გიორგობისთვე, 2010 წელი

* * *

ვაი იმ ქალის ქალობას, ვინც საკმარისად შესწავლადია.

* * *

კარგი მეგობარი ამაოების წარმავალ დროს გიმოკლებს და მარადიულობას გიმრავლებს.

* * *

ღმერთი სიკეთეში და სიკეთით ცხადდება.

* * *

ადამიანებს შორის ყველაზე დიდი ბედნიერება ისაა, როცა ადამიანი არსებობს ადამიანისათვის, როცა ერთი ცოცხალი და ძვირფასია მეორისათვის; როცა არა მარტო იცის და აცნობიერებს მისი პიროვნების არსებობას, არამედ ეძვირფასება და უყვარს, უხარია იგი. ადამიანებს შორის და საკუთრივ ადამიანების შინაგან სამყაროში ამ და ასეთ არსებობას ჰქვია სიყვარული. არსებობს მხოლოდ სიყვარული და სიყვარულია არსებობა.

* * *

აუცილებელია გაგაჩნდეს ფილოსოფიური ხედვა, მაგრამ შეცდომაა ვერ გადალახო და დარჩე ფილოსოფიის საზღვრებში.

* * *

სიცოცხლისა და სიყვარულის სისავსემ ვაჟკაცის თვალსაც კი შეიძლება დაადენინოს ალალი ცრემლი.

* * *

ბედნიერება ზმნადქცეული სიყვარულია.

* * *
ერის ნება მაშინ ბლაგვდება და ჟანგდება, თუკი ყოველდღიურად არ წვრთნის მას საკუთარი ბედის ჩამოქნაში.

თიბათვე, 1998 წელი

* * *
ხელოვანი მაშინაა დიდი, როდესაც თავის ნამოქმედარს ორაზროვნების იერსაც შთაბერავს.
* * *
ესა თუ ის სიტყვა მარადიულია, თუ უშუალოდ გულიდან მომდინარეობს. სხვა შემთხვევაში იგი წაიშლება დროთა ქარიშხლებისაგან.
* * *
სული შემოქმედებას ერთი რამით ძალიან ჰგავს-თავისთავად უკვდავია, ხოლო პოიეზისი კი მარადიულია მაშინ, როცა მას მარადიული პიროვნება ქმნის. შემოქმედებაში შეიძლება ამ პიროვნებამ მთელი თავისი გული ჩადოს და სულის სარკედ აქციოს. მხოლოდ და მხოლოდ მის არსში ჩაწვდომაა აუცილებელი, რომ ადამიანს თვალწინ გადაეშალოს მარადიული პიროვნების შინაგანი სამყაროს საიდუმლო.
* * *
ადამიანები, რომლებიც არ იცნობენ მწერლის, შემოქმედის ფსიქოლოგიას, ძირეულად ვერ ჩასწვდებიან მის ქმნილებებს. მხოლოდ და მხოლოდ მათთვის მოსაწონ და გულის სანუკვარ გრძნობებს შეხამებულ მხარეებს მიაქცევენ განსაკუთრებულ ყურადღებას. აი, ასეთი უძირო ზღვაა მწერალი და ამიტომაცაა იგი დიდი და უკვდავი, ბოლომდე აზრჩაუწვდომელი ქმნილებების, შედევრების ავტორი.

* * *
გამოზომილ დროზე უფრო ორგანიზებული არაფერია, თუკი მასში ღვთის მადლითცხებული ხელის ნაკვალევიც სჩანს.

* * *

დიდი ხელოვანი მის მიერ არჩეული გზის იმდენად ერთგულია, რომ დასაწყისიდანვე სწავლობს ამ სავალის ენას. საბოლოოდ, სხვაგვარი მეტყველება მისთვის შეუძლებელი ხდება.

* * *
ჭეშმარიტად და საბოლოოდაც ბედნიერია ის ადამიანი, რომელსაც უყვარს მის მიერ არჩეული გზა და სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვება მას ფიქრშეუცვლელად.

* * *
უმეტესად ადამიანები იმაზე მეტს საუბრობენ და ფიქრობენ უფრო მეტს, რაც მათ არ გააჩნიათ.

* * *
დიდ მოთმინებასა და ძალას მოითხოვს ბრძოლა, მაგრამ კიდევ უფრო მეტ სიმამაცეს საჭიროებს ხელოვნება.

* * *
რაც უფრო ხორციელდება ადამიანის ოცნება და უახლოვდება მიზანს, მით უფრო უსახური გახდება მისი ცხოვრება, თუკი ერთ თვალსაწიერს მეორე არ დაამატა.

* * *
ზუსტადაც, რომ ორჯერ დაბადებული ადამიანია დიდი, რადგანაც ხელახალი შობა მარადიულობისკენ მიმართული ერთგვარი საწყისია.