ღვინობისთვე, 1998 წელი

* * *

მუდმივად სიკეთის ქმნა გოლგოთის გზაზე სიარულსაც მოითხოვს.

* * *

სიმართლეს თუ სიმყრალეს უწოდებენ, მაშინ რა უნდა იყოს სიცრუეზე უარესი?

* * *

მძიმეა დამარცხების შეცნობა, მაგრამ უფრო ამამაღლებელია, როცა მას დამშვიდებული სულით ეგებები. ეს კი საკუთრივ ერთგვარი გამარჯვებაა.

* * *

ზოგჯერ ფიქრმა შეიძლება უფრო დიდი სამსახური გაუწიოს კაცს, ვიდრე საქმემ.

* * *

ადამიანი, ეროვნული პრინციპები რომ გაატარო, მყინვარწვერივით მაღალი და თერგივით მოძრავი, შეუჩერებელი უნდა იყო.

* * *

ფარისევლობით ორმაგ ჯოჯოხეთს იმკვიდრებენ: ერთს აქ, წუთისოფელში და აქედან გამომდინარე, მეორეს-მუდმივ გეენიაში.

* * *

ჟამთადენაში ბუმბერაზები პირამიდებივით მაღლა დგანან.

* * *

ადამიანში არსებული სიკეთისა და ბოროტების თესლი მისივე გამოცდისთვისაა.

* * *

ბანალურ ადამიანობამდე ჩამოქვეითებული გენიოსი ჩვეულებრივ მოკვდავად ქცევის საშიშროების წინაშე იყენებს თავს.

* * *

დიდი ადამიანის ბუმბერაზობა გონებადაბნელებულებს კოლოსივით უნათებს გზას. ეს წარმოადგენს რჩეულთა ცხოვრებისეულ მისიას.

* * *

გენიალური ადამიანებისათვის გენიალური ნაწარმოებების ქმნა ცხოვრებისეულ ნორმას წარმოადგენს.

* * *

შემოქმედი მარტო აჩენს თავის ნაწარმოებს, მაგრამ ხელოვანის ნაშიერი ხალხის კუთვნილება ხდება.

* * *

საოცარია განგება, რომლისთვისაც გენიალური სულის ამ ქვეყნად მოვლინებას გეოგრაფიული და სოციალური შეზღუდვა არ გააჩნია.

* * *

მწერლისა და საერთოდ, ხელოვანის ცხოვრებისეული მისია ისაა, ირგვლივმყოფი გარემო უკეთ გაარკვიოს პირად არსში, რათა კაცობრიობას გაუმრავლდეს საკუთარი თავის შეცნობის შესაძლებლობა.

* * *

ეკლიანია გენიოსთა ხვედრი, რადგან მთელი ცხოვრება სამმაგ ტანჯვა-ვაებას განიცდიან: პასუხისმგებლობით აკვირდებიან უმართებულო გზით მავალ კაცობრიობას, ადამიანებს სიცოცხლის შარას უნათებენ და სრულყოფენ მათ სულს, ბოლოს კი ჯვარს ეცმიან, რათა ხელახლა აღდგნენ.

* * *

ერისათვის უმაღლესი სასჯელის ზომა მისი ისტორიული ასპარეზიდან გაქრობაა. კონსტანტინე გამსახურდიასი არ იყოს, ერის დეგრადაცია მაშინ იწყება, როცა იგი რაღაც თითო-ოროლა თვისებას ფანტასტიკურად ადიდებს, როცა პირველად რაცხს თავს სხვა ერებს შორის მიუხედავად იმისა, თუ როგორია იგი.

ყოველივე ეს უაზრო ამპარტავნებაში გადადის, რასაც არ მოაქვს სიკეთე. ვაი ეთქმის ასეთ ერს და მაშინ არსებობის შეწყვეტის ღირსიცაა იგი, თუკი არ მიხვდა და არ მოინანია თავისი ცოდვილი მდგომარეობა.

* * *

დიდ ადამიანებს თავიანთი სიდიადე შეუვალობაშიც ეტყობათ.

* * *

ხშირად ბუნება წარმართულ თემსა ჰგავს: ხან დედასავით მოგიალერსებს და ხან ლომივით მძვინვარებს.

* * *

სასურველია ადამიანის როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი ახალგაზრდობა, მაგრამ რადგანაც ხორციელი სიჭაბუკე სიცოცხლის ოდენ გარკვეულ და წარმავალ მონაკვეთს წარმოადგენს, უფრო მთავარი მაინც სულიერი ყვავილობა გამოდის.

ჯანმრთელი შინაგანი სამყარო ჯანსაღ სხეულზე უპირატესია. თუ ადამიანი ფიზიკურადაა ძლიერი, მაგრამ სულიერად ნაკლოვანი, მისგან ნაკლებ სიკეთეს მივიღებთ. მაგრამ თუ შევაბრუნებთ მოცემულ ვითარებას, შედეგად განუწყვეტელი წინსვლა გვექნება. სწორედ, რომ სულიერად განვითარებულ პიროვნებებისაგანაა შექმნილი ყველა ის ღირებულება, რომელიც დღესაც ასულდგმულებენ კაცობრიობის კულტურულ სიცოცხლეს.

* * *

ზოგჯერ ისეთი რამეც შეიძლება იწერებოდეს, რომ თუ ყოველ ასო-ბგერასაც კი არ ჩასვწდი, ვერ გაიაზრებ ნათქვამის სიდიადეს.

* * *

გენიოსი მაინც დედასა ჰგავს: მთელი თავისი ცხოვრება უკვდავ ქმნილებებს აჩენს.

* * *

უბედურებაა, როცა მამათა თაობა გმოძღვრავს და რჩევას იძლევა, მაგრამ საქმედ არ გარდაქმნის დარიგებებს. მომავალი თაობისათვის ამან შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს და დაუმახინჯოს მიზანსწრაფვა.

* * *

ადამიანის შინაგანი ცხოვრებისათვის დამღუპველია, როდესაც იგი მთელი სიცოცხლე იძენს, მაგრამ არ გასცემს. ამით იგი იხშობს უკვდავყოფის შესაძლებლობას.

* * *

თუ არა გამოსავლის ძიება, განა გაუბედურებულ ხალხს იმის განცხადება შველის, რასაც თავადაც კარგად ხედავს და გრძნობს?

* * *

რომელ ეპოქასაც არ უნდა ეკუთვნოდნენ, გენიოსი გენიოსს თავის თანამედროვედ მიიჩნევს და გრძნობს.

ენკენისთვე, 1998 წელი

* * *

უმეტეს წილად საინტერესო ის კი არ არის, რაც უკვე ამოხსნილია და ცნობილი, არამედ ის, რაც ჯერ კიდევ ჩაუწვდომელია.

* * *

ყოველივე ცალმხრივი, არასრულყოფილი სიცარიელის მშობელია და სიცარიელე კი უსაფუძვლოა, არამდგრადი.

* * *

ნიჭის უფანტაზიო მდინარება სულიერ სიღატაკეზე, ან მის დაღლაზე მიანიშნებს.

* * *

მოწიწებით ვიხრი ქედს იმ მესიტყვეთა წინაშე, ვინაც უდიდესი ამაგი დასდო ხალხური ზეპირსიტყვიერების გამდიდრებას, მაგრამ ვინაობის გარეშე გაქრნენ ადამიანთა მეხსიერებიდან.


* * *

ბრძენს თავმდაბლობა და ცხოვრების სისადავე შვენის.

* * *

ყოველ დღე იმ აზრით უნდა დგებოდე, რომ წინ ბევრი საკეთებელი (სი-კეთ-ე) გელოდება, ხოლო ყოველ ღამით, დიდი ილია მართლის არ იყოს, თავს ეკითხებოდე:

“აბა, დღეს მე ვის რა ვარგე”

* * *

ამა თუ იმ ნაწარმოების საუკეთესო კრიტიკა მისივე გააზრებული წაკითხვაა.

* * *

ხელოვანის უკვდავებას მის შედევრებში არსებული დედააზრის წუთისოფლისადმი შეგუება კი არა, თვითონ ცხოვრების მარადიული შემოქმედებისადმი დაყოლა განაპირობებს.

* * *

სიმართლე ისევე, როგორც სამართლიანობა, მათთვისაა უსიამოვნო, ვინც ოდენ საკუთარი სურვილების განხორციელებას მიელტვის. ზნეობრივი ადამიანი ძნელია დაეთანხმო იმას, თითქოს მიზანი ამართლებდეს საშუალებას, რადგანაც მხოლოდ საშუალებაა მიზნის საფუძველი. ასევე, კაცობრიობის თავგადასავალი ისეთ შემთხვევებსაც იცნობს, როდესაც მიზანი და საშუალება ერთმანეთსაც იყო დაპირისპირებული.

* * *

ხელოვანის ნაწარმოებები ნიღაბსაც წარმოადგენენ და ნამდვილ სახესაც.

* * *

ჩვეულებრივმა მოკვდავებმა იშვიათად თუ უწყიან, რაოდენ დიდი ბავშვია გენიოსი. მის სულსა და გულს შეუბღალავი მიამიტობა ჰკვებავს. ამადაც, ეს ბუმბერაზები ისევე მოგვაგონებენ ხანშიშესული ადამიანის სიბრძნის მატარებელ ბავშვებს, როგორც ბალღური სილაღით გულმოცემულ ბერიკაცებს.
* * *

ბევრი რამე შეიძლება ახდენდეს ჩვენზე გავლენას, მაგრამ მხოლოდ ერთადერთმა რამემ შეგვცვალოს.

* * *

ცხოვრებისეული წინააღმდეგობები გამოსაცდელებია წუთისოფელში.

* * *

ძნელია ჩვეულებრივი ადამიანი მისწვდეს იმას, რასაც ბუმბერაზები მთელი თავისი ცხოვრება მიელტვიან, ავითარებენ და სრულყოფენ.

* * *

ტრაგედიაა, როცა ადამიანს ინტელიგენტი ჰქვია, სინამდვილეში კი საპირისპიროს სჩადის. აქ ინტელიგენტობა არაფერ შუაშია-იგი მხოლოდ ნიღაბია.

* * *

გამაღალფარდოვნების მიზნით ხშირად ადამიანები საკუთარ ცხოვრებას ირთულებენ; და ეს მაშინ, როცა საბოლოოდ სისადავის მონატრებულნი ხდებიან.

* * *

იდეის გარეშე შექმნილი საქმე უსაფუძვლო და ლიბოდათხრილ კოშკს მიაგავს.

* * *

მარადიულობის მკვიდრთათვის წლოვანებას ნაკლები მნიშვნელობა გააჩნია, რადგან დაბადებიდანვე მოსდგამთ სიდიადის ნიჭი.

* * *

ჭეშმარიტი ბედნიერება ჭეშმარიტებისკენ მუდმივ სვლაში მდგომარეობს, რომლამდე მისვლაც ეკლიან გზაზე გადის.

* * *

გენიოსების შემოქმედება საკუთარი ორიგინალურობით  გადამუშავებულ განსხვავებულ აზროვნებათა კონას უფრო წარმოადგენს.

* * *

დღეს ბალზაკი და გოგოლი ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ, არა მგონია “შაგრენის ტყავზე”, “რევიზორზე” და “მკვდარ სულებზე” ნაკლები სატირული ნაწარმოებების შექმნა გაძნელებოდათ.

* * *

ერი, სადაც ყველას მეფობა სწადია, გოგსა და მაგოგს ემსგავსება.

მკათათვისა, 1998 წელი

* * *

ბნელი, დემონური და სისხლმისმსმელი ეპოქის წინააღმდეგ ჩადენილ გმირობას მისი უშველებელი მორევიდან შეუბღალავი სახელით ამოსვლა წარმოადგენს.

* * *

ნაწარმოებს, რომელიც  ვერ სცილდება თავისი დროის საზღვრებს, დიდი ხნის  სიცოცხლე არ უწერია.

* * *

ყოველი დიდი პიროვნება ამ ქვეყნად ან სატანური ცუდმედიდურობის, ან კიდევ ღვთაებრივი ბრწყინვალების მატარებელია.

* * *

გარეგნულ იერ-სახეს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, თუკი მას შინაგანი მშვენიერება და ბრწყინვალება არ შეეწყო.

* * *

როცა ძლიერი ერი იმორჩილებს ერთ დროს დიდი კულტურისა და სახელის მქონე, მაგრამ თანამედროვეობაში დასუსტებულ ერს, იგი თავის ჰეგემონიას ვერ განახორციელებს, უკეთუ თვითონ არაა ცხოვრების სხვა და სხვა სფეროში რაიმე ღირებულების მქონე.

* * *

სწორედ, ქვეყნის ოთხივე მხარის სულიერ მიღწევათა შერწყმის შედეგია უდიდესი ქმნილებანი კაცობრიობის ისტორიაში.

* * *

ადამიანის მტერი თავგზააბნეულობაა, ვინაიდან ჭეშმარიტებისკენ სავალ გზას სცილდება იგი.

* * *

ხშირად გარეგან სილამაზეს შინაგანი მშვენიერება დაუჩაგრავს, რაც კატასტროფად უბრუნდება ადამიანის შინაგან ყოფიერებას. ასეთებს დრო მალე წარხვეტავს. ესაა ადამიანთა ის კატეგორია, რომელნიც არ იღვწიან მნიშვნელოვანი ღირებულების შესაქმნელად, რომელიც უზრუნველყოფს კიდეც ყველაზე მთავარს-მარადიულ სახელს. უვიცობა და საშინელებაა ამგვარი ცხოვრება.

* * *

გააჩნია, როგორ დიდკაცობას აღწევს ადამიანი.

* * *

სასურველია, საქმე ისე წარიმართოს, რომ ბოლოს სანანებელი არ გახდეს.

* * *

გენიოსები დიდ საქმეთ იმდენად იოლად ერევიან, რომ ჩვეულებრივ ადამიანს ხშირად ამის წარმოდგენაც კი არ ძალუძს. გენიალურ ჩვეულებრიობას შეჩვეულს შედეგად უჭირს გაერკვეს ბანალური ყოფიერების ნიუანსებში, რადგანაც ისინი დიდკაცისათვის ძნელად მოსახელთებელნი ხდებიან.

* * *

როცა ახლადშექმნილი შედევრის აზრი, იდეა გადასწორებისთანავე მოსწყდება ორიგინალობის წიაღს, არაბუნებრივი ხდება ჭეშმარიტი მკითხველისათვის, ხოლო არადამაკმაყოფილებელი-ავტორისათვის.

* * *

პირველსაწყისს-ეს კაცობრიობის დასაბამი იქნება, თუ პირველადი დიდი ცივილიზაციები-მუდამჟამს უზარმაზარი ზეგავლენა მოუხდენია გენიოსებზე. ადამიანის სულიერი და გონიერი განვითარების ეს მნიშვნელოვანი დედაბოძი იმდენად საგრძნობია მათი შემოქმედების უსასრულო სამყაროში, რომ იქ მოხვედრისთანავე დიდი, თუ პატარა აღტაცებული ხდება და ერთგვარ ნირვანას ეძლევა კიდეც.

* * *

ასეა მუდამ: თუ რაიმე ღირსსახსოვარი შეჰქმენი სიყმაწვილეში, სიბერის ჟამს მისთვის თვალის გადავლება წარსულისადმი მონატრებას აღძრავს.

* * *

ხელოვანი ის მსახიობი და ფსიქოლოგია, რომელსაც შეუძლია სხვა ადამიანის ბუნებას ჩასწვდეს და გაითავისოს. ამაში მას უზარმაზარი ფანტაზიაც უწყობს ხელს.

* * *

გენიოსი მუდამ ითხოვს ძალას ღვთისგან, რათა საკუთარი სულის სასწორზე მოძალებული დემონიურობა ზეციური სიწმინდით გადასწონოს. საწინააღმდეგო შემთხვევაში, თავის უხილავ, მაგრამ შეგრძნებად სულს იგი ჯოჯოხეთად ლანდავს.

* * *

საქართველო ღმერთის მიერ შექმნილი სამოთხეა, ხოლო მისი მოსახლეობა კი უძველესი დროიდანაა ამ ედემის ადამიც, ევაც და მისი მცველი ქერუბიმიც, თავისი ელვარე ხმლით ხელში.

* * *

ის ადამიანი, რომელიც თანამედროვეობას გაუსწრებს, ვეღარ დაეტევა მოცემული დროის არტახებში. მისი სული ერთგვარ მოუსვენრობას განიცდის და ცდილობს მარადიული თავშესაფრის პოვნას. იგი მუდამჟამს სულიერი სავანის მაძიებელი ხდება და შეძლებისამებრ არაფერს იშურებს ჭეშმარიტების საუფლოსკენ გზის გასაკვლევად.

* * *

დასაწყისში “სუსტი” შემოქმედისათვის მის ნაწარმოებებისადმი კრიტიკული დამოკიდებულებაა ერთადერთი უებარი საშუალება, რათა მან შეამჩნიოს თავისი შეცდომები და მათზე დაყრდნობით დაადგეს დახვეწის გზას. მისთვის ქება დამღუპველია, რადგან საბოლოოდ ასეთი შემოქმედისაგან შეიძლება მივიღოთ ყოველივე საკუთარის გამზვიადებელი კლოუნი. მხოლოდ კრიტიკის ქარცეცხლში გამობრძმედილი ხელოვანი აღწევს მწვერვალებს.

მირკანი, 1998 წელი

* * *

საღვთო წერილი არის იმის მტკიცებულება, რომ ადამიანს ძალუძს დაკარგული ღმერთობის დაბრუნება და განმღრთობის გზის თავიდან გაკვლევა.

* * *

გამოუყენებელი ცოდნა სიმდიდრით სავსე სკივრსა ჰგავს, რომელიც გამოკეტილია და ამ უბედურებით აღსავსე წუთისოფლის უძირო ზღვაშია ჩაფლული.

* * *

“ვეფხისტყაოსანი” ერთგვარი სრულყოფილი და მრავლისმთქმელი იგავია, რომელიც სახისმეტყველურად უნდა ასრულდეს ცხოვრებაში და ამ პროცესის დაწყება მტკივნეულად მოხდა კიდეც. როგორც ძველ და ახალ აღთქმათა წინასწარმეტყველებანი ადასტურებენ, რომ ამ გზის დასრულებამდე ერთი ნაბიჯიღა დაგვრჩა. გვწყალობდეს და გვფარავდეს ღმერთი.

* * *

ხელოვნების ნიმუში უკვდავია, თუ მარადიულ კანონებთანაა წილნაყარი.

* * *

რაც უფრო უცნაური და ამოუცნობია დიდი ადამიანი, მით უფრო მეტი ამოსაცნობი რჩება შთამომავლობას. იგი ჰგავს უდიდეს მდინარეს, რომლის მძლავრ ნაკადს სათავისკენ აუყვებიან და შესართავისაკენ დაუყვებიან საწყისის, ან დასასრულის საძიებელ გემებზე ამოსული წუთისოფლის მგზავრები.

* * *

წმინდანობა და სულიერი სიმაღლე იზომება მარადისობითა და წამებით.

* * *

გენიოსთა ცხოვრება წუთისოფელში ტრაგიკულია.

* * *

აკაკის ლექსთა კრებული პოეზიის ენციკლოპედიაა, რადგანაც მისი ყოველი ნაწარმოებიც ნაწილიც კი სრუულყოფილებას წარმოადგენს.

* * *

ჭეშმარიტად კარგი ამ ქვეყნად ადამიანისათვის ისევე საჭიროა, როგორც ჰაერი, წყალი, ან საკვები.

* * *

ბნელ ძალებთან დაკავშირებულ გრძნობებით შექმნილ ნაწარმოებში მაშინვე იგრძნობა, თუ ვის, ან რის სადიდებლადაა იგი შეთხზული.

* * *

სულის უნივერსალური მშვენიერება იგივე ჭეშმარიტებაა.

* * *

თუ სულ-გული ძლიერია, სუფთა და ამაღლებული, მაშინ სამოთხის დამკვიდრებამდე საქმე დარჩა.

* * *

თავისუფლება ყოველთვის მრავლისმთქმელია.

* * *

ამომავალ და ჩამავალ მზეს ემსგავსება ადამიანთა ცხოვრება წუთისოფლად; ღირსეული ადამიანების მიერ განვლილი გზა კი უკვდავების მარადიული ბრწყინვალებაა.

ქრისტეშობისთვე, 2009

* * *
ერთგულება უძვირფასესი განძია, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ადამიანის სიყვარულს..

* * *
პოეზია / პოიეზისი გულის სუნთქვაა.

* * *
პოეზია გულის სიცოცხლის გამოვლენის საუკეთესო სახეა.

* * *
გენიალურობა ჩვეულებრივი რამეა. უბრალოდ, საამისოდ გენიოსი უნდა იყო.

* * *
კაცობრიობას პოეზია გადაარჩენს, მაგრამ ვისაც პოეზია მხოლოდ ლექსების წერა ჰგონია, მან არ იცის, თუ რა არის იგი.

* * *
უმშვენიერესია წმინდანი ბუმბერაზების მიერ დაუწერელი პოეზია; მათი წაკითხვა ოდენ გულით თუა შესაძლებელი.

* * *
ყველაზე დიდი მეომრები მშვიდობის რაინდები არიან.

* * *
ხელოვნება ისაა, რაც მოიცავს არა ოდენ ადამიანის თითოეულ გრძნობას, ან თუნდაც მათ ერთობლიობას, არამედ სცილდება კიდეც მათ ფარგლებს.

* * *
ცხოვრების აზრს ის ამშვენიერებს, რომ არ არსებობს იდეალური ადამიანი-სრულყოფილება მზარდი და უსასრულო დინამიურობაა და არა სტატიური კონდიცია.

* * *
არიან ლამაზი სახეები და არიან შინაარსიანი გამოხედვის მქონე ადამიანები.

* * *
დასავლური ცნობიერება ფილოსოფიურია, აღმოსავლური-პოეტური. კავკასიაში ხდებოდა მათი ყოველდღიურ ცხოვრების წესად გადაქცეული ქორწილი.

* * *
ფილოსოფია გონების წვრთნაა, მისი ერთ-ერთი განმანათლებელი საშუალება.

* * *
პოეზია მარადისობაში, უკვდავებაში, სიცოცხლისა და სიცოცხლეში მოძრაობაა.

* * *
ფილოსოფიის ყველაზე დიდი პრობლემა ხდება ის, როცა მას პოეზია აკლდება.

* * *
ნიუტონის ოპტიკა + მუსიკალურ ნოტათა მწკრივი = კანდინსკის ფერადი სიმფონიები

* * *
მარტოსული ის ადამიანია, ვისაც საკუთარი თავი აქვს დაკარგული.

* * *
ფილოსოფია წონასწორობაა, პოეზია კი ამაზე მეტი-როკვა.

* * *
სიყვარულში სიბრძნე და ცოდნა ერთია.

* * *
ნუთუ ბევრი რამის ცოდნაა საჭირო იმისათვის, რომ ჭეშმარიტების ცოტაოდენ ნაწილს მაინც მივხვდეთ?

* * *
ხელოვნება უკვდავებაში ვარჯიშია

იგრიკა, 2009

* * *
ნეტარ იმას, ვისთვისაც სიცოცხლეც და გარდაცვალებაც ღირსების განმამტკიცებელია.

* * *
განათლებული და ნაკითხი ერთმანეთისაგან იმითაც განსხვავდება, რომ ეს უკანასკნელი კარიკატურული ცოდნის მფლობელია მაშინ, როცა პირველი ცხოვრობს და ახორციელებს ცოდნას.

ნაკითხი ადამიანი ცხოვრების ჩუქურთმაა ოდენ, განათლებული კი თვითონაა არსებობის შინაარსის გამამზიანებელი.

* * *
ზოგიერთი ცხოვრების წყლებში უმისამართოდ ტივტივებს. ზოგი ცურვის დასაწყებად არც დაძრულა ადგილიდან. ზოგმა კი საკუთარი თავი მეორე ნაპირზე გადასვლამდე კარგად გაწვრთნა, მიზანიც კარგად განჭვრიტა და მისი ცურვა თვითონ გადაიქცა მზიანი ნების ძალუმობად. პოიეზისი სიცოცხლის საუკეთესო სახეა.

* * *
ბუნებით ზეციური მიწათმოქმედი უნდა იყო, რომ უბრალო მოვლენისა და საგნისაგაც კი უკვდავება მიიღო ნაყოფად.

* * *
სწავლა რისთვის? იმისათვის, რომ სნეულ ცნობიერებაზე დამყარებული სისტემის ნაწილი გახდე, თუ იმისათვის, რომ განათლდე და ბედნიერებას ეწიო, ხოლო შენი ბედნიერებით სხვასაც არგო?

* * *
ქრისტე ყველა დროის უდიდესი მინდია და ალქიმიკოსი-ღმერთია: მან თავისი ცხოვრებით, ჯვარცმითა და აღდგომით სიკვდილიც კი სიცოცხლედ აქცია.

* * *
ვინც ოდენ ლამაზია, წლებთან ერთად ყვავილივით დაჭკნება. მხოლოდ და მხოლოდ მშვენიერი ლამაზდება კიდევ უფრო სიბერეში.

* * *
სრულყოფილება იმ მთასა ჰგავს, რომელსაც მწვერვალი არ გააჩნია.

* * *
კაცი უპირველესად მუხა უნდა იყო და არა ბამბა.

* * *
სულიერად კეთილშობილი ადამიანის დუმილიც კი პოეზიაა.

* * *
თავაზიანობა ბოდიშს იხდის, კეთილშობილება კი-მადლობას.

* * *
შენზე მაღალი ღირსების ადამიანის დუმილს რომ გაუგო, შესაბამისად უნდა გაიზარდო ჯერ.

* * *
ჩვენი სულის სიღრმეში არსებული მუსიკა ყველაზე დიდი მუსიკაა და მას დუმილით თუ ჩასწვდები-შესწვდები.

* * *
ერთია დაკვირვება, გათავისება-მეორე.

* * *
სიცრუე არღვევს სამყაროულ წესრიგს და ძალადობას განაპირობებს.

* * *
გულისხმიერი ადამიანისათვის ქალის ბუნება მამაკაცური რაობის ისეთივე მზრდელია, როგორიც ეს უკანასკნელია იგივე შინაარსის მატარებელი ქალურობისათვის.

* * *
კაცობრიობა სამოთხეში ჯოჯოხეთის გავლით ბრუნდება.

* * *
დუმილის ჭურჭელი ივსება სიმშვიდით.

* * *
კაცობრიობის ანტიკური ხანის ცნობიერება-ანტიკური ალქიმია.

* * *
უკვდავი ნაწარმოები იმითაც ჰგავს მარადისობას, რომ ერთჯერ მაინც მოჰყავს მოძრაობაში ნებისმიერი ადამიანის გული.

* * *
პოიეზისის სიდიდე მოქმედებაში მოყვანილი და განხორციელებადი ფილოსოფიის სიდიდის პირდაპირპროპორციულია.

* * *
კაცობრიობა ჯერ-ჯერობით არ დგას სულიერი განვითარების იმ ხარისხზე, რომ პოეზიის სინამდვილე ირჩიოს და ამჯობინოს ჩვენში და ჩვენს ირგვლივ არსებულ კვდომით სნეულ არსებობას.

* * *
ყველა ადამიანი გენიოსია. უბრალოდ, ყველას არ ჰყოფნის გენიალობა საკუთარი გენიალობის აღმოსაჩენად.

* * *
უბრალოდ ოდენ ისინი საუბრობენ, ვინც ღრმად ჩასწვდა საგანს.

* * *
ნაკითხი იყურება, განათლებული-ხედავს. მზე-რა განათლებული ადამიანის ხედვაა.

* * *
თავის-უფალი სხვაზე არ ბატონობს.

* * *
ვიღაც “სნობი-ერებას” ირჩევს, ვიღაც კი-ბედნიერებას.

* * *
მით უფრო დიდია შემოქმედება, რაც უფრო ღრმაა თვითშემეცნება.

* * *
სი-კეთ-ე უსამართლობითა და ძალადობით სნეული წუთისოფლის დინების საწინააღმდეგოდ ცურვაა. ნეტარია ამ ცურვაში გამობრძმედილი სულის სხეული.

* * *
სიყვარულს არ სძულს. ის, რაც სიძულვილს იწვევს, სიყვარული არ არის, ხოლო ის, რაც სიყვარული არაა, არანაირი ღირებულება არ გააჩნია.

* * *
განათლებული ღვთის მიერ გახსნილ კარში შედის, გაუნათლებელი კი-ჩიხში.

პ.ს. ბევრის კითხვა განათლებას არ ნიშნავს.

* * *
პავლე მოციქულის ხმალი მშვიდობის, სიმამაცის, სიბრძნის, სამართლიანობისა და სიკეთის სიწმინდეა.

* * *
ინდოევროპელების მოსვლა დასავლეთში იგივე შედეგების მომტანი იყო, როგორიც ბარბაროსებისა რომის იმპერიაში, სადაც ამ უკანასკნელის ნანგრევებზე ქმნიდნენ თავიანთ სამეფოებს.

მკათათვისა. 2001

* * *
ენის სიღრმეებში ჩაწვდომა ხელოვანს ქმნის ადამიანს.

* * *
ყველაზე დიდი ვაჟკაცობა ამ ქვეყნად საკუთარი თავის შეცნობას, მოყვასის სიყვარულსა და სიკეთის ქმნას სჭირდება.

* * *
ღმერთის გამომრიცხავი ვერასოდეს ჩაწვდება ერის რაობას და მისი თითოეული განმარტება-შეხედულება ამ საკითხზე მუდამჟამს მცდარი იქნება.

* * *
შურის ხედვის ისარი მოკლეა.

* * *
მძინარე სულს შთანთქავს წუთისოფელი-მტერმა ჩაიგდოს ხელთ ღვთის საბოძვარი ნიშნავს, უფლის რისხვა დაგატყდეს თავს, რადგან ადამიანს ისე არაფერი ეძლევა.

* * *
სიკვდილი ჟამიერებაში უჟამობაში ცხოვრების საწინდარია.

* * *
ახალი აღთქმა ძველი აღთქმისა და განხორციელებული ღვთიური იმპულსის სინთეზია.

* * *
თითოეული ადამიანის სიცოცხლე თვით წუთისოფელზე, ამაოებაზე დიდია. ამის ვერგააზრებას შედეგად მოყვასის გაუფასურება მოსდევს კაცის თვალში.

* * *
ხსნა არა ამაოების ლაბირინთების ბოლომდე გავლაში მდგომარეობას, არამედ-სხეულებრივი დილეგიდან სულის თავდახსნაში.

* * *
რამდენადაც ყოვლადდიდებულია ღმერთი, იმდენად უდიდესი მისტერია იყო ძე ღვთისას განკაცება ამ ქვეყნად.

* * *
უნივერსალურ ჭეშმარიტებას მშვენიერება განაპირობებს და არა-სილამაზე.

* * *
წუთისოფლის რაობა ადამიანის პიროვნული ტრაგიზმის განმაპირობებელი გარეფაქტორია, რამეთუ ამაოების მატერიალისტური, სხეულებრივი აგებულება საზღვრულს ხდის, ბოჭავს სულიერ უსაზღვროებას.

* * *
ჭეშმარიტების ჭვრეტა საფუძველია მისი შეგრძნებისა და მასში განვრცობის.

* * *
სხეულის გალაღებით ჭეშმარიტ ბედნიერებას მაინც ვერ ვაღწევთ, რადგან სული მას ეწირება, კვდება.

სულზე ზრუნვა კი იურვებს სხეულს და შედეგი სამარადისო შვებაა, ნეტარება.

აირჩიე, ადამიანო.

* * *
ენა იდეალურად გამოსახავს თავისი ერის სულსა და მატიანეს.

* * *
ზედმეტი ლაპარაკი დროს ჰპარავს ადამიანს ჭეშმარიტების მოღვაწებისათვის.

* * *
ცალკერძი სილამაზე ამაოების გამოვლინებაა.

* * *
ხსნა ჭეშმარიტ ღმერთთან მიახლოების ნიადაგზე საკუთარი თავის შეცნობაშია.

* * *
საწყისისა და ბოლოს არსებობა ურთიერთმიზეზშედეგობრივია.

* * *
“არ არის ღმერთი” უფრო მასზე გულგაბოროტებულის ამონათქვამია, ვიდრე მისი არსებობის გამომრიცხველის.

* * *
კურთხეულია ღვთის ნების ამსრულებელი და მიმყოლი.

* * *
თუკი საკუთარ თავში ვერ იპოვი სიმშვიდეს, სამყაროც კი ვერ დაგიტევს.

* * *
არცერთი იმპერია არ ღირს თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლის ფასად.

* * *
დამპყრობელი ვერ იქნება ხელმწიფე.

* * *
ვისაც სხვისი ერის სიკეთე სურს, საკუთარის აყვავებით უნდა დაიწყოს.

* * *
გენიოსი, შეიცნობს რა საკუთარ თავს, შეიცნობს სამყაროს.

* * *
მთავარია იმ მიზეზთა უარყოფა, რომელნიც ჩვენი სულის სიკვდილს განაპირობებენ და არა-თვითმკვლელობა, რამეთუ სხეული ისედაც მოკვდინებადია.

ნეტარია იგი, ვინაც სხეული დაიურვა სულის ცხოველმყოფელობისა და ლაჟვარდოვან უკვდავებაში დამკვიდრებისათვის.

ჩვენში ცხოვრობს ფენიქსი. ამად, ვკვდებით, რათა ხელახლა დავიბადოთ; ვჭკნებით, რათა სამარადისოდ ავყვავილდეთ.

ასეთი მისტერიაა ადამიანი…

* * *
შეიძლება დილეგში იჯდე და ყველაზე თავისუფალი იყო; მაგრამ შეიძლება თავისუფლებაში მყოფიც ტყვეობაში იმყოფებოდე.

* * *
ვინც წარსულს უარჰყოფს, იგი ვერც მომავალს შექმნის.

* * *
კონკრეტულობამდე ადამიანი ზოგადია.

* * *
სადაც სამართლის მოსმენა არ უყვართ, იქ სიცრუე იკიდებს ფეხს.

* * *
საკუთარი მომავლის შეცნობის სურვილით დაავადმყოფებული ცრუმორწმუნე წიგნის ისეთ მკითხველსა ჰგავს, რომელიც მუდამ წინდაწინ ცდილობს ნაწარმოების შინაარსის გაგებას, მაგრამ არაფერი რჩება ხელთ საბოლოოდ.

* * *
უკვდავების სურნელს აფრქვევს
მშობლიური მიწა,
ვინაც მასში ფესვი გადგა,
დრომ ვერ დაამიწა.

* * *
გინახავთ განრისხებული სიკეთე? უსაშინელესია. მარტო ამის წარმოდგენა შეგზარავს.

* * *
პოეტი მაშინ რჩება პოეტად, როცა მთელს თავის ცხოვრებას, თვით ყოველ ამოსუნთქვასაც კი პოეზიად აქცევს; ასე იქმნებიან უდიდესნი. პოეზიის სამყაროა მათი სამკვიდრებელი. ეს კი უკიდეგანო სივრცეა.

* * *
ნეტარია ადამიანი, რომელსაც მიწისა და მოყვასის სიყვარული აატირებს. ეს სიმდიდრეა, რასაც გაფრთხილება სჭირდება.

* * *
ქალი მეგობარი უნდა იყოს და არა მხევალი, ან ბატონი. ამ ურთიერთობაში თანასწორობის დარღვევა ტრაგედიის მიზეზი ხდება ხშირად.

* * *
პლატონური სიყვარული ჭვრეტითი ხასიათისაა და ამიტომაა ეს კატეგორია აღმატებული ხორციელ ლტოლვაზე, რომელიც პირველისაგან განსხვავებით, იმთავითვე საზღვრულია.

* * *
ხომ სამი სიტყვაა-მე შენ მიყვარხარ, მაგრამ არაფერია მათზე უფრო ძნელად ამოსათქმელი მაშინ, როცა ტრფიალის ცეცხლით ვიწვით.

* * *
ნეტარია ერთი, რომელიც ათასებისათვის იბადება.