თიბათვე, 2020 წელი

***
როდესაც ჩვენ ირგვლივ მყოფმა ადამიანებმაც კი შეიძლება ვერ გაგვიგონ, ან სხვანაირად გაგვიგონ (რაც შეიძლება ერთი და იგივე იყოს), მაშინ ერთადერთი, ვინც ნამდვილად შეუძლია გაგვიგოს და ვისაც შეგვიძლია დავეყრდნოთ, ეს ისევ და ისევ ჩვენი თავი და ღმერთია.

***
სიცოცხლე ქალივითაა მოწყობილი: ზოგჯერ მას ნაკლებად აინტერესებს მამაკაცური “მე მართალი ვარ” და უპირატესობას სიყვარულს ანიჭებს. ამიტომაა, რომ ადამის მოდგმის წინაპართა ცნობიერებაში შემთხვევით არ დაუკავშირდა ერთმანეთს პირველქალის სახელი და სიცოცხლის დამბადებელი შინაარსი.

***
პროგრესი, რომელიც განვითარებას არ ეფუძნება და განვითარებისკენკენ არაა მიმართული, დომინაციითა და თვითგანადგურებით სრულდება. სიბრძნემდე აყვანის მაგივრად ინფორმაციამდე დაყვანილმა ცოდნამ განმანათლებლობა ტრაგიკულ ისტორიულ პრეცედენტად აქცია.

***
წინ შორს ვერ წავალთ, თუკი მხოლოდ უკან ვიხედებით.

***
შესაძლოა, თქვენ არ გაინტერესებდეთ პოლიტიკა, მაგრამ იგი, ადრე თუ გვიან, ცუდად თუ კარგად, აუცილებლად დაინტერესდება თქვენით.

***
ჭეშმარიტების სრულად დანახვაზე პრეტენზიის განცხადება უკვე საეჭვოა.


ქრისტეშობისთვე, 2018

***
იქ, სადაც ადამიანი ადამიანს ადამიანად აღიქვამს, მეგობრობის საუფლოა. ხოლო იქ, სადაც ადამიანი ადამიანისთვის ადამიანის გარდა ყველაფერია, ბატონობის ტირანიას ვღებულობთ. მეგობრობისა და დომინაციის განზომილებები ერთმანეთისაგან არსობრივად განსხვავდებიან. პირველი კულტურულობის განსახიერებაა, მეორე კი-უკულტურობის.

***
ღმერთი სიკეთეში ავლენს საკუთარ თავს, სიკეთის რაობა კი კეთილი საქმის კეთებასა და შემოქმედებას ეფუძნება.

***
პიროვნულად ყველაზე რთული, მაგრამ ეროვნულად ყველაზე მომგებიანია ყოველგვარ პარტიკულარიზმზე მაღლა დგომა (გრიგოლ რობაქიძის “ზეჯგუფურობა”).

***
ვინც ეროვნულად აზროვნებს, საკუთარი ერის მეშვეობით საკაცობრიო დონეზეც აზროვნებს.