ენკენისთვე, 1998 წელი

* * *

უმეტეს წილად საინტერესო ის კი არ არის, რაც უკვე ამოხსნილია და ცნობილი, არამედ ის, რაც ჯერ კიდევ ჩაუწვდომელია.

* * *

ყოველივე ცალმხრივი, არასრულყოფილი სიცარიელის მშობელია და სიცარიელე კი უსაფუძვლოა, არამდგრადი.

* * *

ნიჭის უფანტაზიო მდინარება სულიერ სიღატაკეზე, ან მის დაღლაზე მიანიშნებს.

* * *

მოწიწებით ვიხრი ქედს იმ მესიტყვეთა წინაშე, ვინაც უდიდესი ამაგი დასდო ხალხური ზეპირსიტყვიერების გამდიდრებას, მაგრამ ვინაობის გარეშე გაქრნენ ადამიანთა მეხსიერებიდან.


* * *

ბრძენს თავმდაბლობა და ცხოვრების სისადავე შვენის.

* * *

ყოველ დღე იმ აზრით უნდა დგებოდე, რომ წინ ბევრი საკეთებელი (სი-კეთ-ე) გელოდება, ხოლო ყოველ ღამით, დიდი ილია მართლის არ იყოს, თავს ეკითხებოდე:

“აბა, დღეს მე ვის რა ვარგე”

* * *

ამა თუ იმ ნაწარმოების საუკეთესო კრიტიკა მისივე გააზრებული წაკითხვაა.

* * *

ხელოვანის უკვდავებას მის შედევრებში არსებული დედააზრის წუთისოფლისადმი შეგუება კი არა, თვითონ ცხოვრების მარადიული შემოქმედებისადმი დაყოლა განაპირობებს.

* * *

სიმართლე ისევე, როგორც სამართლიანობა, მათთვისაა უსიამოვნო, ვინც ოდენ საკუთარი სურვილების განხორციელებას მიელტვის. ზნეობრივი ადამიანი ძნელია დაეთანხმო იმას, თითქოს მიზანი ამართლებდეს საშუალებას, რადგანაც მხოლოდ საშუალებაა მიზნის საფუძველი. ასევე, კაცობრიობის თავგადასავალი ისეთ შემთხვევებსაც იცნობს, როდესაც მიზანი და საშუალება ერთმანეთსაც იყო დაპირისპირებული.

* * *

ხელოვანის ნაწარმოებები ნიღაბსაც წარმოადგენენ და ნამდვილ სახესაც.

* * *

ჩვეულებრივმა მოკვდავებმა იშვიათად თუ უწყიან, რაოდენ დიდი ბავშვია გენიოსი. მის სულსა და გულს შეუბღალავი მიამიტობა ჰკვებავს. ამადაც, ეს ბუმბერაზები ისევე მოგვაგონებენ ხანშიშესული ადამიანის სიბრძნის მატარებელ ბავშვებს, როგორც ბალღური სილაღით გულმოცემულ ბერიკაცებს.
* * *

ბევრი რამე შეიძლება ახდენდეს ჩვენზე გავლენას, მაგრამ მხოლოდ ერთადერთმა რამემ შეგვცვალოს.

* * *

ცხოვრებისეული წინააღმდეგობები გამოსაცდელებია წუთისოფელში.

* * *

ძნელია ჩვეულებრივი ადამიანი მისწვდეს იმას, რასაც ბუმბერაზები მთელი თავისი ცხოვრება მიელტვიან, ავითარებენ და სრულყოფენ.

* * *

ტრაგედიაა, როცა ადამიანს ინტელიგენტი ჰქვია, სინამდვილეში კი საპირისპიროს სჩადის. აქ ინტელიგენტობა არაფერ შუაშია-იგი მხოლოდ ნიღაბია.

* * *

გამაღალფარდოვნების მიზნით ხშირად ადამიანები საკუთარ ცხოვრებას ირთულებენ; და ეს მაშინ, როცა საბოლოოდ სისადავის მონატრებულნი ხდებიან.

* * *

იდეის გარეშე შექმნილი საქმე უსაფუძვლო და ლიბოდათხრილ კოშკს მიაგავს.

* * *

მარადიულობის მკვიდრთათვის წლოვანებას ნაკლები მნიშვნელობა გააჩნია, რადგან დაბადებიდანვე მოსდგამთ სიდიადის ნიჭი.

* * *

ჭეშმარიტი ბედნიერება ჭეშმარიტებისკენ მუდმივ სვლაში მდგომარეობს, რომლამდე მისვლაც ეკლიან გზაზე გადის.

* * *

გენიოსების შემოქმედება საკუთარი ორიგინალურობით  გადამუშავებულ განსხვავებულ აზროვნებათა კონას უფრო წარმოადგენს.

* * *

დღეს ბალზაკი და გოგოლი ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ, არა მგონია “შაგრენის ტყავზე”, “რევიზორზე” და “მკვდარ სულებზე” ნაკლები სატირული ნაწარმოებების შექმნა გაძნელებოდათ.

* * *

ერი, სადაც ყველას მეფობა სწადია, გოგსა და მაგოგს ემსგავსება.

მკათათვისა, 1998 წელი

* * *

ბნელი, დემონური და სისხლმისმსმელი ეპოქის წინააღმდეგ ჩადენილ გმირობას მისი უშველებელი მორევიდან შეუბღალავი სახელით ამოსვლა წარმოადგენს.

* * *

ნაწარმოებს, რომელიც  ვერ სცილდება თავისი დროის საზღვრებს, დიდი ხნის  სიცოცხლე არ უწერია.

* * *

ყოველი დიდი პიროვნება ამ ქვეყნად ან სატანური ცუდმედიდურობის, ან კიდევ ღვთაებრივი ბრწყინვალების მატარებელია.

* * *

გარეგნულ იერ-სახეს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, თუკი მას შინაგანი მშვენიერება და ბრწყინვალება არ შეეწყო.

* * *

როცა ძლიერი ერი იმორჩილებს ერთ დროს დიდი კულტურისა და სახელის მქონე, მაგრამ თანამედროვეობაში დასუსტებულ ერს, იგი თავის ჰეგემონიას ვერ განახორციელებს, უკეთუ თვითონ არაა ცხოვრების სხვა და სხვა სფეროში რაიმე ღირებულების მქონე.

* * *

სწორედ, ქვეყნის ოთხივე მხარის სულიერ მიღწევათა შერწყმის შედეგია უდიდესი ქმნილებანი კაცობრიობის ისტორიაში.

* * *

ადამიანის მტერი თავგზააბნეულობაა, ვინაიდან ჭეშმარიტებისკენ სავალ გზას სცილდება იგი.

* * *

ხშირად გარეგან სილამაზეს შინაგანი მშვენიერება დაუჩაგრავს, რაც კატასტროფად უბრუნდება ადამიანის შინაგან ყოფიერებას. ასეთებს დრო მალე წარხვეტავს. ესაა ადამიანთა ის კატეგორია, რომელნიც არ იღვწიან მნიშვნელოვანი ღირებულების შესაქმნელად, რომელიც უზრუნველყოფს კიდეც ყველაზე მთავარს-მარადიულ სახელს. უვიცობა და საშინელებაა ამგვარი ცხოვრება.

* * *

გააჩნია, როგორ დიდკაცობას აღწევს ადამიანი.

* * *

სასურველია, საქმე ისე წარიმართოს, რომ ბოლოს სანანებელი არ გახდეს.

* * *

გენიოსები დიდ საქმეთ იმდენად იოლად ერევიან, რომ ჩვეულებრივ ადამიანს ხშირად ამის წარმოდგენაც კი არ ძალუძს. გენიალურ ჩვეულებრიობას შეჩვეულს შედეგად უჭირს გაერკვეს ბანალური ყოფიერების ნიუანსებში, რადგანაც ისინი დიდკაცისათვის ძნელად მოსახელთებელნი ხდებიან.

* * *

როცა ახლადშექმნილი შედევრის აზრი, იდეა გადასწორებისთანავე მოსწყდება ორიგინალობის წიაღს, არაბუნებრივი ხდება ჭეშმარიტი მკითხველისათვის, ხოლო არადამაკმაყოფილებელი-ავტორისათვის.

* * *

პირველსაწყისს-ეს კაცობრიობის დასაბამი იქნება, თუ პირველადი დიდი ცივილიზაციები-მუდამჟამს უზარმაზარი ზეგავლენა მოუხდენია გენიოსებზე. ადამიანის სულიერი და გონიერი განვითარების ეს მნიშვნელოვანი დედაბოძი იმდენად საგრძნობია მათი შემოქმედების უსასრულო სამყაროში, რომ იქ მოხვედრისთანავე დიდი, თუ პატარა აღტაცებული ხდება და ერთგვარ ნირვანას ეძლევა კიდეც.

* * *

ასეა მუდამ: თუ რაიმე ღირსსახსოვარი შეჰქმენი სიყმაწვილეში, სიბერის ჟამს მისთვის თვალის გადავლება წარსულისადმი მონატრებას აღძრავს.

* * *

ხელოვანი ის მსახიობი და ფსიქოლოგია, რომელსაც შეუძლია სხვა ადამიანის ბუნებას ჩასწვდეს და გაითავისოს. ამაში მას უზარმაზარი ფანტაზიაც უწყობს ხელს.

* * *

გენიოსი მუდამ ითხოვს ძალას ღვთისგან, რათა საკუთარი სულის სასწორზე მოძალებული დემონიურობა ზეციური სიწმინდით გადასწონოს. საწინააღმდეგო შემთხვევაში, თავის უხილავ, მაგრამ შეგრძნებად სულს იგი ჯოჯოხეთად ლანდავს.

* * *

საქართველო ღმერთის მიერ შექმნილი სამოთხეა, ხოლო მისი მოსახლეობა კი უძველესი დროიდანაა ამ ედემის ადამიც, ევაც და მისი მცველი ქერუბიმიც, თავისი ელვარე ხმლით ხელში.

* * *

ის ადამიანი, რომელიც თანამედროვეობას გაუსწრებს, ვეღარ დაეტევა მოცემული დროის არტახებში. მისი სული ერთგვარ მოუსვენრობას განიცდის და ცდილობს მარადიული თავშესაფრის პოვნას. იგი მუდამჟამს სულიერი სავანის მაძიებელი ხდება და შეძლებისამებრ არაფერს იშურებს ჭეშმარიტების საუფლოსკენ გზის გასაკვლევად.

* * *

დასაწყისში “სუსტი” შემოქმედისათვის მის ნაწარმოებებისადმი კრიტიკული დამოკიდებულებაა ერთადერთი უებარი საშუალება, რათა მან შეამჩნიოს თავისი შეცდომები და მათზე დაყრდნობით დაადგეს დახვეწის გზას. მისთვის ქება დამღუპველია, რადგან საბოლოოდ ასეთი შემოქმედისაგან შეიძლება მივიღოთ ყოველივე საკუთარის გამზვიადებელი კლოუნი. მხოლოდ კრიტიკის ქარცეცხლში გამობრძმედილი ხელოვანი აღწევს მწვერვალებს.