ღვინობისთვე, 1998 წელი

* * *

მუდმივად სიკეთის ქმნა გოლგოთის გზაზე სიარულსაც მოითხოვს.

* * *

სიმართლეს თუ სიმყრალეს უწოდებენ, მაშინ რა უნდა იყოს სიცრუეზე უარესი?

* * *

მძიმეა დამარცხების შეცნობა, მაგრამ უფრო ამამაღლებელია, როცა მას დამშვიდებული სულით ეგებები. ეს კი საკუთრივ ერთგვარი გამარჯვებაა.

* * *

ზოგჯერ ფიქრმა შეიძლება უფრო დიდი სამსახური გაუწიოს კაცს, ვიდრე საქმემ.

* * *

ადამიანი, ეროვნული პრინციპები რომ გაატარო, მყინვარწვერივით მაღალი და თერგივით მოძრავი, შეუჩერებელი უნდა იყო.

* * *

ფარისევლობით ორმაგ ჯოჯოხეთს იმკვიდრებენ: ერთს აქ, წუთისოფელში და აქედან გამომდინარე, მეორეს-მუდმივ გეენიაში.

* * *

ჟამთადენაში ბუმბერაზები პირამიდებივით მაღლა დგანან.

* * *

ადამიანში არსებული სიკეთისა და ბოროტების თესლი მისივე გამოცდისთვისაა.

* * *

ბანალურ ადამიანობამდე ჩამოქვეითებული გენიოსი ჩვეულებრივ მოკვდავად ქცევის საშიშროების წინაშე იყენებს თავს.

* * *

დიდი ადამიანის ბუმბერაზობა გონებადაბნელებულებს კოლოსივით უნათებს გზას. ეს წარმოადგენს რჩეულთა ცხოვრებისეულ მისიას.

* * *

გენიალური ადამიანებისათვის გენიალური ნაწარმოებების ქმნა ცხოვრებისეულ ნორმას წარმოადგენს.

* * *

შემოქმედი მარტო აჩენს თავის ნაწარმოებს, მაგრამ ხელოვანის ნაშიერი ხალხის კუთვნილება ხდება.

* * *

საოცარია განგება, რომლისთვისაც გენიალური სულის ამ ქვეყნად მოვლინებას გეოგრაფიული და სოციალური შეზღუდვა არ გააჩნია.

* * *

მწერლისა და საერთოდ, ხელოვანის ცხოვრებისეული მისია ისაა, ირგვლივმყოფი გარემო უკეთ გაარკვიოს პირად არსში, რათა კაცობრიობას გაუმრავლდეს საკუთარი თავის შეცნობის შესაძლებლობა.

* * *

ეკლიანია გენიოსთა ხვედრი, რადგან მთელი ცხოვრება სამმაგ ტანჯვა-ვაებას განიცდიან: პასუხისმგებლობით აკვირდებიან უმართებულო გზით მავალ კაცობრიობას, ადამიანებს სიცოცხლის შარას უნათებენ და სრულყოფენ მათ სულს, ბოლოს კი ჯვარს ეცმიან, რათა ხელახლა აღდგნენ.

* * *

ერისათვის უმაღლესი სასჯელის ზომა მისი ისტორიული ასპარეზიდან გაქრობაა. კონსტანტინე გამსახურდიასი არ იყოს, ერის დეგრადაცია მაშინ იწყება, როცა იგი რაღაც თითო-ოროლა თვისებას ფანტასტიკურად ადიდებს, როცა პირველად რაცხს თავს სხვა ერებს შორის მიუხედავად იმისა, თუ როგორია იგი.

ყოველივე ეს უაზრო ამპარტავნებაში გადადის, რასაც არ მოაქვს სიკეთე. ვაი ეთქმის ასეთ ერს და მაშინ არსებობის შეწყვეტის ღირსიცაა იგი, თუკი არ მიხვდა და არ მოინანია თავისი ცოდვილი მდგომარეობა.

* * *

დიდ ადამიანებს თავიანთი სიდიადე შეუვალობაშიც ეტყობათ.

* * *

ხშირად ბუნება წარმართულ თემსა ჰგავს: ხან დედასავით მოგიალერსებს და ხან ლომივით მძვინვარებს.

* * *

სასურველია ადამიანის როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი ახალგაზრდობა, მაგრამ რადგანაც ხორციელი სიჭაბუკე სიცოცხლის ოდენ გარკვეულ და წარმავალ მონაკვეთს წარმოადგენს, უფრო მთავარი მაინც სულიერი ყვავილობა გამოდის.

ჯანმრთელი შინაგანი სამყარო ჯანსაღ სხეულზე უპირატესია. თუ ადამიანი ფიზიკურადაა ძლიერი, მაგრამ სულიერად ნაკლოვანი, მისგან ნაკლებ სიკეთეს მივიღებთ. მაგრამ თუ შევაბრუნებთ მოცემულ ვითარებას, შედეგად განუწყვეტელი წინსვლა გვექნება. სწორედ, რომ სულიერად განვითარებულ პიროვნებებისაგანაა შექმნილი ყველა ის ღირებულება, რომელიც დღესაც ასულდგმულებენ კაცობრიობის კულტურულ სიცოცხლეს.

* * *

ზოგჯერ ისეთი რამეც შეიძლება იწერებოდეს, რომ თუ ყოველ ასო-ბგერასაც კი არ ჩასვწდი, ვერ გაიაზრებ ნათქვამის სიდიადეს.

* * *

გენიოსი მაინც დედასა ჰგავს: მთელი თავისი ცხოვრება უკვდავ ქმნილებებს აჩენს.

* * *

უბედურებაა, როცა მამათა თაობა გმოძღვრავს და რჩევას იძლევა, მაგრამ საქმედ არ გარდაქმნის დარიგებებს. მომავალი თაობისათვის ამან შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს და დაუმახინჯოს მიზანსწრაფვა.

* * *

ადამიანის შინაგანი ცხოვრებისათვის დამღუპველია, როდესაც იგი მთელი სიცოცხლე იძენს, მაგრამ არ გასცემს. ამით იგი იხშობს უკვდავყოფის შესაძლებლობას.

* * *

თუ არა გამოსავლის ძიება, განა გაუბედურებულ ხალხს იმის განცხადება შველის, რასაც თავადაც კარგად ხედავს და გრძნობს?

* * *

რომელ ეპოქასაც არ უნდა ეკუთვნოდნენ, გენიოსი გენიოსს თავის თანამედროვედ მიიჩნევს და გრძნობს.

მარიამობისთვე, 1998 წელი

* * *
ერთი სიმართლის თქმა უფრო მეტ სიბრძნეს მოიცავს, ვიდრე ასი მლიქვნელის მიერ წარმოთქმული “სიბრძნე”.
* * * 

ყველაფერს ხელოვნება სჭირდება ამ ქვეყნად. თვით უმცირეს რამესაც კი.
* * * 

სრულყოფილი აზრი იმდენად სასიამოვნო, მშვენიერია მოსასმენად და აღსაქმელად, რამდენადაც გრაალის თასიდან მიღებული სისხლი ქრისტესი.
* * * 

ლექსი აზრია, აზრი კი ისეთი რამეა, რომ ერთი ზედმეტი წამი და შეიცვლის საკუთარ წყობა-თანმიმდევრობას.
* * * 

დიდი ადამიანები პარადოქსული ბუნების მატარებლები არიან. ამიტომაც ეჩვენებათ ისინი ძნელად აღსაქმელნი.
* * *
ადამიანი მთლი თავისი ცხოვრება იმას კი არ უნდა მისტიროდეს, რაც შეეძლო და არ გააკეთა, არამედ უნდა ეცადოს შეავსოს განუხორციელებელ სიკეთეთა დანაკლისი და ამოძირკვოს წლების განმავლობაში ჩადენილი შეცდომის მიზეზი. თავს ძალა უნდა დაატანოს, უნდა გამოიჩინოს საოცარი ნებისყოფა, რათა სრულყოს საკუთარი თავი. 

* * *

იდეური მასწავლებელი და შეგირდი არაერთი ყოფილა ამ ქვეყნად. ხშირ შემთხვევაში მათი ურთიერთობა მიაგავდა ჰერდერისა და გოეთეს ურთიერთდამოკიდებულებას. მხოლოდ და მხოლოდ ერთეულები თუ გამოჩნდებოდნენ ისეთი იდეალური ურთიერთგაგებით აღჭურვილნი, როგორიც გააჩნდათ არისტოტელესა და ალექსანდრე მაკედონელს. ეს კი იმ მიზეზით ხდებოდა, რომ ისინი ითავისებდნენ და განიცდიდნენ ერთმანეთის მისწრაფებებს. ზუსტად, რომ ეს თეზისები წარმოადგენდნენ იდეალური ურთიერთგაგების ბალავარს.

* * *

დიდი ადამიანები მუდამ იმას ცდილობენ, რომ ამ ქვეყნად ფუჭად არ ჩაიაროს მათმა სიცოცხლემ, რომ მათი სახელი არ მიეცეს მივიწყებას, რომ უკვდავყონ იგი უკუნითი უკუნისამდე. ამ პიროვნებათა შემოქმედების ყოველი ნაყოფი ემსახურება უკვდავების ძეგლის გამოქანდაკების მიზანს, რაშიც დიდი წვლილი შეაქვს როგორც მათ პირველად სულიერ, თუ ფიზიკურ შესაძლებლობებს, ასევე გენიოსებს, რომელთაც მსგავსი პიროვნებების დაბადებამდე უცხოვრიათ, უღვაწიათ და მათებრ წარუშლელი კვალი დაუტოვებიათ ადამიანთა გონებაში.

* * *

ადამიანის შინაგან სამყაროში გამბედაობის უწყვეტი ნაკადი  მჩქეფარება მრავალ სასარგებლო საქმე ახორციელებს შედეგად, მაგრამ გამბედაობის სათავე არ უნდა სცილდებოდეს ზომიერების ზღვარს, უზრდელობად რომ არ იქცეს იგი.

* * *

არა მგონია, ზედმეტად ექცეს ადამიანს არტისტული ნიჭი. იგი დამხმარე თვისებადაც შეიძლება იქცეს ცხოვრებაში. თუმცა, ასევე, შესაძლოა, სავალალო შედეგი მოგვცეს. ის უბრალოდ ადამიანის ფანტაზიის გადმოცემისა და განხორციელების საშუალებაცაა.
დიდებულია, როდესაც მოცემული ნიჭი ეროვნულ ინტერესებს ემსახურება ქვეყნის ყოფნა-არყოფნის შემთხვევაში. განა ბაგრატ v უდიდეს მსახიობს არ წარმოადგენს ამასთანავე, როცა მან შესძლო პირსისხლიანი თემურ-ლენგის გაცურება და ამოხოცა საქართველოს გადასარჯულებლად გამოგზავნილი 12 ათასიანი არმია. სარწმუნოების შეცვლა ისევე, როგორც სხვა მამულიშვილი მეფეების მიერ გადადგმული ნაბიჯი, ემსახურებოდა ერის დაცვის საჭიროებას, ერის მოვლა-პატრონობას მაშინდელი ვეშაპის, თემურ-ლენგის იმპერიის წინააღმდეგ. თვალის ახვევამ, თუნდ წამიერმა, სხვა შესაძლებლობებთან შედარებით ასე თუ ისე მცირე დანაკარგი მოიტანა. ეს ერთადერთი საუკეთესო გზა იყო. სხვა გამოსავალი არც არსებობდა…

* * *

თუკი შემოქმედი მთელი ცხოვრება სხვა შემოქმედის გავლენას განიცდის და ამავე დროს, თუნდაც ერთი სრულიად ორიგინალური ნამუშევარი მაინც არ შეუქმნია, იგი ვერშემდგარი ხელოვანია. მხოლოდ და მხოლოდ აუთენტურობის გზაზე შემდგარი მკვიდრდება
მწვერვალებზე; რარიგ უდიდესი წინაღობაც არ უნდა შეხვდეს მას, ორიგინალობა დაეხმარება მათ გადალახვაში.

* * *

ლექსი, პოემა და საერთოდ, პოეზია სიტყვის მოხდენილობაა. იგი მშვენიერების სარკეა და სიმახინჯესაც კი სილამაზედ აქცევს.
ლექსი, პოემა და საერთოდ, პოეზიის ნებისმიერი გამოვლინება სიმახინჯესა და მშვენიერების სამყაროს შორის გადებული ხიდია.

* * *

ადამიანმა ღირსეული სიტყვა რომ წარმოსთქვას, საჭიროა ზოგადსაკაცობრიო საკითხების, იდეებისა და ყოფის არა მარტო გონებისთვალით, არამედ გულის ხედვითაც აღქმა. მხოლოდ ამის შემდგომ გადასწონის მისი სიტყვა მიზანშეწონილობის სასწორს, საამური და მისაღები გახდება ყოველი გულისყურისათვის. საპირისპირო შემთხვევაში, ოდენ ერთი მიმართულების აზრით გონებადაბნელებული პიროვნების მსჯელობა უმარილო იქნება.

* * *

რა იქნება იმაზე უკეთესი, რომ ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე ბავშვური სილაღე და სიწმინდე დაჰყვეს და მათი საშუალებით მუდამ ღია გახადოს წარმოსახვის უზარმაზარი სამყაროს კარიბჭენი?

* * *

არც ოდენ გრძნობის და არც ოდენ გონების გზას უნდა დაადგეს ადამიანი, რადგანაც ჯერ არ წარმოშობილა უშეცდომო გრძნობა-გონება. სასიკეთო ნაყოფი მხოლოდ და მხოლოდ მათ შეგნებული ნაზავს გამოაქვს. უერთმანეთოდ ისინი არასრულყოფილნი არიან.

* * *

სასიხარულოცაა ეს ცხოვრება და პარადოქსულიც.

* * *

სავალალოა, როცა კოლოსალურად მოაზროვნე პიროვნებასა და მის ბუმბერაზ სულს ღირსეულად ვერ აფასებს განდიდების აზრით შეპყრობილი აფთარი ადამიანი. ეს უკანასკნელი სინათლის საშიში მეტოქეა და ნათლის მოციქულთ მუდამ ორმოს უთხრის, ან ყოველ შემთხვევაში, ცდილობს წარწყმიდოს ღვთიური კანდელით განათებულ გზაზე მავალი.

* * *

პოეზია იმდენად რთული სამყაროცაა, რომ თუ უფალი მთელი თავისი მადლითსავსე სიბრძნით არ შეგეწია, ვერ გახვალ ბოლომდე ამ უზარმაზარ ლაბირინთში.

* * *

საინტერესოა ორბუნებოვანების საკუთარი თვალით ხილვა და მისი გონებით აღქმა. სურათზე გამოხატული ადამიანი შეიძლება ცხოვრებაში განსხვავებული ბუნების მატარებელი აღმოჩნდეს. იგი იმდენად ჩაგაფიქრებს, რამდენადაც თვით მრავლისმეტყველი სამყარო. ჩასწვდე მსგავსი ადამიანის შემოქმედების საფუძველს, იგივეა, აღმოაჩინო ახალი კონტინენტი. ამას კი მხოლოდ ოლიმპოს ღვთაებრივად მაღალი და ოდისევსისებურად ჭკვიანი ადამიანები თუ ახერხებენ. საუკუნოა მსგავსი ბუმბერაზების ხსენება.

* * *

დაუღალავად უნდა იღვაწო, რომ შექმნა რაიმე ღირებული და საუკუნეების სრბოლაზე აღმატებული. უამისოდ ფუჭად გავლილი გზა გამოვა სიცოცხლე.
თუ ადამიანს ცხოვრებაში ეს ჭეშმარიტება ამოძრავებს, იგი უეჭველად მიუახლოვდება კაცობრიობის ერთ-ერთი მთავარი დევიზის განხორციელებას: “შეიცან თავი შენი”, რაც კაცთა უდიდესი სიმდიდრეა. ამასთანავე, უნდა ფლობდე ამ სიმართლის განუწყვეტელ მახსოვრობას, რაც რჩეულთა ხვედრია უთუოდ.

* * *

რაოდენ საოცარნი არიან სისადავის წიაღიდან წარმოშობილი სიტყვები, რადგანაც სწორედ მათი საბოლოო ხვედრი უბრალოებიდან გამომდინარე ბრწყინვალებაა.

* * *

ფიქრი გონიერების დედაა, მაგრამ იგი დამანგრეველი გრძნობების მშობელიც შეიძლება გახდეს. ეს ეჭვის შემთხვევაში ხდება; ეჭვისა, რომელიც მხოლოდ სიყვარულს ვერ ერევა, რადგან სიყვარულია თვითონ ღმერთი.

* * *

ზომიერება იყო ელინთა კულტურის სული, რითაც საუკუნეებსაც მძლავრად გადმოსძახიან.

* * *

კეთილგონიერ აზრთა სიუხვე ბრძენთათვისაა სასურველი და დამახასიათებელი, არა ბრიყვთათვის, რადგანაც ამ უკანასკნელთა მიერ წარმოთქმული თუნდაც ერთი სიტყვა გულს არ ესალბუნება.

* * *

მრავალი ქვეყანაც რომ შემოიარო და შეძენილ სამშობლოებად მიიჩნიო ისინი, დედასამშობლო მაინც ერთადერთი, განუმეორებელი და უძვირფასესია.

* * *

მხოლოდ მას შემდეგ სწვდები მოვლენის არსს, როცა მის საწყისს შეიცნობ.

* * *

თუ ღირსშესანიშნავი არაფერი დატოვე ცხოვრებაში, აბსურდად გექცევა იგი.

* * *

გულწრფელობა საბოლოო ჯამში მუდამ უკეთესია.

* * *

პოეტ სულს ყველა ენაზე ახლავს პოეზიის მუზა.

იგრიკა, 1998 წელი

* * *

კაცი საქმეს შიშით და სიძულვილით კი არ უნდა მოეკიდოს, არამედ სიყვარულითა და გულწრფელობით.

* * *

კაცს ეროვნული სახე არ უნდა გქონდეს დაკარგული. ყოველივე მშობლიური სისხლხორცეულად მიიჩნიე, გაუფრთხილდი მას, როგორც უძვირფასესს. საპირისპირო შემთხვევაში, იგი გაქელილი იქნება წუთისოფლისაგან. ხელი უნდა შეუწყო მუხის სიცოცხლისუნარიანობას, მარადისობას, რადგანაც შენ მისი ერთ-ერთი ნაყოფი ხარ და ვალდებული ამოწურო ის შესაძლებლობები, რომლებიც ღმერთს შენთვის საჩუქრად მოუცია. ამ ქვეყნად კაცი უმიზეზოდ არ იბადება.

* * *
მოკვდე ისე, რომ ადამიანებს ამ ქვეყნად წრფელი სიყვარულით უყვარდე, უდიდესი სიმდიდრე და პატივია.

* * *
სიკეთის მართებულად მსურველი და აღმსრულებელი მამა შვილის საუკეთესო მეგობარია.

* * *
წლები ნელ-ნელა მიდიან, ადამიანები კი-ჩქარა

* * *
ადამიანს თეთრი სამოსიც შეიძლება მოუხდეს და შავიც, მაგრამ უმთავრესი ისაა, თუ რა შინაგანი სამყაროს მატარებელია მათი პატრონი.

* * *
არაფერია უაზრო ამ ქვეყნად. ეს კი მარადიული ცხოვრების საფუძველია. ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი აქვს და თუ ადამიანმა ეს ვერ შეიგნო, წარიწყმიდება უთუოდ. ასეთია წუთისოფლის სიბრძნე.

* * *
ძალა, რომელიც სიკეთეს ემსახურება, არ არის დასაგმობი და ღვთითკურთხეულია.

აპნისი, 1998 წელი

* * *
თუ საქმეში ჭოჭმანი გარიე, დამღუპველ ქსელში გაებმები უთუოდ, რომელიც ფათერაკებით აღსავსე ლაბირინთად გექცევა. მისგან თავის დაღწევა რთული იქნება შედეგად. ჭეშმარიტების არსი კი იმდენად ცხადია, რომ ამგვარი ხიფათიდან ერთადერთ გამოსავალს წარმოადგენს. ჭეშმარიტი საქმე ყოველთვის კეთილ მიზანს ემსახურება და ღვთის მადლითცხებული საბოლოოდ იმარჯვებს კიდეც.

* * *
დედამიწაზე სამყარო იმდენივეა, რამდენიც ადამიანი.

* * *
ჭეშმარიტებამდე ჩვენი მისვლა მიტომაა ძნელი, რომ მივიწყებასაა მიცემული მისკენ მიმავალი უბრალო გზა. მათემატიკა მოვიყვანოთ მაგალითად. ეს მეცნიერება განმცხადებელი სახეა და უდიდეს როლს თამაშობს ამ გზის გაგნებაში. ტყუილად კი არ ეწოდება მას “ჭეშმარიტი მეცნიერება”, მაგრამ არცთუ იშვიათად მისი რეალური როლი ნაკლებად ესმით, ან უარესი-არ უწყიან. ავიღოთ ალგებრის, ან ტრიგონომეტრიის ნებისმიერი ფორმულა; მაგალითის გამოყვანისათვის უნდა ვიცოდეთ მისი ამოხსნის ხერხები ე.ი. წესები, ფორმულები. იოლიც რომ იყოს, შეიძლება რთულად მოგვეჩვენოს, თუკი არ ვიცით მისი ამოხსნის ხერხი და შესაბამისად, შეიძლება არასწორად ამოვხსნათ, დავიბნეთ კიდეც. მაგრამ როცა ვიცით ჭეშმარიტი გზა, მაგალითის გამოყვანას ადვილად მივიჩნევთ და ადვილად ამოვხსნით.

ყველაფერი ამ სამყაროშიც ასეა. ჩვენ კი იმდენად დავმძიმდით ჩვენი ცოდვებით, რომ თანდათან კატასტროფულად ვშორდებით პირველსაწყისს და ეს ყოველივე უბედურ კატაკლიზმამდე მიგვიყვანს, თუკი არ შევიცვალეთ.

* * *
ადამიანმა არ უნდა იტვირთო პირველობა, რადგანაც ეს იმდენად მძიმე და საპასუხისმგებლო ტვირთია, რომ მოტეხავს სულიერად სუსტსა და უმწიფარს. აქ ერთი შეცდომაც კი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს და წარწყმიდოს ადამიანი, ზიანი მოუტანოს ხალხს, ქვეყანას.