ენკენისთვე, 1998 წელი

* * *

უმეტეს წილად საინტერესო ის კი არ არის, რაც უკვე ამოხსნილია და ცნობილი, არამედ ის, რაც ჯერ კიდევ ჩაუწვდომელია.

* * *

ყოველივე ცალმხრივი, არასრულყოფილი სიცარიელის მშობელია და სიცარიელე კი უსაფუძვლოა, არამდგრადი.

* * *

ნიჭის უფანტაზიო მდინარება სულიერ სიღატაკეზე, ან მის დაღლაზე მიანიშნებს.

* * *

მოწიწებით ვიხრი ქედს იმ მესიტყვეთა წინაშე, ვინაც უდიდესი ამაგი დასდო ხალხური ზეპირსიტყვიერების გამდიდრებას, მაგრამ ვინაობის გარეშე გაქრნენ ადამიანთა მეხსიერებიდან.


* * *

ბრძენს თავმდაბლობა და ცხოვრების სისადავე შვენის.

* * *

ყოველ დღე იმ აზრით უნდა დგებოდე, რომ წინ ბევრი საკეთებელი (სი-კეთ-ე) გელოდება, ხოლო ყოველ ღამით, დიდი ილია მართლის არ იყოს, თავს ეკითხებოდე:

“აბა, დღეს მე ვის რა ვარგე”

* * *

ამა თუ იმ ნაწარმოების საუკეთესო კრიტიკა მისივე გააზრებული წაკითხვაა.

* * *

ხელოვანის უკვდავებას მის შედევრებში არსებული დედააზრის წუთისოფლისადმი შეგუება კი არა, თვითონ ცხოვრების მარადიული შემოქმედებისადმი დაყოლა განაპირობებს.

* * *

სიმართლე ისევე, როგორც სამართლიანობა, მათთვისაა უსიამოვნო, ვინც ოდენ საკუთარი სურვილების განხორციელებას მიელტვის. ზნეობრივი ადამიანი ძნელია დაეთანხმო იმას, თითქოს მიზანი ამართლებდეს საშუალებას, რადგანაც მხოლოდ საშუალებაა მიზნის საფუძველი. ასევე, კაცობრიობის თავგადასავალი ისეთ შემთხვევებსაც იცნობს, როდესაც მიზანი და საშუალება ერთმანეთსაც იყო დაპირისპირებული.

* * *

ხელოვანის ნაწარმოებები ნიღაბსაც წარმოადგენენ და ნამდვილ სახესაც.

* * *

ჩვეულებრივმა მოკვდავებმა იშვიათად თუ უწყიან, რაოდენ დიდი ბავშვია გენიოსი. მის სულსა და გულს შეუბღალავი მიამიტობა ჰკვებავს. ამადაც, ეს ბუმბერაზები ისევე მოგვაგონებენ ხანშიშესული ადამიანის სიბრძნის მატარებელ ბავშვებს, როგორც ბალღური სილაღით გულმოცემულ ბერიკაცებს.
* * *

ბევრი რამე შეიძლება ახდენდეს ჩვენზე გავლენას, მაგრამ მხოლოდ ერთადერთმა რამემ შეგვცვალოს.

* * *

ცხოვრებისეული წინააღმდეგობები გამოსაცდელებია წუთისოფელში.

* * *

ძნელია ჩვეულებრივი ადამიანი მისწვდეს იმას, რასაც ბუმბერაზები მთელი თავისი ცხოვრება მიელტვიან, ავითარებენ და სრულყოფენ.

* * *

ტრაგედიაა, როცა ადამიანს ინტელიგენტი ჰქვია, სინამდვილეში კი საპირისპიროს სჩადის. აქ ინტელიგენტობა არაფერ შუაშია-იგი მხოლოდ ნიღაბია.

* * *

გამაღალფარდოვნების მიზნით ხშირად ადამიანები საკუთარ ცხოვრებას ირთულებენ; და ეს მაშინ, როცა საბოლოოდ სისადავის მონატრებულნი ხდებიან.

* * *

იდეის გარეშე შექმნილი საქმე უსაფუძვლო და ლიბოდათხრილ კოშკს მიაგავს.

* * *

მარადიულობის მკვიდრთათვის წლოვანებას ნაკლები მნიშვნელობა გააჩნია, რადგან დაბადებიდანვე მოსდგამთ სიდიადის ნიჭი.

* * *

ჭეშმარიტი ბედნიერება ჭეშმარიტებისკენ მუდმივ სვლაში მდგომარეობს, რომლამდე მისვლაც ეკლიან გზაზე გადის.

* * *

გენიოსების შემოქმედება საკუთარი ორიგინალურობით  გადამუშავებულ განსხვავებულ აზროვნებათა კონას უფრო წარმოადგენს.

* * *

დღეს ბალზაკი და გოგოლი ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ, არა მგონია “შაგრენის ტყავზე”, “რევიზორზე” და “მკვდარ სულებზე” ნაკლები სატირული ნაწარმოებების შექმნა გაძნელებოდათ.

* * *

ერი, სადაც ყველას მეფობა სწადია, გოგსა და მაგოგს ემსგავსება.

ვარდობისთვე, 2010

* * *
ძალაუფლებას საკუთარი თავის მონები მიესწრაფვიან, ხელისუფლებას კი- თავის უფალნი.

* * *
ქართველობა არა ოდენ ეროვნებაა, არამედ სულიერი კონდიციაც.

* * *
თავის-უფლება სულიერების დასაწყისია.

* * *
ომს სიძულვილი კი არა, სიყვარული იგებს.

* * *
მეგობრობა ბანალური ურთიერთობები კი არა, გმირობაა.

* * *
ეშმაკნი უფრთხიან ადამიანურ კეთილგონიერებას, რამეთუ იგი მზესავით აჩახჩახებული გულისაკენ მიმავალი არიადნეს ძაფია.

* * *
ერი სახელმწიფოს გულია და არა პირიქით მაშინ, როცა სახელმწიფო ერის დამცავი აბჯარია.

* * *
თუკი სახელმწიფო ერის გამაბედნიერებელ საშუალებას არ წარმოადგენს, მაშინ იგი ერის საპყრობილე ხდება.

* * *
სადაც ერი სახელმწიფოს არსებობის საშუალებად იქცევა, იქ ორივე გაქრობისთვისაა განწირული.

* * *
ერი ქმნის სახელმწიფოს და არა პირიქით.

* * *
უფრო სახელმწიფო უნდა იყოს ერის სამსახურში და არა პირიქით.

* * *
ერი ქმნის სახელმწიფოს, როგორც თავის გასაბედნიერებელ საშუალებას და აყენებს მას თავის სამსახურში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერი სახელმწიფოს ტყვე ხდება. მონობა და თავის-უფლების საფუძველზე მოპოვებული ბედნიერება ორი ერთმანეთთან შეუთავსებელი რამაა.

* * *
გენიალურია, როცა ქალს ესმის მამაკაცის; ზეგენიალური კი, როცა მამაკაცი გრძნობს ქალს.

* * *
ადამიანში მყოფ ღმერთს სიყვარული ჰქვია, ადამიანებს შორის მყოფს კი-მეგობრობა.

* * *
იყო პიროვნება, კაცი, ნიშნავს, მონაწილეობდე ისტორიაში და ქმნიდე მას. ყველა სახის არსებობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ცხოვრებას.

* * *
ვისაც მეგობარი არ ჰყავს, მას არც უცხოვრია.

* * *
გული სიყვარულის კერიაა-ერთხელ რომ დაანთებ, მუდმივ ყურადღებასა და მზრუნველობას საჭიროებს.