ღვინობისთვე, 2014 წ.

* * *
სიყვარულის სიბრძნე გვასწავლის, რომ ერები და ადამიანები კი არ უნდა გვძულდნენ, არამედ თვითონ ბოროტება და მისი ნებისმიერი გამოვლინება უნდა ვძლიოთ.

* * *
სიყვარულის გენიალობა უბრალოებაშია.

* * *
მარტივი მიდგომაა, ფიქრი არ სცდებოდეს იმ აზრს, რომლის მიხედვითაც სიყვარული ცვლის ადამიანს. რაც არ გვაუმჯობესებს, მას სიყვარული ნაკლებად ეთქმის. მხოლოდ სიყვარულში და სიყვარულით ვიზრდებით და ვხდებით უკეთესები.

* * *
მაღლიდან შექმნილი მშვიდობა მხოლოდ მაშინაა მშვიდობა, როდესაც მთავრობა ხალხის ჭეშმარიტი წარმომადგენელია და ახორციელებს სახალხო-სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ზოგადად, ომი არ წარმოადგენს ხალხის მიზანს. ყველა სხვა შემთხვევაში მშვიდობა წარმოადგენს ამა ქვეყნის ძლიერთა ეგოისტურ მისწრაფებებთან მიზანშეწონილ წესრიგს.

* * *
სხვაზე გაბატონება ძალადობას ბადებს, საკუთარი თავის დაუფლება კი-მშვიდობას.

* * *
მშვიდობა გაცილებით იაფი ღირს, მაგრამ ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება მის მწვერვალზე ასვლას. ომი შეუდარებლად უფრო ძვირი ღირს, მაგრამ ძალიან ადვილია მის უფსკრულში ჩავარდნა.

* * *
სიყვარული არჩევანია. რაც უფრო გაცნობიერებული და გათავისებულია იგი, მით უფრო მრავალჟამიერია მისი განხორციელება.