აპნისი, 2017 წელი

***
რაც უფრო მცირედმორწმუნე ხარ ადამიანი, მით უფრო ძლიერად გეჩვენება მსოფლიო მმართველები. და რაც უფრო ცოცხალი და მტკიცე ხარ რწმენაში, მით უფრო დიდი ორიენტირია ღვთისა და მოყვასის სიყვარული.

***

რამდენი ძვირფასი რამაა დაფარული და ჩაბნელებული ადამიანისათვის, თუკი იგი სიყვარულის თვალებით არ იყურება. ყოველი მსგავსი სიბნელე დაკარგული დროა. მარადისობა მზიურია. უკვდავება სიყვარულის მზიურობაა.

***

თითოეულ სიტყვაში მთელი სამყაროა ჩატეული. სამყარო კი ის ჭაა, რომელშიც საკუთარი თავის დანახვა შეიძლება.

***

ქრისტიანულ კალენდარში მთელი წლის განმავლობაში მომხდარი და მიმდინარე ქრისტიანული შინაარსის მოვლენები ერთ ორგანულ და ცოცხალ მთლიანობას შეადგენს.

***

წიგნი ქალივითაა: უხდება რუდუნებით გადაშლა, გულისყურით კითხვა და გაგება.

***

ადამიანს იმხელა გული უნდა ჰქონდეს, რომ მკერდში ვერ ეტეოდეს.

***

პოეზია მსახურებაცაა.

***

კერპთაყვანისმცემლობის ნებისმიერი ცხოვრებისეული გამოვლინება მუდამ სხვა და სხვის მსხვერპლს მოითხოვს. მხოლოდ სიყვარულია სიცოცხლე და მიმართულია ამ უკანასკნელის ზრდის, განვითარებისა და გამრავლებისაკენ.

***

მარხვა კულტურაა.

***

მადლიერება კულტურასთანაა პირდაპირკავშირში. ეს უკანასკნელი კი, ცივილიზაციის საფუძველია. უმადურობა არღვევს ერთსაც და მეორესაც.

***

ეგოცენტრულობას დამონებული კაცუნა ყველას და ყველაფერს სათავისოდ ირგებს მაშინ, როდესაც ხელმწიფური ბუნების პიროვნება იქით ემსახურება საერთო სიკეთესა და საზოგადოებრივ განვითარებას.