თიბათვე, 2011 წელი

* * *

თვითონ სიტყვა თავის-უფლების შინაარსი გვიჩვენებს, რომ იგი შიგნიდან გამომდინარეობს და ღმერთთანაა წილნაყარი.

* * *

სიყვარული დანახვაცაა.

* * *

ყოველთვის, როდესაც ქალი წარმავალი წუთისოფლისკენ მიგაქანებს, ნუ გაცდუნებს ამაოება-მუდამჟამს წარუვალი მარადისობა ირჩიე. ოდენ ასე თუ განკურნავ კვდომით დასნეულებულ ყოფიერებას და ამგვარად თუ უკვდავყოფ მას.

* * *
კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარი ზნეობრივი პრინციპიდან გამომდინარეობს. სულიერება კი სიყვარულში მდგომარეობს.

* * *

სული ოდენ გულის მეშვეობით თუ იკითხება.

* * *

თვალები სულის ფურცლებია, გული კი-მათი მკითხველი
* * *

სულიერება მუსიკას ჰგავს-ისიც მასავით თვალით უხილავია, მაგრამ გულისყურით იგრძნობა. სულიერ განზომილებაში ფიზიკური სამყარო და მისი საგნები ექვემდებარებიან მუსიკის შექმნას, დაბადებას და გამოიყენებიან ჰაერის “ლურჯ აბრეშუმად” გარდასაქმნელად.

ქრისტეშობისთვე, 2010 წელი

* * *

საქართველოს სულიერი მისია საქართველოს ეროვნული მისიაა.

* * *
მწერლობა უპირველესად აზროვნების შედეგი კი არაა, არამედ საგანთა და მოვლენათა არსის შეგრძნების, გათავისებისა და ცხოვრების გამოძახილს წარმოადგენს.

* * *
სულები ერთმანეთს ბაგეებზე ხვდებიან.

* * *
საყვარელი ქალი მამაკაცის ის უკიდეგანო ოკეანეა, რომელშიც იგი ბინავდება და თავისუფლად ცურავს.

* * *
გულს ხსნის სი-კეთ-ე…

* * *
ზოგიერთის კითხვაში უფრო მეტი სიბრძნე და სიღრმეა, ვიდრე უმრავლესობის პასუხში.

* * *
ნათქვამია, როცა გიყვარს ადამიანი, მაშინ ხედავ მის სულსო-ალბათ, ერისადმი მიმართებაშიც იგივე ითქმის.

* * *
ქალი და სიყვარული ჰგვანან ერთმანეთს: ორივე იდუმალების ბნელ ტყეში ჩამალული უზარმაზარი ვარდისფერი მთვარეა.

* * *

ლექსების წერა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ხარ სულით პოეტი.

* * *
სულის პოეზიას ოდენ გული ხედავს და ისმენს.

* * *

ბახის მუსიკა სავსედ მაშინ გესმის, როდესაც ცოცხალი ხარ. მერე რა, თუ გტკივა, ან გიხარია? მთავარია, რომ სიცოცხლითსავსე ხარ და თვითონ ხდები სიცოცხლე.

* * *

ადამიანთა უმრავლესობის ბევრ სიტყვაში არსებული სიცარიელე ბრძენს ნაკლები საუბრისაკენ მიმართავს.

* * *

გარდაცვალება ამრავლებს ნაცხოვრებს.

 

* * *

ადამიანის გულის ჭურჭელს მხოლოდ კეთილმოღვაწება ზრდის, ამწიფებს და ავსებს

ენკენისთვე, 2010 წელი

* * *

არ არსებობენ თავისთავად ცუდი და კარგი ერები, არსებობენ სიკეთისა და ბოროტების ეროვნული გამოვლინების ფორმები.

* * *

რაც უფრო სწავლობ გულისყურით მოსმენას, მით უფრო ხვდები, რომ ცოტამ თუ იცის საუბარი.

* * *

ადამიანს არ ეკადრება იდეოლოგია, იდეოლოგიები და მათი არტახებით შებოჭვა, რადგან კაცთა ღირსება თავისუფლებას იმსახურებს ოდენ.

* * *

სიყვარულში და სიყვარულით ყოველივე თავის პირვანდელ კანონზომიერ მდგომარეობას უბრუნდება-სიყვარული ხდება. შემთხვევითი არაა ჩვენი სიყვარულის საგნის სიყვარულად ქცევა, როდესაც იგი ჩვენშია და სიყვარულს ვუწოდებთ მას. მაშინ ღმერთები ვხდებით და ირგვლივაც ყველაფერი ღვთიურდება, სიყვარულდება.

* * *

იმისათვის, რომ სიმაღლეები დაიპყრო, ჯერ სიღრმეებს უნდა სწვდე.