდე ჩამოქვეითებული გენიოსი ჩვეულებრივ მოკვდავად ქცევის საშიშროების წინაშე იყენებს თავს.

* * *

დიდი ადამიანის ბუმბერაზობა გონებადაბნელებულებს კოლოსივით უნათებს გზას. ეს წარმოადგენს რჩეულთა ცხოვრებისეულ მისიას.

* * *

გენიალური ადამიანებისათვის გენიალური ნაწარმოებების ქმნა ცხოვრებისეულ ნორმას წარმოადგენს.

* * *

შემოქმედი მარტო აჩენს თავის ნაწარმოებს, მაგრამ ხელოვანის ნაშიერი ხალხის კუთვნილება ხდება.

* * *

საოცარია განგება, რომლისთვისაც გენიალური სულის ამ ქვეყნად მოვლინებას გეოგრაფიული და სოციალური შეზღუდვა არ გააჩნია.

* * *

მწერლისა და საერთოდ, ხელოვანის ცხოვრებისეული მისია ისაა, ირგვლივმყოფი გარემო უკეთ გაარკვიოს პირად არსში, რათა კაცობრიობას გაუმრავლდეს საკუთარი თავის შეცნობის შესაძლებლობა.

* * *

ეკლიანია გენიოსთა ხვედრი, რადგან მთელი ცხოვრება სამმაგ ტანჯვა-ვაებას განიცდიან: პასუხისმგებლობით აკვირდებიან უმართებულო გზით მავალ კაცობრიობას, ადამიანებს სიცოცხლის შარას უნათებენ და სრულყოფენ მათ სულს, ბოლოს კი ჯვარს ეცმიან, რათა ხელახლა აღდგნენ.

* * *

ერისათვის უმაღლესი სასჯელის ზომა მისი ისტორიული ასპარეზიდან გაქრობაა. კონსტანტინე გამსახურდიასი არ იყოს, ერის დეგრადაცია მაშინ იწყება, როცა იგი რაღაც თითო-ოროლა თვისებას ფანტასტიკურად ადიდებს, როცა პირველად რაცხს თავს სხვა ერებს შორის მიუხედავად იმისა, თუ როგორია იგი.

ყოველივე ეს უაზრო ამპარტავნებაში გადადის, რასაც არ მოაქვს სიკეთე. ვაი ეთქმის ასეთ ერს და მაშინ არსებობის შეწყვეტის ღირსიცაა იგი, თუკი არ მიხვდა და არ მოინანია თავისი ცოდვილი მდგომარეობა.

* * *

დიდ ადამიანებს თავიანთი სიდიადე შეუვალობაშიც ეტყობათ.

* * *

ხშირად ბუნება წარმართულ თემსა ჰგავს: ხან დედასავით მოგიალერსებს და ხან ლომივით მძვინვარებს.

* * *

სასურველია ადამიანის როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი ახალგაზრდობა, მაგრამ რადგანაც ხორციელი სიჭაბუკე სიცოცხლის ოდენ გარკვეულ და წარმავალ მონაკვეთს წარმოადგენს, უფრო მთავარი მაინც სულიერი ყვავილობა გამოდის.

ჯანმრთელი შინაგანი სამყარო ჯანსაღ სხეულზე უპირატესია. თუ ადამიანი ფიზიკურადაა ძლიერი, მაგრამ სულიერად ნაკლოვანი, მისგან ნაკლებ სიკეთეს მივიღებთ. მაგრამ თუ შევაბრუნებთ მოცემულ ვითარებას, შედეგად განუწყვეტელი წინსვლა გვექნება. სწორედ, რომ სულიერად განვითარებულ პიროვნებებისაგანაა შექმნილი ყველა ის ღირებულება, რომელიც დღესაც ასულდგმულებენ კაცობრიობის კულტურულ სიცოცხლეს.

* * *

ზოგჯერ ისეთი რამეც შეიძლება იწერებოდეს, რომ თუ ყოველ ასო-ბგერასაც კი არ ჩასვწდი, ვერ გაიაზრებ ნათქვამის სიდიადეს.

* * *

გენიოსი მაინც დედასა ჰგავს: მთელი თავისი ცხოვრება უკვდავ ქმნილებებს აჩენს.

* * *

უბედურებაა, როცა მამათა თაობა გმოძღვრავს და რჩევას იძლევა, მაგრამ საქმედ არ გარდაქმნის დარიგებებს. მომავალი თაობისათვის ამან შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს და დაუმახინჯოს მიზანსწრაფვა.

* * *

ადამიანის შინაგანი ცხოვრებისათვის დამღუპველია, როდესაც იგი მთელი სიცოცხლე იძენს, მაგრამ არ გასცემს. ამით იგი იხშობს უკვდავყოფის შესაძლებლობას.

* * *

თუ არა გამოსავლის ძიება, განა გაუბედურებულ ხალხს იმის განცხადება შველის, რასაც თავადაც კარგად ხედავს და გრძნობს?

* * *

რომელ ეპოქასაც არ უნდა ეკუთვნოდნენ, გენიოსი გენიოსს თავის თანამედროვედ მიიჩნევს და გრძნობს.

იგრიკა, 2010

* * *
ცდება ის, ვისაც ჰგონია, რომ სიყვარული მწვერვალებიდან იწყება მაშინ, როცა სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა ღვთიური უსასრულობისკენ მუდმივი და თანდათანობითი ამაღლება.

* * *
ვისაც ტკივილების შიშით არ უყვარდება, იგი არაა მწიფე სიყვარულისათვის.

* * *
ადვილია გარეგნული სილამაზის დანახვა, მაგრამ უფრო მთავარია შინაგანი მშვენიერების აღმოჩენა ნაკლოვანებების გათვალისწინებითაც კი.

* * *
მთავარი ერთი აზრის კი არა, საერთო აზრის ქონებაა.

* * *
მთავარი ერთი აზრის ქონება კი არა, ურთიერთგაგებაა.

* * *
შემოქმედება უკვდავებასთან გადებული ხიდია.

* * *
თავის-უფლება საკუთარი თავის შეცნობასთანაა პირდაპირკავშირში.

* * *
სიყვარულია კაცთა ცხოვრების ოქროს შუალედი.

* * *
მეგობრობაში მეგობრის ყოლას მეგობრად ყოფნა სწონის.

* * *
თუკი ადამიანთა შორის წყვდიადი ისადგურებს, თავდაპირველად ადამიანების შინაგანი სამყაროა გასანათებელი.

* * *
თავდავიწყებით სხვას გადაყოლილი სულელია; მხოლოდ საკუთარ თავზე მოფიქრალი-თავისი თავის მტერი. ბრძენი კი იგია, ვინაც ტოტალურ ალტრუიზმსა და ეგოიზმს შორის იპოვა ოქროს შუალედი.

* * *
კაცობა ისიცაა, როდესაც ცხოვრების სიღრმეებში მომწიფებული და გამობრძმედილი მამაკაცი იცავ ქალს წუთისოფლის მჩაგვრელობისაგან.

მირკანი, 2010

* * *
უძღები ცოდვიანობა იმ ძირგამძვრალ ჭურჭელსა ჰგავს, რომელშიც რამდენიც არ უნდა ჩაასხა, მუდამ ცარიელი დარჩება.

* * *
ირაციონალურობა უგონობა კი არაა მხოლოდ, უგნურებაცაა. ადამიანს ღმერთში კეთილგონიერებას შეუღლებული გულის სიბრძნე აბრუნებს.

* * *
ქართველებს ჯარი მხოლოდ და მხოლოდ თავდასაცავად უნდა გვჭირდებოდეს, ხოლო ჩვენს მამულში არსებულ კონფლიქტებს მშვიდობის ძალით, ნებით, სიბრძნითა და პრაგმატიზმით უნდა ვაგვარებდეთ.

* * *
თუ გინდა შენს გარეთ სძლიო ეშმაკს, ჯერ შენში უნდა დაამარცხო იგი. ეს არის ჭეშმარიტი თავის-უფლების დასაწყისი, რომელიც ღმერთს ეფუძნება, ანუ სიყვარულის ძალასა და სიბრძნეს.

* * *
მეცნიერება მუდამ პასუხების გაცემა კი არა, კითხვების დასმაცაა.

* * *
გონება კეთილგონიერებაში გარდაიცვლება მაშინ, როცა სულიერდება და იხსნება გული-ეს ბედნიერების ეპიცენტრი და ანტიკურობის ღვთიური ბჭე.

* * *
ღმერთმა ნუ ქნას, მარტო თითოეულ ჩვენთაგანს რომ უნდა, ისე იყოს ქვეყნიერება მოწყობილი.

* * *
პოიეზისი სულიერი წონასწორობაა.

* * *
ყველაფრის ოქროს შუალედია ღმერთი.

* * *
ნუ შეგაჩერებთ ნაკლოვანებები. სიცოცხლე უფრო მშვენიერია.

* * *
მშვიდობა უფრო ხანგრძლივი ჯანმრთელობის საწინდარია.

* * *
ყველაზე დიდი მოძღვარი იგია, ვინც ამავე დროს, ცხოვრების ბოლომდე რჩება დიდ მოსწავლედ.

* * *
ადამიანი ადამიანის გასაღებიცაა.

* * *
საქართველოში არსებული შეჭირვება მაინც უფრორე ქართველი ერის სუსტი ეროვნული მოძრაობის შედეგია, ვიდრე საქართველოს ინტერესების მოწინააღმდეგე გარეშე და შინაგანი დესტრუქციული ძალების მოქმედებისა.

* * *
ეროვნული მოძრაობის დასუსტება და გაბერწება მისი გალაბორატორიებული მმართველობითაა გამოწვეული.