მირკანი, 2019 წელი

***
თუკი ლიტერატურის უმთავრესი მიზანი მოყვასის შეყვარებაა და წიგნისა კი ის, რომ აზროვნება დაგაწყებინოს, ეს ორი მიზანი ერთმანეთთან პირდაპირკავშირშიც ყოფილა.

***
იქ, სადაც პირადი და საზოგადოებრივი ბედნიერება ერთანეთისგანაა დაშორებული, ადრე თუ გვიან, აუცილებლად სავალალო შედეგებს მივიღებთ.

***
ვისაც სიყვარული რ აქვს, საკუთარ თავს უფრო უფრთხილდება და მისი დაკარგვის ეშინია. მაშინ, როდესაც სიყვარულით სავსე სხვასთან შერწყმით კიდევ უფრო ზრდის და იმდიდრებს თავის თავს.

***
თუ ცხოვრობ, ესე იგი, სიკვდილიც იცი. თუ კვდები, სიცოცხლესაც სცნობ. მაგრამ თუ მხოლოდ არსებობ, არც ერთი იცი და არც მეორე.

***
ურთიერთობები გამოწვევების გარეშე არ არსებობს. მთავარია, როგორი დამოკიდებულებით გადავლახავთ მათ. ჯანსაღი განწყობების მქონე წყვილში სირთულეების მოგვარება ერთად და კონსტრუქციულად ხდება. ნებისმიერ შემთხვევაში, აქ ორივე ერთმანეთს და ერთად ცხოვრებას ირჩევს, რადგან ორივესთვის ერთურთი უფრო მთავარია, ვიდრე საკუთარი თავი. ხოლო იქ, სადაც ურთიერთობა კომპლექსებზეა აგებული, საკუთარი თავი სხვაზე უფრო მნიშვნელოვანია და სახეზე სირთულეებისაგან მუდმივი გაქცევის ტენდენცია გვაქვს, რაც სხვა არაფერია, თუ არა ინფანტილურ დონეზე დარჩენა.

***
ყველაფერი, რასაც კეთილი, თუ უკეთური სახით ახორციელებს ადამიანი, ღვთის ხატობის განვითარების, ან მისი დამახინჯების გამოვლინებაა.

***
თავისუფლება და კულტურა ერთმანეთის გარეშე არ არსებობს, რადგან ის რომ გვეკეთებინა, რაც მხოლოდ ჩვენ გვინდა და არ გაგვეთვალისწინებინა სხვა ადამიანთა მისწრაფებები, ცხოვრება გაცილებით უფრო ღარიბი იქნებოდა და ძე კაცისა მოკლებული იქნებოდა განვითარების აუცილებელ, დამატებით საშუალებას, რაც ინტერაქციაში მდგომარეობს.

***
კარგი პოლიტიკის საფუძველი კეთილგონივრული რეფლექსიაა როგორც ინდივიდუალურ, ასევე საზოგადოებრივ დონეზე.

მირკანი, 2012 წელი

* * *

მართალი იყო კანტი, როდესაც სიკეთისა და მისკენ სწრაფვის იდეას გარედან მომავალ ვალდებულებად კი არა, არამედ შინაგან მოთხოვნილებად თვლიდა.

ამავე დროს, უნდა ითქვას ისიც, რომ ყოველი უკეთური ნაბიჯი და არჩევანი იმთავითვე საკუთარი თავის დასჯა, დაშორება და განკვეთაა სიკეთის მზისგან. ამით მარადიულ სინათლეს არა აკლდება რა. ეგაა ოდენ, ნათელს განვარდნილნი ბოროტისა და სიბნელის ტყვედ იქმნიან თავს.

* * *
მარჯვე მებადურმა ზოგჯერ უნდა აამღვრიო ცხოვრების წყლები, რათა უფრო მეტი სიმართლის თევზი დაიჭირო.

* * *
ქართული იდეა ეროვნულ-სარწმუნოებრივი ხასიათის მსოფლმხედველობაა. იგი ცოდნისა და რწმენის მტკიცე ერთობაა, ამ ჰარმონიის განხორციელებადი (სი-კეთ-ის) იდეაა, არა ფსევდორაციონალური და ფსევდორელიგიური. ჭეშმარიტი ქართული ცნობიერებისათვის უცხოა უღმერთო, ურწმუნო ცოდნა ისევე, როგორც მისი უკუმგდებელი, ცოდნას მოკლებული რწმენა. ეს იყო კაცთათვის ყველა დროის უზენაესი იდეალი, რაც ყოველივე ღმერთის მიერ შექმნილის გამაღვთიურებელი და წმინდა სამებაში დამაბინავებელი წინაპირობაა.

* * *
როდესაც კაცი აცნობიერებს საკუთარ საზღვრულობას ამ უსაზღვრო სამყაროში, ამით ობიექტურია თავისი თავის, მოყვასის, სამყაროს, ჭეშმარიტების, თუ ყოველივეს შემოქმედი ღმერთისადმი. ხოლო როდესაც საკუთარ თავს აქცევს კოსმოსის უზენაეს ცენტრად და უსაზღვროებას დაიბრალებს, ამით მაცდური სიცრუის უფსკრულში იჩეხება, შორდება ჭეშმარიტებას და საკუთარ თავსაც ჰკარგავს, უსახურდება.

* * *
ცხოვრებისეული სირთულეები მტკივნეული და რთული გადასატანნი არიან, მაგრამ მაინც მიყვარან ისინი: დალხინებულ მდგომარეობაზე უკეთ და უფრო ღრმად განახებენ კაცთა სულში არსებულ სინამდვილეს.