იგრიკა, 2011 წელი

* * *
ფიქრებით შემოიარო სამყარო ნიშნავს, დაათვალიერო იგი, მაგრამ მხოლოდ გულისხედვით თუ ვუღრმავდებით და ვეხებით მას. არსებობისა და შესაქმის სინამდვილე გულში, გულით ცხადდება და გვიცხადდება.

* * *
ადამიანის ძირითადი ნიში აზროვნებაა, კაცისა-ზნეობა, ზეკაცისა კი-სიყვარული.

* * *
ნამდვილი პოლიტიკა  ადამიანებს შორის მეგობრობიდან და თავისუფლებიდან გამომდინარეობს, ემყარება და ამრავლებს მათ.

* * *
ადამიანის, საზოგადოებებისა და კაცობრიობის უზნეობა თითოეულისათვის დამღუპველი ჩიხია.

* * *
ქალი შეგრძნებით შეიცნობა.

* * *
კაცი მაშინაა ჭეშმარიტი ფილოსოფოსი, როდესაც სოფიას თვითონ ღმერთი წარმოადგენს.

* * *
ცალკერძი ზნეობა არაა საკმარისი, თუკი მას არ ეხიდება და არ ავსებს მოღვაწეობა.

* * *
ადამიანი და ერი, რომელიც არ ცხოვრობს და არ ქმნის ისტორიას, ისტორიის გარეთ რჩება და ქრება.

* * *
არ არსებობს იმაზე უფრო დიდი გამარჯვება, ვიდრე საკუთარი თავის დაუფლება. შემდეგ, სხვა ყველაფერი ამის შედეგია ადამიანის ცხოვრებაში.

* * *
ისტორიის შექმნაში ლომის წილი კაცუნებს კი არა, შინაგანად მწიფე პიროვნებებს შეაქვთ.

* * *
მშვენიერება ალამაზებს.

* * *
თავმდაბლობაში თავისუფალი უნდა ხდებოდე და არა-მონა.

* * *
სიტყვებს თავიანთი გრძნობები გააჩნიათ-მხოლოდ ემოციურად ცოცხალი ადამიანები უღრმავდებიან და სწვდებიან მათ შინაარსს.