აპნისი, 2011 წელი

* * *
თუკი სულმა არ ეძია ღმერთი, გაცილებით უფრო ადრე დალპება, ვიდრე გარდაცვალების შემდეგ ჩვენი სხეული.

* * *
ზედმეტი ზრდილობა არ ვარგა-შენ თუ არა, სხვას აფუჭებს.

* * *
თუკი სიკეთის კეთებამ შინაგანად სიხარული არ მოგანიჭა, ან ის არაა სიკეთე, ან შენ ხარ მკვდარი სიკეთისთვის.

* * *
ყველაზე ძვირფასი სიტყვები ისაა, რომელთაც მარგალიტებივით კრიბავ საკუთარი შინაგანი სამყაროს ოკეანის უღრმესი ფსკერიდან.

* * *
სიყვარული ნებისმიერ პრინციპზე მაღლა დგას.

* * *
სიყვარული თვითონაა უზენაესი პრინციპი.

* * *
ზოგჯერ კაცუნები თავიანთ პატარა სიხარულში უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე ბუმბერაზები საკუთარი დიდი მოწოდების გზაზე სვლაში.

* * *

ცხოვრება მაშინ ხდება გაუგებარი, როდესაც საკუთარ თავს ვერ ვუგებთ.

* * *

გრძნობდე ადამიანის სულს, ეს ნიშნავს, ხედავდე მას.

* * *

აკეთებდე იმას, რასაც გრძნობს საყვარელი ადამიანის სული, ნიშნავს ხედავდე მის შინაგან სამყაროს და ერწყმოდე მას.

* * *

სიკეთე ნამდვილია და სინამდვილე.

* * *

ხელისუფლება სამართლიანი ძალაუფლებაა. სხვაგვარად იგი ძალადობა ხდება.

* * *
ადამიანები დოგმატიკას შესაბამისი ცხოვრებისეული გამოცდილების გარეშე გონების მიერ ჭვრეტით გაზიარებულ ხისტ და მშრალ სიტყვათა კრებულად აქცევენ მაშინ, როდესაც მასში ღმერთის თბილი და მოსიყვარულე სუნთქვა იგრძნობა.

* * *
სამართლიანი ძალაუფლება არის ხელისუფლება, უსამართლო კი-ძალადობა.

* * *
საკუთარი თავის დაუფლებით (თავის-უფლება) იწყება ნამდვილი სიცოცხლე

* * *
არა გუშინ, არა დღეს, არა ხვალ, არამედ სამივე ერთად.

* * *
სიყვარულის გადმოსახედიდან ბოროტება ერთ უუმცირეს წერტილადაც არ ღირს.

* * *
მსოფლიოს მეტი პოეზია სჭირდება, რაც ფურცელზე ლექსის წერას არ გულისხმობს მხოლოდ, არამედ ადამიანის გულსა და თვით, ადამიანებს შორის პოეზიის ქმნას, განხორციელებას.

* * *
საქმეა ყველაზე დიდი სიტყვა, თორემ სიტყვა უსაქმოც, ცარიელიც და საქმესთან შეუსაბამოც შეიძლება იყოს. ეს უკვე სიტყვა კი არა, ტყუილია

* * *

Quando la società non è talmente matura per creare dentro se stessa la forza, che lo rappresenti, al posto del governo rovesciato verrà un gruppo politico come prima (o peggiore del primo) e non la forza del popolo. In questo caso nessun governo generato fuori dalla società migliorerà la vita del popolo-soltanto quello che provviene dal popolo stesso. Ma per questo, prima di tutto, deve maturare la società stessa. E questo non avviene subito, ci serve un lungo tempo e lavoro duro

როდესაც საზოგადოება არაა საკმარისად მწიფე, რათა საკუთარ წიაღში წარმოქმნას თავისი ინტერესების გამომხატველი და განმახორციელებელი ძალა, მაშინ რაც არ უნდა სხვა მთავრობა მოვიდეს, მუდამ წინანდელის მსგავსი უფრო იქნება (ან უარესი), ვიდრე ხალხიდან და ხალხისათვის წარმოქმნილი ხელისუფლება. ამ შემთხვევაში, საზოგადოების ფარგლებს გარეთ ნაშობი ძალაუფლება ვერ გააუმჯობესებს მოსახლეობის ცხოვრებას. ეს შესაძლებელი იქნება ოდენ ხალხის წიაღში დაბადებული მთავრობისათვის, თუმცა, ამისათვის თვითონ საზოგადოების მომწიფებაა აუცილებელი, რაც არ ხდება ხანმოკლე მონაკვეთში; ეს დიდ დროსა და უშურველ მოღვაწეობას საჭიროებს.

ღვინობისთვე, 1998 წელი

* * *

მუდმივად სიკეთის ქმნა გოლგოთის გზაზე სიარულსაც მოითხოვს.

* * *

სიმართლეს თუ სიმყრალეს უწოდებენ, მაშინ რა უნდა იყოს სიცრუეზე უარესი?

* * *

მძიმეა დამარცხების შეცნობა, მაგრამ უფრო ამამაღლებელია, როცა მას დამშვიდებული სულით ეგებები. ეს კი საკუთრივ ერთგვარი გამარჯვებაა.

* * *

ზოგჯერ ფიქრმა შეიძლება უფრო დიდი სამსახური გაუწიოს კაცს, ვიდრე საქმემ.

* * *

ადამიანი, ეროვნული პრინციპები რომ გაატარო, მყინვარწვერივით მაღალი და თერგივით მოძრავი, შეუჩერებელი უნდა იყო.

* * *

ფარისევლობით ორმაგ ჯოჯოხეთს იმკვიდრებენ: ერთს აქ, წუთისოფელში და აქედან გამომდინარე, მეორეს-მუდმივ გეენიაში.

* * *

ჟამთადენაში ბუმბერაზები პირამიდებივით მაღლა დგანან.

* * *

ადამიანში არსებული სიკეთისა და ბოროტების თესლი მისივე გამოცდისთვისაა.

* * *

ბანალურ ადამიანობამდე ჩამოქვეითებული გენიოსი ჩვეულებრივ მოკვდავად ქცევის საშიშროების წინაშე იყენებს თავს.

* * *

დიდი ადამიანის ბუმბერაზობა გონებადაბნელებულებს კოლოსივით უნათებს გზას. ეს წარმოადგენს რჩეულთა ცხოვრებისეულ მისიას.

* * *

გენიალური ადამიანებისათვის გენიალური ნაწარმოებების ქმნა ცხოვრებისეულ ნორმას წარმოადგენს.

* * *

შემოქმედი მარტო აჩენს თავის ნაწარმოებს, მაგრამ ხელოვანის ნაშიერი ხალხის კუთვნილება ხდება.

* * *

საოცარია განგება, რომლისთვისაც გენიალური სულის ამ ქვეყნად მოვლინებას გეოგრაფიული და სოციალური შეზღუდვა არ გააჩნია.

* * *

მწერლისა და საერთოდ, ხელოვანის ცხოვრებისეული მისია ისაა, ირგვლივმყოფი გარემო უკეთ გაარკვიოს პირად არსში, რათა კაცობრიობას გაუმრავლდეს საკუთარი თავის შეცნობის შესაძლებლობა.

* * *

ეკლიანია გენიოსთა ხვედრი, რადგან მთელი ცხოვრება სამმაგ ტანჯვა-ვაებას განიცდიან: პასუხისმგებლობით აკვირდებიან უმართებულო გზით მავალ კაცობრიობას, ადამიანებს სიცოცხლის შარას უნათებენ და სრულყოფენ მათ სულს, ბოლოს კი ჯვარს ეცმიან, რათა ხელახლა აღდგნენ.

* * *

ერისათვის უმაღლესი სასჯელის ზომა მისი ისტორიული ასპარეზიდან გაქრობაა. კონსტანტინე გამსახურდიასი არ იყოს, ერის დეგრადაცია მაშინ იწყება, როცა იგი რაღაც თითო-ოროლა თვისებას ფანტასტიკურად ადიდებს, როცა პირველად რაცხს თავს სხვა ერებს შორის მიუხედავად იმისა, თუ როგორია იგი.

ყოველივე ეს უაზრო ამპარტავნებაში გადადის, რასაც არ მოაქვს სიკეთე. ვაი ეთქმის ასეთ ერს და მაშინ არსებობის შეწყვეტის ღირსიცაა იგი, თუკი არ მიხვდა და არ მოინანია თავისი ცოდვილი მდგომარეობა.

* * *

დიდ ადამიანებს თავიანთი სიდიადე შეუვალობაშიც ეტყობათ.

* * *

ხშირად ბუნება წარმართულ თემსა ჰგავს: ხან დედასავით მოგიალერსებს და ხან ლომივით მძვინვარებს.

* * *

სასურველია ადამიანის როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი ახალგაზრდობა, მაგრამ რადგანაც ხორციელი სიჭაბუკე სიცოცხლის ოდენ გარკვეულ და წარმავალ მონაკვეთს წარმოადგენს, უფრო მთავარი მაინც სულიერი ყვავილობა გამოდის.

ჯანმრთელი შინაგანი სამყარო ჯანსაღ სხეულზე უპირატესია. თუ ადამიანი ფიზიკურადაა ძლიერი, მაგრამ სულიერად ნაკლოვანი, მისგან ნაკლებ სიკეთეს მივიღებთ. მაგრამ თუ შევაბრუნებთ მოცემულ ვითარებას, შედეგად განუწყვეტელი წინსვლა გვექნება. სწორედ, რომ სულიერად განვითარებულ პიროვნებებისაგანაა შექმნილი ყველა ის ღირებულება, რომელიც დღესაც ასულდგმულებენ კაცობრიობის კულტურულ სიცოცხლეს.

* * *

ზოგჯერ ისეთი რამეც შეიძლება იწერებოდეს, რომ თუ ყოველ ასო-ბგერასაც კი არ ჩასვწდი, ვერ გაიაზრებ ნათქვამის სიდიადეს.

* * *

გენიოსი მაინც დედასა ჰგავს: მთელი თავისი ცხოვრება უკვდავ ქმნილებებს აჩენს.

* * *

უბედურებაა, როცა მამათა თაობა გმოძღვრავს და რჩევას იძლევა, მაგრამ საქმედ არ გარდაქმნის დარიგებებს. მომავალი თაობისათვის ამან შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს და დაუმახინჯოს მიზანსწრაფვა.

* * *

ადამიანის შინაგანი ცხოვრებისათვის დამღუპველია, როდესაც იგი მთელი სიცოცხლე იძენს, მაგრამ არ გასცემს. ამით იგი იხშობს უკვდავყოფის შესაძლებლობას.

* * *

თუ არა გამოსავლის ძიება, განა გაუბედურებულ ხალხს იმის განცხადება შველის, რასაც თავადაც კარგად ხედავს და გრძნობს?

* * *

რომელ ეპოქასაც არ უნდა ეკუთვნოდნენ, გენიოსი გენიოსს თავის თანამედროვედ მიიჩნევს და გრძნობს.