იგრიკა, 1998 წელი

* * *

კაცი საქმეს შიშით და სიძულვილით კი არ უნდა მოეკიდოს, არამედ სიყვარულითა და გულწრფელობით.

* * *

კაცს ეროვნული სახე არ უნდა გქონდეს დაკარგული. ყოველივე მშობლიური სისხლხორცეულად მიიჩნიე, გაუფრთხილდი მას, როგორც უძვირფასესს. საპირისპირო შემთხვევაში, იგი გაქელილი იქნება წუთისოფლისაგან. ხელი უნდა შეუწყო მუხის სიცოცხლისუნარიანობას, მარადისობას, რადგანაც შენ მისი ერთ-ერთი ნაყოფი ხარ და ვალდებული ამოწურო ის შესაძლებლობები, რომლებიც ღმერთს შენთვის საჩუქრად მოუცია. ამ ქვეყნად კაცი უმიზეზოდ არ იბადება.

* * *
მოკვდე ისე, რომ ადამიანებს ამ ქვეყნად წრფელი სიყვარულით უყვარდე, უდიდესი სიმდიდრე და პატივია.

* * *
სიკეთის მართებულად მსურველი და აღმსრულებელი მამა შვილის საუკეთესო მეგობარია.

* * *
წლები ნელ-ნელა მიდიან, ადამიანები კი-ჩქარა

* * *
ადამიანს თეთრი სამოსიც შეიძლება მოუხდეს და შავიც, მაგრამ უმთავრესი ისაა, თუ რა შინაგანი სამყაროს მატარებელია მათი პატრონი.

* * *
არაფერია უაზრო ამ ქვეყნად. ეს კი მარადიული ცხოვრების საფუძველია. ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი აქვს და თუ ადამიანმა ეს ვერ შეიგნო, წარიწყმიდება უთუოდ. ასეთია წუთისოფლის სიბრძნე.

* * *
ძალა, რომელიც სიკეთეს ემსახურება, არ არის დასაგმობი და ღვთითკურთხეულია.

მკათათვისა, 2010 წელი

* * *
უზენაეს სიბრძნეთაგანია, როცა ნებისმიერ პირობებში ჰარმონიული ხარ საკუთარ თავთანაც და გარესამყაროსთანაც.

* * *
საქართველოს მუდამ ღვთითკურთხეული საქართველო თუ აერთიანებდა ოდენ…

* * *
დუმილში დაბადებული მუსიკა გულის ნიაგარების ძალისაა.

* * *
ამპარტავნება უგულო ყინულეთია.

* * *
გრძნობა გულის ხედვაა.

* * *
ხელმწიფება ტიტული კი არა, საკუთარი ერის მსახურებაა.

* * *
თავისუფლება საკუთარი თავის გაცნობიერება კი არაა ოდენ, მისი გრძნობაცაა.

* * *
თავისუფლება საკუთარ თავში გონებისა და გრძნობის შეხმატკბილებული გამარჯვებაა.

* * *
სიკეთე ცოდნისა და სიბრძნის მომდევნო, განხორციელებული საფეხურია.

* * *
იმარჯვებენ სიყვარულის სიბრძნითა და ვაჟკაცობით. ყოველგვარი სხვაგვარი გამარჯვება ილუზია და სიცრუეა.

* * *
სხვა თუ გძულს, ესე იგი, არც საკუთარი თავი გიყვარს.

* * *
აზრის გასიტყვება ნახევარი საქმეა.

* * *
კეთილი იდეის სიძლიერე მის ქმნა-განხორციელებაშია.

* * *
ღმერთს საქმით უფრო უახლოვდებიან, ვიდრე საუბრებით.

* * *
ქრისტიანული განახლება ღმერთთან დაბრუნებისა და ამ სასწაულით გამოწვეული უნაპირო, ენითგამოუთქმელი ბედნიერების მარადიული პარადიგმაა.

* * *
სიცოცხლე საცხოვრებელია.

* * *
ცხოვრება მოქმედებაში მოყვანილი, ამოძრავებული სიცოცხლეა.

* * *
სიცოცხლე ღვთიური ტალანტია, რომელიც შეიძლება შენი სულის ოთახში მდგარ კიდობანში გამოკეტო, ან გაასულიერო და გაივსო მისით. პირველი ცხოვრების ილუზიას ბადებს და სიცოცხლის დაკარგვამდე, შინაგან კვდომამდე მიჰყავს ადამიანი, მეორე კი მზესავით განათებულს ხდის ადამის ნაშიერს.

* * *
ფიქრებით სიახლოვე და გულით სიახლოვე სხვა და სხვა რამეა, თუმცა, ერთი მეორეს არ გამორიცხავს და ერთმანეთს ავსებენ.

* * *
სიყვარული და მეგობრობა შინაგანი თუ გარეგანი შეჭირვებიდან მუდმივი საუკეთესო გამოსავალია.

* * *
საკუთარი თავი რომ შეიცნო, ჯერ უნდა დაინახო იგი.

* * *
ადამიანი საკუთარ თავს უკეთ სულიერი დიალოგის დროს ხედავს.

* * *
გონებისმიერი ცხოვრება სტატიურია… გულისმიერი კი-დინამიური.

* * *
გულკეთილობა და კეთილგონიერება ერთმანეთს ავსებენ, მაგრამ წინამძღოლი პირველია.

* * *
ადამიანის შინაგანი სიმწიფე ჯერ კიდევ არ ნიშნავს ბედნიერებას. პირველი მეორის ჭურჭლად თუ გამოდგება.

* * *
სიცოცხლეს უფალი ღმერთი მშობლების მეშვეობით გვანიჭებს, ცხოვრება კი სიკეთის ზეიმია.

* * *
ბაგის კიდეები ბედნიერების ბარომეტრია…

* * *
ადამიანებს გვიკვირს ხოლმე, თუ რატომაა სიცოცხლე ძალადობითა და უსამართლობით სავსე. არადა, ამის მიზეზი თითოეულ ჩვენთაგანშია. ჩვენ რომ მართლა ვ-ც-ხ-ო-ვ-რ-ო-ბ-დ-ე-თ, ცხოვრება სიკეთის ზეიმად იქცეოდა.

* * *
ვისი შინაგანი სამყაროც სიკეთით, სიყვარულით, სიმამაცითა და პასუხისმგებლობითაა სავსე, ანუ ვინც ნაღდი ცხოვრებითაა გავსებული, ის ერსა და სახელმწიფოზე ზრუნავს. ვინც შინაგანად ცარიელია და გარეგნული ზიზილ-პიპილოებით სავსე, საკუთარი ფუტურო საქმეებით ცხადად აჩენს თავის ნამდვილ სახეს